Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 11 ივლისი, 2011

  • ნიკო ნერგაძე

დღევანდელ ქართულ გაზეთებში ყველაზე მეტს ორ თემაზე წაიკითხავთ - ეკლესიისა და მთავრობის დაპირისპირებასა და დაკავებულ ფოტორეპორტიორებზე. ჩვენ დავიწყებთ ”ქრონიკით”, რომელიც დღეს აქვეყნებს ერთ-ერთი დაკავებული ფოტოგრაფის, გიორგი აბდალაძის წერილს. მას მოჰყავს საკუთარი ვერსია იმისა, თუ რატომ დაიჭირეს - ”26 მაისს ჩვენ გადავიღეთ ფოტოები, რომელშიც კარგად ჩანდა, როგორ გაუსწორდნენ საკუთარ მოსახლეობას. ყველაზე კარგი კადრები ირაკლი გედენიძეს ჰქონდა... მოკლედ, ირაკლისა და ჩვენმა ფოტოებმა მოიარა მთელი მსოფლიო და იმ ქვეყნების ჟურნალ-გაზეთები, სადაც სააკაშვილს დიდ დემოკრატად მოაქვს თავი”, - წერს გიორგი აბდალაძე და ამატებს: "სააკაშვილმა ირაკლის არ აპატია, ამ დარბევის ფოტოები საერთაშორისო პრესაში რომ გაავრცელა. არ გვაპატია ჩვენც, დემოკრატიულ ქვეყნებში თავი რომ მოვჭერით. უბრალოდ, ვერ შეეხნენ "როიტერისა" და "ფრანს პრესის" ფოტორეპორტიორებს, რადგან ამ სააგენტოებს საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობები აქვთ და მათი დაკავება საერთაშორისო სკანდალს გამოიწვევდაო.” გიორგი აბდალაძე იმასაც ხსნის, თუ რატომ დააკავეს მაინცდამაინც ეს ფოტოგრაფები - ”სააკაშვილმა გადაწყვიტა ჩვენ სამაგალითოდ დავესაჯეთ და ამით ფოტორეპორტიორებისთვის, რომლებიც საქართველოში მოვლენებს აშუქებენ, მაგალითი მიეცათ. იმ ფოტორეპორტიორებს, ვინც ეს კადრები მხოლოდ ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებში გამოაქვეყნა, არავინ შეხებია. სხვა დროს, თუ სააკაშვილი ასეთ რამეს გააკეთებს, დამერწმუნეთ, სკანდალური ფოტოების გადაღებას ვერავინ გარისკავს.”

რაც შეეხება თავად კანონის იმ მუხლს, რომლის მიხედვითაც დააკავეს ფოტოგრაფები... ”მთელი კვირა” აქვეყნებს ინტერვიუს საკუთარ რედაქტორ ლაშა ტუღუშთან, რომელიც ამბობს, 314-ე მუხლი ესაა ნაღმი, რომელიც ამოქმედდება მაშინ, როდესაც ვინმე მექანიზმს ჩართავსო”. ის თავის სიტყვებს ასე ასაბუთებს: ”სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლი არის ძალიან ბუნდოვანი, ამ მუხლით შეუძლიათ გაასამართლონ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს უცხოურ ორგანიზაციასთან ურთიერთობა და არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის სპეცსამსახურები, დაზვერვა თუ მედიაორგანიზაცია. ინფორმაცია, რომლებიც გადაეცემა უცხოურ ორგანიზაციას, შეიძლება მიჩნეულ იქნეს ჯაშუშურ საქმიანობად. ეს იმას ნიშნავს, რომ მეცნიერი, რომელიც წერს ეკონომიკურ საკითხებზე, შეაგროვა ლეგალური მასალა და გამოუვიდა კრიტიკული პუბლიკაცია და, მავანთა აზრით, ეს პუბლიკაცია ქვეყნის ინტერესების საზიანოა, აღმოჩნდება ციხეშიო”.

რაც შეეხება ეკლესიისა და მთავრობის ურთიერთობას, ამის შესახებ განსაკუთრებულად ბევრს დღეს ”კვირის პალიტრაში“ წაიკითხავთ, თუმცა არც სხვა გაზეთებში წერია ცოტა. გაზეთს ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა უთხრა: ამგვარი კანონის აუცილებლობა მართლაც არის. ფაქტია, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა შემუშავებაში მართლმადიდებელი ეკლესიაც მონაწილეობდა და, როგორც პატრიარქის განცხადებიდანაც ჩანს, ასეთი სამართლებრივი ნორმის მომხრეც იყო. ამასთან, ეკლესიას სჭირდებოდა გარანტია, რომ სამართლებრივი ცვლილებები არ მიებმებოდა ქონებრივ პრობლემებს ან, თუ მიებმებოდა, საკითხი სამართლიანად იქნებოდა დასმულიო. ზაზა ფირალიშვილი განაგრძობს: სამწუხაროდ, მათ, ვინც ასე დაჩქარებულად მიიღო ცვლილებები, ეს არ გაითვალისწინეს. მეტიც, როგორც ყველაფრიდან ჩანს, არც მიიჩნიეს საჭიროდ, გახსენებოდათ, რომ რელიგიური ცხოვრება უფაქიზესი სფეროა, უფრო ფაქიზი, ვიდრე პოლიტიკური ან ეკონომიკური სფეროები და რომ კონსენსუსის მაქსიმუმის გარეშე მასთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმების მიღება არ შეიძლება. მით უმეტეს, როდესაც ამ ცვლილებებს ახორციელებს ის ხელისუფლება, რომლის წარმომადგენლებიც არაერთხელ არიან შემჩნეული, რბილად რომ ვთქვათ, ეკლესიის მიმართ გულგრილობაშიო.
XS
SM
MD
LG