Accessibility links

logo-print
6 ივლისს დასრულდა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილთა ყველაზე გახმაურებული საქმის სასამართლო გამოძიება. საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერაცია „ენვერის“ ფარგლებში დაპატიმრებულ 9 ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მაქსიმალური სასჯელი შეუფარდა.

ორს მოუხსნეს ჯაშუშობის ბრალი და ყალბი ფულის ბრალდებით შეუფარდეს ექვს-ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა...
სპეცოპერაცია „ენვერის“ საქმეზე ჯერ იყო „რუსთავი 2“-ის მიერ ოპერატიული მასალების მიხედვით ოპერატიულად გადაღებული დოკუმენტური ფილმი, შემდეგ - სასამართლო გამოძიება „გრიფით საიდუმლო“ და, ბოლოს, განაჩენი. როგორც ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებული ერთ-ერთი ქართველი სამხედრო მფრინავის, დავით მესხიძის, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, სასამართლომ, როგორც მოსალოდნელიც იყო, ბოლომდე გაიზიარა პროკურატურის ბრალდება:

„15 პირი დააპატიმრეს, როგორც გახსოვთ, ძალიან დიდი აჟიოტაჟით, რომ, აი, ჩვენ გავხსენით ჯაშუშური ქსელი. აქედან ორ მათგანთან გააფორმეს საპროცესო შეთანხმება და მათ აღიარეს დანაშაული, რომ ისინი იყვნენ ჯაშუშები. ესენი არიან დევრიშაძე და უსტალიშვილი. ერთი მათგანი, უსტალიშვილი, მფრინავი იყო. ორს მოუხსნეს ჯაშუშობის ბრალი და ყალბი ფულის ბრალდებით შეუფარდეს ექვს-ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა. ის პროცესი, რომელზეც მე ვიცავდი დავით მესხიძეს, შედგებოდა ცხრა პირისგან. არც ერთი განსასჯელი არ აღიარებდა დანაშაულს. მათ შეუფარდეს სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა - 11-დან 14 წლამდე.“

აღიარება მტკიცებულებათა დედოფალია

გელა ნიკოლაიშვილმა, ისევე როგორც საქმეში მონაწილე სხვა ადვოკატებმა, ხელი მოაწერეს ინფორმაციის გაუვრცელებლობის ვალდებულებას. ესაა ფორმალური პროცედურა, რაც დადგენილია „გრიფით საიდუმლო“ საქმის სასამართლო განხილვის დროს. ასე გაერთიანდა ერთ საიდუმლო საქმედ 15 პირის ბედი, რომელთაგან 6 - ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი, გაბრიელ უსტალიშვილი, დავით მესხიძე, გელა კაკაბაძე, გოჩა დიასამიძე და ტარიელ აბაშიძე - საქართველოს შეიარაღებული ძალების მფრინავია. ზოგიერთ მათგანს საბრძოლო ამოცანების შესრულებისთვის მიღებული აქვს მთავარსარდლობის მადლობა და ჯილდოები, რაც ადვოკატებმა, შემამსუბუქებელ გარემოებად დაურთეს საქმეს. ეჭვმიტანილ მფრინავთაგან ერთმა, გაბრიელ უსტალიშვილმა, აღიარა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა, რის შედეგადაც მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. როგორც ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, დანარჩენმა განსასჯელებმა არ აღიარეს ბრალი, რის გამოც სამხედრო მფრინავებს სასამართლომ მაქსიმალური სასჯელი შეუფარდა:

„როცა ჩვენ პროკურორს ვუთხარით, კაი, ბატონო, 8-დან 12 წლამდე ითვალისწინებს სასჯელს ეს მუხლი, თქვენ კი თითქმის მაქსიმალური მოითხოვეთ - თერთმეტნახევარი მოითხოვეთ - და მერე ფორმალურად მოსამართლემ თითო წელი დაუკლო. რაზე ამყარებთ ამ ბრალდებას, შემამსუბუქებელი გარემოებები ამ ხალხს არა აქვს? არის პირველად ნასამართლევი, ნაომარი, სამშობლოსთვის თავდადებული, ჯილდოებმიღებული, მცირეწლოვანი შვილების პატრონი, მოხუცი მშობლების და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არ არის შემამსუბუქებელი? 5 წელიწადი მოგეთხოვათ ანდა 10 წელი, რა არის ეს თერთმეტნახევარი წელი? პასუხი იყო ასეთი: მათ ხომ არ უღიარებიათო! მათთვის მთავარი შემამსუბუქებელი და ყველაფრის განმსაზღვრელი, ყველაფრის, ეს არის აღიარება.“

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გასული წლის 13 სექტემბერს სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს 15 პირი. მათგან ორთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. 13 დაკავებულიდან 4 რუსეთის, 9 კი საქართველოს მოქალაქეა. თუმცა, ვიდრე ჯაშუშობაში ეჭვმიტანილთა საქმეს სასამართლო „საიდუმლო გრიფს“ მიანიჭებდა, ოპერატიულ მასალებს გაეცნო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფი. ცხადია, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დახმარებით მომზადებული დოკუმენტური ფილმი „ენვერი“ არ არის ჟურნალისტური გამოძიება, ესაა პროპაგანდისტული ფილმი ბოროტ ჯაშუშებსა და უშიშროების მამაც მუშაკებზე, რომლებმაც საშიში ქსელი მრავალწლიანი მოღვაწეობის შემდეგ გაშიფრეს და გააუვნებელყვეს. ამ ფილმიდან შეიტყო საზოგადოებამ პირველად, რომ სწორედ სპეცოპერაცია „ენვერის“ ფარგლებში დაუპატიმრებიათ სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია, რომელიც, როგორც ცნობილია, უფრო ადრე დააპატიმრეს, 2010 წლის პირველ იანვარს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მე ვფიქრობ, ნამდვილად იქნება ისეთივე შოკის მომგვრელი, როგორც ეს იყო, როდესაც 20-იანი და 30-იანი წლების არქივები გაიხსნ...
„სამხედრო ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას მიერ გადაგზავნილი ეს დოკუმენტი 2008 წლის 8 აგვისტოს 5 საათით თარიღდება: ‘ქართული არმიის ყველა მაღალჩინოსანი ქალაქ გორში, ნომერ პირველ სამხედრო ბაზაზე იმყოფება და სამხედრო ძალებს კოორდინაციას ადგილიდან უწევს.’ მაისაიას კიდევ ერთი წერილი 12 აგვისტოს 12 საათით თარიღდება: ‘საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ბრიგადამ, რომელიც ერაყიდან ამერიკული ხომალდით ჩამოფრინდა, თბილისის სიახლოვეს ორ ზოლად თავდაცვითი ბარიერი შექმნა. პირველი ეშელონი ძველ ქალაქ მცხეთასთან იმყოფება, სადაც ავტომაგისტრალი ძველ ხიდზე გადადის. ამ მონაკვეთში 10 ტანკი, ტ-72-ია განლაგებული. მეორე ეშელონი უშუალოდ თბილისის შესასვლელთან იმყოფება’.“

„ენვერის“ ახალი ფაზა

როგორც ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, სპეცოპერაცია „ენვერის“ შედეგად დაპატიმრებული 15 პირის საქმეს საიდუმლოების გრიფი იმიტომ დაედო, რომ საზოგადოებისა და ჟურნალისტებისათვის ხელმისაწვდომი არ ყოფილიყო ბრალდების მტკიცებულებათა სიყალბე და არადამაჯერებლობა. თუმცა ადვოკატი დარწმუნებულია, რომ დრო გავა, ამ საქმეს მოეხსნება საიდუმლოების გრიფი და საზოგადოება დარწმუნდება, თუ რა თეთრი ძაფით არის შეკერილი ბრალდება ბევრი იმ ადამიანის მიმართ, რომლებსაც ჯაშუშობისათვის მძიმე სასჯელი დაედოთ.

„მე ვფიქრობ, ნამდვილად იქნება ისეთივე შოკის მომგვრელი, როგორც ეს იყო, როდესაც 20-იანი და 30-იანი წლების არქივები გაიხსნა და ხალხმა დაინახა ბოლშევიკური რეჟიმის სისასტიკე და ისეთი მიდგომა, როდესაც ყველა დამნაშავეა და ადამიანები იბრალებდნენ ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრას.“

თუმცა ფილმ „ენვერის“ ავტორი ჟურნალისტი გიორგი გვიშიანი და კონტრდაზვერვის დეპარტამენტი საპირისპიროში არიან დარწმუნებულნი. მათი თქმით, სპეცოპერაცია „ენვერის“ შემდეგ საქართველოს ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო:

„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო ოპერაცია ახალ ფაზაში შედის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელიც დაკავშირებულია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან, გამოცხადდება კონტრდაზვერვის დეპარტამენტში ან დაუკავშირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე მითითებულ ტელეფონზე ან ელექტრონულ მისამართზე და ითანამშრომლებს გამოძიებასთან და აღიარებს დანაშაულს, განთავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან.“

ნიშანდობლივია, რომ 6 ივლისს, როდესაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ენვერის“ საქმეზე განაჩენი გამოაცხადა, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა ჯაშუშობის ბრალდებით თბილისში 4 ცნობილი ქართველი ფოტორეპორტიორი დააპატიმრა. ასე რომ, ოპერაცია „ენვერი“ საქართველოში გრძელდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG