Accessibility links

logo-print
ტემპერატურის მატებასთან ერთად ახალციხეში ქვეწარმავლების მომრავლების შესახებ ინფორმაციებიც გავრცელდა. ბოლო დღეებია მოსახლეობამ გველები საცხოვრებელი კორპუსების მახლობლად შენიშნა. ივნისიდან დღემდე სამცხე-ჯავახეთში გველის დაკბენის სამი შემთხვევა დაფიქსირდა. ახალციხელები შიშობენ, რომ დაკბენილთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
პირველ სართულზე ვცხოვრობ, ამიტომ ფანჯრებს ღიას ვერ ვტოვებ, მეშინია სახლშიც არ შემოვიდეს...

“გასულ კვირას მეზობლებმა დაახლოებით ერთმეტრიანი გველი სარდაფში ჩასასვლელ კიბეებთან მოკლეს. მას მერე ბავშვები ეზოში ვეღარ თამაშობენ. პირველ სართულზე ვცხოვრობ, ამიტომ ფანჯრებს ღიას ვერ ვტოვებ, მეშინია სახლშიც არ შემოვიდეს. მდინარის ნაპირას ვცხოვრობთ და შესაძლებელია მსგავსი შემთხვევა კიდევ მოხდეს”, -ამბობს თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ლია ბლიაძე.

ადიგენის მუნიციპალიტეტში გველმა დავით კვიჟინაძე 6 ივლისს დაკბინა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. სოფელ უდის მცხოვრები ანტონ ბალახაშვილი შემთხვევას ასე იხსენებს:
ყველას სჭირდება გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ გველს რომ დაინახავენ, უნდა მოერიდონ...

,,გველმა დაკბინა ახალგაზრდა მამაკაცი. შემთხვევით გაიარა ბუჩქთან ახლოს, ვერ შეამჩნია და ფეხი დაადგა გველს. გველმაც უკბინა. მერე ეს ადამიანი წამოიყვანეს ახალციხის საავადმყოფოში. ყველას სჭირდება გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ გველს რომ დაინახავენ, უნდა მოერიდონ. თუ არ გაამწარებ, გველი არ გეხება, ის თავის გზაზე მიდის.“

ახალციხის საავადმყოფოში ამ დროისათვის ანტიგიურზინს ელოდებიან, რადგან ზაფხულის განმავლობაში 3 დაკბენის შემთხვევის გამო მარაგი უკვე გაიხარჯა. ახალციხის რაიონული საავადმყოფოს დირექტორი დავით მაისურაძე აცხადებს, რომ მესამე შემთხვევაში მათ თბილისიდან „კატასტროფის“ გამოძახება დასჭირდათ:

„ორ პიროვნებას ივნისის თვეში გაუკეთდა ანტიგიურზინი, რომელიც საავადმყოფოს ჰქონდა თავის მარაგში, ხოლო ივლისის თვეში, როცა ადიგენიდან გადმოიყვანეს დაკბენილი პაციენტი, მათ თბილისიდან დასჭირდათ „კატასტროფის“ გამოძახება. საბედნიეროდ, სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.“

ახალციხის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ინფორმაციით, ივნისის თვეში გველის დაკბენის ორი შემთხვევა დაფიქსირდა - ერთი ადიგენში, ხოლო მეორე ახალციხეში. ექიმი-ეპიდემიოლოგი ლალი კირთაძე ამბობს, რომ სპეციალურ განყოფილებაში ანტიგიურზინის სამი ამპულა დევს:
გასულ წელთან შედარებით, სტატისტიკურად მომატებული არ არის გველით დაკბენის შემთხვევები...

“დაშავებულებმა დროულად მიაკითხეს ექიმს, შესაბამისად, მკურნალობაც დროულად მოხდა. ჩვენმა სამსახურმა პრევენციული ღონისძიებების გატარება თითქმის ერთი თვის წინ დაიწყო, ივნისის თვეში ახალციხეში სოფელ კლდის მცხოვრები 58 წლის მამაკაცი დაკბინა გველმა. გასულ წელთან შედარებით, სტატისტიკურად მომატებული არ არის გველით დაკბენის შემთხვევები, მაგრამ შეცვლილია ქცევის წესები.”

ქცევის წესები კი ასეთია: აუცილებელია დაშავებულმა ან მასთან ერთად მყოფმა დაიმახსოვროს გველის ფორმა და ფერი. ეს სპეციალისტებს საშუალებას მისცემს გაარკვიონ გველის სახეობა, რაც მნიშვნელოვანია ნაკბენის მკურნალობისას. ნაკბენ ადგილზე არ უნდა მოხვდეს წყალი და ასევე, ტკივილის გაყუჩების მიზნით, არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლი და კოფეინის შემცველი სასმელები.

საქართველოში გავრცელებულია გველის 20 სახეობა, ამათგან შხამიანი ოთხი სახეობაა: ველის გველგესლა, ცხვირრქოსანა, კავკასიური გველგესლა და გიურზა. გველის ნაკბენის დიაგნოზით საქართველოს სტაციონარებში ყოველწლიურად საშუალოდ 30-40 ადამიანი ხვდება, ძირითადად შუა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს მკვიდრნი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG