Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 12 ივლისი, 2011


დღეს ორი გაზეთი გამოეხმაურა დაკავებული ფოტორეპორტიორის გიორგი აბდალაძის მოწოდებას: ”სახელმწიფო მაღალი რანგის ჩინოვნიკების ფოტოებს სახეზე დაადეთ შავი კუბი, წარწერით - ”აქ უნდა იყოს ფოტო, მაგრამ ფოტორეპორტიორები დაჭერილები არიან”. ”რეზონანსსა” და ”ალიაში” ნახავთ ჩინოვნიკთა შავი კუბითა და წარწერით გადაფარულ ფოტოებს.

”ალიას” უდიდესი ნაწილი დღეს ფოტორეპორტიორების დაკავების თემას ეთმობა. ქვეყნდება რეპორტაჟი 11 ივლისს გამართული ჟურნალისტთა აქციის შესახებ, სადაც ავტორი დეტალურად აღწერს მოვლენებს და იმასაც წერს, რომ შსს-თან ყოფნისას უწყების შენობიდან გამომავალი გერმანიის ელჩიც შენიშნეს: ”გერმანია, ფრანკფურტი, ფოტოების გადაგზავნა...ტივტივებს ჩემს ეჭვიან თავში. შეიძლება ეს, მართლაც, მხოლოდ ჩემი ვარაუდია, მაგრამ ფაქტს მოგახსენებთ”, - წერს ”ალიას” ავტორი. ამავე გაზეთში ქვეყნდება ჟურნალისტების მიმართვის ტექსტი, გიორგი აბდალაძის მიმართვა მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებს და ინტერვიუ აბდალაძის ადვოკატ რამაზ ჩინჩალაძესთან. ის ამბობს: ”გიორგიმ მითხრა, რომ რადიოს საშუალებით მოისმინა ამერიკის ელჩის, ბატონ ჯონ ბასის გამოსვლა. მან დიდი მადლობა უთხრა ელჩს ყურადღებისთვის, მაგრამ სთხოვა, ჩაერიოს საქმეში და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საქმეს გრიფი ”საიდუმლო” მოეხსნას”.

”რეზონანსის” პირველ გვერდზე სათაური - ”აბდალაძე ამბობს, რომ 26 მაისის ფოტოების გამო დაიჭირეს”. სტატიაში გიორგი აბდალაძის მიმართვის, ”კვირის ქრონიკაში” გამოქვეყნებული მისივე წერილისა და გაზეთ ”კომერსანტში” შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროს შოთა უტიაშვილის ინტერვიუდან ნაწყვეტებია მოყვანილი.

გიორგი აბდალაძის მიმართვის ტექსტს ”ახალი თაობაც” აქვეყნებს პირველ გვერდზე. ამ და სხვა არაერთ გაზეთშიც მთავარი თემა დღეს ხელისუფლებისა და ეკლესიის ურთიერთობა და წმინდა სინოდის 11 ივლისის სხდომაა. ”სინოდმა პარლამენტს შენიშვნა მისცა” - ერთ-ერთი სათაურია. გაზეთი აქვეყნებს ლეიბორისტთა ლიდერის შეფასებებსაც: ”სიახლეს არავისთვის არ წარმოადგენს სააკაშვილის გენეტიკურ-სულიერი სწრაფვა, როგორმე ძირი გამოუთხაროს და შეარყიოს ჩვენი დედაეკლესია, ჩვენი მართლმადიდებლობა, ჩვენი ისტორიული ტრადიციები, ადათი და წეს-ჩვეულებები”, - განუცხადებია შალვა ნათელაშვილს.

”სინოდის დადგენილება - დისკუსიის ახალი თემა” - ეს ”24 საათის” სათაურია. ავტორი წერს: ”წმინდა სინოდის გუშინდელი სხდომის ოქმით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ვითარების გამწვავებისგან თავს იკავებს და ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაგრძელებას ძველ რეჟიმში აპირებს”. ”24 საათის” სხვა სტატიაში სინოდის ოქმზე მოსაზრებებსაც წაიკითხავთ. თეოლოგ ბექა მინდიაშვილს უთქვამს: ”ეს გადაწყვეტილება უნიკალურია, რადგან სინოდი, ფაქტობრივად, პირველად ეყრდნობა კონსტიტუციას”. სოციოლოგი გოჩა ცქიტიშვილი: ”ეკლესია ყოველდღიურად ისედაც მოუწოდებს ხალხს, რომ ილოცონ. აბა, ალტერნატივა რა არის, მშვიდად არ იყონ და ლოცვა არ გააგრძელონ? გამოდის, რომ ცხოვრება ჩვეულებრივ ტემპში გრძელდება. ხალხი და ეკლესია, სამწუხაროდ, სხვადასხვა ინსტიტუტებია. ამიტომ ხალხი თავისას თვითონ გადაწყვეტს.”

”საქართველოს რესპუბლიკის” პირველ გვერდზე - ”ვინც ეკლესიას დაამცირებს, აუცილებლად დაისჯება...”. გაზეთი კვირას გამართული მსვლელობის შესახებ წერს. ”საქართველოს რესპუბლიკის” დღევანდელ ნომერში თემურ შაშიაშვილის განცხადება ქვეყნდება: ”ილუზიებში ნუ ვიქნებით. ხალხის და სიკეთის გაერთიანება არჩევნებს და ძალაუფლებისთვის ბრძოლას არ შეუძლია - ეს ბოროტებას აძლიერებს. ხალხის და სიკეთის გაერთიანება ქვეყნისა და ხალხისთვის ბრძოლას შეუძლია. საქართველოს გაერთიანება მამულისთვის, დემოკრატიისთვის, შიმშილის დამარცხებისა და ღირსეული მომავლისთვის ბრძოლას შეუძლია”, - წაიკითხავთ თემურ შაშიაშვილის განცხადებაში, რომელსაც ”საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG