Accessibility links

”ეკლესიასთან კონსტიტუციური შეთანხმება არ გადაიხედება”


პარლამენტის ბიუროს სხდომა

პარლამენტის ბიუროს სხდომა

რელიგიური ორგანიზაციების სტატუსთან დაკავშირებით სამოქალაქო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პარლამენტის ბიურომ იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო. ბიურომ კანონი განმარტებით ბარათში დააზუსტა. განმარტებით ბარათში საუბარია საკანონმდებლო ინიციატივის მიზნებზე, არსზე, ფინანსურ გაანგარიშებებზე, ექსპერტების თანამონაწილეობაზე. როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ განმარტა, კანონის განმარტებითი ბარათი ინტერპრეტაციების თავიდან აცილების მიზნით შეიქმნა. მანვე დასძინა, რომ სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებები ქონებრივ ვალდებულებებს არ შეიცავს.

ბიუროს სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ იმის ახსნით გახსნა, რომ საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა და ქვეყანაში განსაკუთრებული ადგილი მართლმადიდებლურ ეკლესიას უჭირავს. მან ასევე აღნიშნა, რომ სანამ არსებული ხელისუფლებაა ქვეყანაში, ქართულ ეკლესიასთან კონსტიტუციური შეთანხმება არ გადაიხედება. დავით ბაქრაძემ რამდენჯერმე დააზუსტა, თუ რას ნიშნავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი, რომლითაც კანონში შესული ცვლილებების შედეგად საქართველოსთან მჭიდრო ისტორიული კავშირის მქონე რელიგიურმა ორგანიზაციებმა უნდა ისარგებლონ.
დავით ბაქრაძე

”შეგახსენებთ, რომ, მიღებული ცვლილებების მიხედვით, რელიგიურ გაერთიანებებს უფლება აქვთ დარეგისტრირდნენ როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირები. ქვეყანაში არის 6 ათასამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან სკოლები, უნივერსიტეტები, საბავშვო ბაღები, პოლიკლინიკები, ანუ ეს არის ის სამართლებრივი სტატუსი, რომლითაც ქვეყანაში სარგებლობს ძალიან ბევრი იურიდიული პირი და ქვეყანაში არის მხოლოდ ერთი იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს საკონსტიტუციო სტატუსით - ეს არის ქართული მართლმადიდებელი ეკლესია”, - განმარტა პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი ბიუროს სხდომა რელიგიური ორგანიზაციების სტატუსთან დაკავშირებით სამოქალაქო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე განმარტებითი ბარათის თაობაზე შედგა. საკითხის აუცილებლობა გუშინდელმა წმინდა სინოდის სხდომამ და მაღალმა საზოგადოებრივმა ინტერესმა განაპირობა. წმინდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გუშინ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, გრიგოლ ბერბიჭაშვილმა, წაიკითხა:
არის რეკომენდაციები წმინდა სინოდის განჩინებით, რომ შეიქმნას კომისიები უცხო ქვეყნებში მართლმადიდებელი ეკლესიების სტატუსთან დაკავშირებით...

”მომავალში რელიგიასთან დაკავშირებული კანონპროექტებისა და სხვა ანალოგიური საკითხების განხილვისას წინასწარი კონსულტაციები გაიმართოს საქართველოს საპატრიარქოსთან. დაიწყოს სამთავრობო მოლაპარაკებები საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ საქართველოს საპატრიარქოს ეპარქიების სტატუსსა და ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სახელმწიფომ გაააქტიუროს თავისი საქმიანობა საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ეროვნული და სულიერი კულტურის ძეგლების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით.”

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც მონიტორინგს გაუწევს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლაშა თორდიას განმარტებით, შეიქმნება სამი კომისია, რომელიც წმინდა სინოდის მიერ ჩამოთვლილ საკითხებზე იმუშავებს:

”არის რეკომენდაციები წმინდა სინოდის განჩინებით, რომ შეიქმნას კომისიები უცხო ქვეყნებში მართლმადიდებელი ეკლესიების სტატუსთან დაკავშირებით. ამაზე უკვე არსებობს გამოხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან და ეს კომისია შეიქმნება. ასევე შეიქმნება კომისია, რომელიც იმსჯელებს კონსტიტუციური შეთანხმების ცალკეული ნორმების შესრულებაზე და ასევე ისაუბრებს საკულტო რელიგიური ძეგლების საკითხებთან დაკავშირებით როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე უცხო ქვეყნებში.”
ვადასტურებთ იმას, რომ არანაირ ქონებრივ ვალდებულებებს აღნიშნული კანონი არ ითვალისწინებს რომელიმე რელიგიურ გაერთიანებასთან...

კომისია დაკომპლექტდება მართლმადიდებლური ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე. რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, სტატუსის მინიჭების შემთხვევაში ქონებრივი დავების წარმოქმნასთან დაკავშირებით, ლაშა თორდია დამატებით განმარტავს:

”ვადასტურებთ იმას, რომ არანაირ ქონებრივ ვალდებულებებს აღნიშნული კანონი არ ითვალისწინებს რომელიმე რელიგიურ გაერთიანებასთან, არანაირ სხვა რაიმე ტიპის ვალდებულებებს, გათანაბრებას მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, ან რომ საკონსტიტუციო შეთანხმება გავაფორმოთ სხვა რელიგიურ კონფესიებთან, ან გადავხედოთ მოქმედი კონსტიტუციის მე-9 მუხლს, სადაც აღნიშნულია მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული მნიშვნელობა სახელმწიფოსთვის, ამ მიმართულებით არანაირ გადახედვას და მსჯელობას არ ვაპირებთ და ეს დადგენილია პარლამენტის 2008 წლის დადგენილებითაც.”
რაღაც საკითხები, თუ ეს არის წმინდა სამართლებრივი, საერო ასპექტების მქონე, გადაწყვეტილების მიღების სუვერენული უფლება აქვს პარლამენტს...

რაც შეეხება წმინდა სინოდის მიერ პირველ პუნქტად დაყენებულ საკითხს, რომელიც მომავალში რელიგიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას საპატრიარქოსთან კონსულტაციას გულისხმობს, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ ურთიერთობა და კონსულტაციები საპატრიარქოსთან, მისი კომპეტენციიდან გამომდინარე, ისედაც სულ მიმდინარეობს.

”რაღაც საკითხები, თუ ეს არის წმინდა სამართლებრივი, საერო ასპექტების მქონე, გადაწყვეტილების მიღების სუვერენული უფლება აქვს პარლამენტს და არავის სხვას, თუ უშუალოდ არ შეეხება მართლმადიდებლურ ეკლესიას, ისე როგორც სხვა კონფესიას”, - განმარტავს დავით დარჩიაშვილი.

ოპოზიციის და საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ განმარტებების გაკეთება საჭირო არ გახდებოდა, ცვლილებებზე მუშაობა უფრო ხანგრძლივი და გამჭვირვალე რომ ყოფილიყო.
XS
SM
MD
LG