Accessibility links

logo-print

ფოტორეპორტიორების საქმე ყურადღების ცენტრშია


ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია, 12 ივლისი

ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია, 12 ივლისი

7 ივლისს დაკავებული, ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტორეპორტიორების - საქართველოს პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის ირაკლი გედენიძის, ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძისა და ევროპის პრესფოტოსააგენტოს ფოტორეპორტიორ ზურაბ ქურციკიძის მხარდამჭერი აქციები გრძელდება. აქციების პარალელურად, განცხადებებს ავრცელებენ ჟურნალისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

12 ივლისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ინიციატივით, შეხვედრა შედგა ”ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” წარმომადგენლებთან. 12 ივლისსვე ორი გაზეთი -”რეზონანსი” და ”ალია” - დაკავებულ ფოტორეპორტიორებს სოლიდარობას უცხადებს და გაზეთებში დაბეჭდილ მაღალჩინოსნების ფოტოებს შავი კუბები ადევს, წარწერით: ”აქ უნდა იყოს ფოტო, მაგრამ ფოტორეპორტიორები დაკავებულები არიან”. ასევე 12 ივლისს, ტრადიციულ ბრიფინგზე, დაკავებულ ფოტოგრაფებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძეც.
ახლა ეს არის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე. ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარის გაკეთება საჭიროებას არ წარმოადგენს...

”პრეზიდენტისათვის ეს ძალიან სამწუხარო ფაქტი და უზარმაზარი დარტყმა იყოო”, - ასე თქვა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 7 ივლისს დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმის კომენტირებისას. კიდევ თქვა, ”შოკისმომგვრელიც იყო ეს მტკივნეული საკითხიო, მაგრამ“... აი რა კომენტარი მოჰყვება კავშირს ”მაგრამ”: ”მაგრამ ახლა ეს არის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე. ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარის გაკეთება საჭიროებას არ წარმოადგენს.”

”შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მიერ მედიას მთელი კვირის განმავლობაში მიეწოდებოდა ინფორმაცია ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტორეპორტიორებთან დაკავშირებითო”, - თქვა მანანა მანჯგალაძემ, თუმცა სრულიად საპირისპიროს აცხადებენ, მაგალითად, ის ჟურნალისტები, რომლებიც დაკავებულ ფოტორეპორტიორებს სოლიდარობას უცხადებენ და შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ მტკიცებულებებს ალოგიკურსა და დაუსაბუთებელს უწოდებენ.

12 ივლისს, საქართველოში ამერიკის ელჩის ჯონ ბასის ინიციატივით, ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ საბჭოს წარმომადგენლებთან - ზვიად ქორიძესა და შორენა შავერდაშვილთან. როგორც შეხვედრიდან გამოსული ზვიად ქორიძე ამბობს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მიაჩნია, რომ გამოძიება ღიად და სამართლიანად უნდა წარიმართოს:
ზვიად ქორიძე

”გავაცანით სურვილი, რომ ეს საქმე რაც შეიძლება დროულად გახდეს გამჭვირვალე, მოეხსნას გრიფი ”საიდუმლო” და რაც შეიძლება დროულად მივიღოთ თითოეულმა მოქალაქემ ინფორმაცია აღნიშნული საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით. ელჩის პასუხი იყო ძალიან გასაგები: მას მიაჩნია, რომ ეს საქმე უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და სამართლიანი”, - ამბობს ზვიად ქორიძე.

ქართველ ჟურნალისტებსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შორის გამართულ შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველდღიურ ბრიფინგზე, ფოტორეპორტიორებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა. მისი თქმით, ეს არის საკითხი, გასარკვევი რუსეთსა და საქართველოს შორის. რაც შეეხება ამ ადამიანების მიმართ მოპყრობას, იცით, რომ ჩვენ მედიის თავისუფლების გვჯერა; თუმცა სინამდვილეში მედიის თავისუფლებასთან შეუსაბამო მოქმედება რომ ყოფილიყო, ასეთ შემთხვევაში, ვისურვებდით გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ სასამართლო პროცესს.”
ზურა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვისაც მისი უდანაშაულობის სჯერა და მადლობას უხდის მხარდაჭერისათვის...

უკანაკსნელი დღეების განმავლობაში ჟურნალისტების მიერ გამართული სოლიდარობის აქციების მთავარ მოთხოვნებს ეხმაურებიან ოპოზიციური პარტიებიც. 12 ივლისს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ არსებობს ლეგიტიმური ეჭვი იმისა, რომ ფოტორეპორტიორები 26 მაისის კადრების გავრცელებისათვის ისჯებიან. ”სრული კატეგორიულობით ვაცხადებთ, რომ როდესაც ადამიანებს ჯაშუშობის ბრალდებებს წაუყენებენ, აუცილებელია საზოგადოება დარწმუნებული იყოს მტკიცებულებების უტყუარობაში, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე მედიის წარმომადგენლებს ეხება”, - ამბობს თინათინ ხიდაშელი და დასძენს: ”საქმეს დაედო გრიფი ”საიდუმლო”. ქართული საზოგადოება ამ შემთხვევაში არ იღებს ”გრიფით საიდუმლოს” და აქვს სრული ლეგიტიმური უფლება არ მიიღოს ეს. რატომ? იმიტომ, რომ ორი წლის განმავლობაში ხელისუფლება თავისი ტელევიზიების საშუალებით გვანებივრებდა სერიალებისა და ფილმების მოწოდებით სხვადასხვა ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე. სწორედ აქედან გამომდინარე, საზოგადოება არ მიიღებს ამ გასაიდუმლოებას. მათ საზოგადოებას რაიმე დასაბუთებული მტკიცებულება უნდა შესთავაზონ.”
თინათინ ხიდაშელი

საქართველოს პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის, ირაკლი გედენიძის აღიარებითი ჩვენების კომენტირებისას თინათინ ხიდაშელი ამბობს, რომ აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია მოსმენა კიდევ ერთი აღიარებისა, რომელიც, სავარაუდოდ, მეუღლის გათავისუფლების სანაცვლოდაა მიღებული.

კიდევ ორი დაკავებული ფოტოგრაფი, გიორგი აბდალაძე და ზურაბ ქურციკიძე, თავს დამნაშავეებად არ ცნობენ და მათ მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის გასაჯაროებას მოითხოვენ. ზურაბ ქურციკიძის ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ზურაბ ქურციკიძის ზეპირი განცხადების შინაარსს გადმოსცემს, რადგან, მისი თქმით, მას აეკრძალა სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან ყოველგვარი სახის წერილობითი დოკუმენტის შედგენა და გამოტანა:
როდესაც ფურცელი გამომქონდა, ზედამხედველმა წინააღმდეგობა გამიწია და მომთხოვა, რომ ჩანაწერები წაეკითხა და გადაწყვიტა ფურცელი წაერთმია და უფროსთან ჩაეტანა...

”ზურა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვისაც მისი უდანაშაულობის სჯერა და მადლობას უხდის მხარდაჭერისათვის. პირადად მე პრობლემებს წავაწყდი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წერილობითი ფორმის დოკუმენტების გამოტანისას. როდესაც ზურას ორშაბათს შევხვდი, ზეპირი სახით გავაცანი მტკიცებულებები, რაც საქმეში იყო და მისი გარკვეული პასუხები მოვინიშნე ფურცელზე. როდესაც ეს ფურცელი გამომქონდა, ზედამხედველმა წინააღმდეგობა გამიწია და მომთხოვა, რომ ჩანაწერები წაეკითხა და გადაწყვიტა ფურცელი წაერთმია და უფროსთან ჩაეტანა. იქიდან გამომდინარე, რომ საქმეს გრიფი ”საიდუმლო” ადევს, მე არა მაქვს უფლება, რომ მისი დეტალები ვინმეს გავაცნო და ამიტომ სხვა გამოსავალი არ დამრჩა, ჩანაწერები დავხიე”, - ამბობს ნინო ანდრიაშვილი.

გამოცემა ”ლიბერალი” კი იუწყება, რომ ევროპის პრესფოტოსააგენტოს, რომლის თანამშრომელიცაა ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, მუქარისა და სიძულვილის შემცველ წერილებს უგზავნიან. ”ლიბერალის” ინფორმაციით, წერილებს სააგენტოს სათავო ოფისი ფრანკფურტში იღებს. ერთ წერილს 9 ივლისს ვინმე ადრეანო სანტაველო გზავნის, მეორეს კი ორგანიზაცია, სახელწოდებით Stop Russia. წერილებში სააგენტოს "კა-გე-ბე"-სა და კრემლის აგენტობაში ადანაშაულებენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG