Accessibility links

logo-print
წუხელ გორის ჰოსპიტალში 25 წლის ნინო კობერიძე დაიღუპა. იგი სოფელ კნოლევიდან დაჭრილი გადმოიყვანეს. კნოლევი ზნაურის რაიონს ესაზღვრება, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა. კნოლეველებმა ერთი გასროლის ხმა გაიგონეს. ამ დროს ნინო კობერიძე თანასოფლელებთან ერთად მაღაზიაში იმყოფებოდა, სწორედ აქ მოხვდა მას ტყვია. ამ სოფელში ქართული პოლიციის საგუშაგოა განთავსებული, მოშორებით კი ეგრეთ წოდებული რუსი და ოსი მესაზღვრეები დგანან. კნოლეველების თქმით, ტყვია ქართული პოლიციის საგუშაგოს მხრიდან ისროლეს.

განსხვავებული ვერსია აქვს სოფლის რწმუნებულ გია გელაშვილს: მისი თქმით, სროლა ზნაურის მხრიდან ისმოდა.

რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელს შოთა უტიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ზნაურის მხრიდან გასროლის ვერსია კატეგორიულად გამორიცხა. მისი თქმით, სროლა სოფელში მოხდა და ახლა გამოძიება იმის დასადგენად ტარდება, თუ ვის ტყვიას ემსხვერპლა ახალგაზრდა ქალი.

კნოლევში უკვე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. მათ უკვე დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი. ნინო კობერიძის ოჯახი სოფლის ბოლო ქართულ საგუშაგოსთან ცხოვრობს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG