Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოკლეს ავღანეთის პრეზიდენტის ძმა


აჰმედ ვალი კარზაი
აჰმედ ვალი კარზაი
თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა ავღანეთის ერთ-ერთი გავლენიანი სახელმწიფო მოხელის, აჰმედ ვალი კარზაის მკვლელობისთვის. ავღანეთის პრეზიდენტის უმცროსი ძმა ქალაქ ყანდაარში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს. აჰმედ კარზაის, რომელიც ყანდაარის პროვინციის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე იყო, ოპონენტები მკაცრად აკრიტიკებდნენ კორუფციასა და ნარკობიზნესთან კავშირების გამო.

ჰამიდ კარზაიმ საკუთარი ძმის მკვლელობა საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დაადასტურა. ავღანეთის პრეზიდენტმა აჰმედ კარზაის სიკვდილს „მოწამებრივი“ უწოდა.
ასეთია ავღანელი ხალხის ცხოვრება. ავღანეთში ყველა ოჯახს განუცდია ასეთი ტკივილი. იმედი მაქვს, რომ ავღანელი ხალხის ტანჯვას ბოლო მოეღება...

„როგორც უკვე იცით, ჩემი უმცროსი ძმა, აჰმედ ვალი კარზაი, წამებულის სიკვდილით აღესრულა დღეს საკუთარ სახლში. ასეთია ავღანელი ხალხის ცხოვრება. ავღანეთში ყველა ოჯახს განუცდია ასეთი ტკივილი. იმედი მაქვს, რომ ავღანელი ხალხის ტანჯვას ბოლო მოეღება და, ღვთის ნებით, ჩვენ ქვეყანაში დაისადგურებს მშვიდობა და უსაფრთხოება, რათა ავღანელმა ხალხმა აღარასოდეს განიცადოს ის ტკივილი და ტანჯვა, რაც ყველამ განვიცადეთ.“

აჰმედ კარზაის სიკვდილის დეტალები უცნობია. ყანდაარის პროვინციის მთავრობის თანახმად, გამოძიება დაწყებულია, თუმცა არც ადგილობრივი მთავრობა და არც შინაგან საქმეთა სამინისტრო არანაირ სხვა ინფორმაციას არ ავრცელებს. ანონიმური წყაროებისა და ახალი ამბების სააგენტოების თანახმად კი, აჰმედ ვალი კარზაი მისმა პირადმა მცველებმა მოკლეს. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელობის თანახმად, პრეზიდენტის ძმა შუადღის 11:30 წუთზე მასთან მისულმა „სტუმარმა“ მოკლა. ანალოგიური ხასიათისაა ინფორმაცია, რომელიც, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, ყანდაარიდან მოგვაწოდა რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის რეპორტიორმა, რეშტინ სადეყმა:
მისი საცხოვრებელი სახლი, ყოველთვის მკაცრად არის დაცული. ცნობილი არ არის, როგორ შეძლო ვინმემ მასთან შესვლა და ამის ჩადენა...

„აჰმედ ვალი კარზაი, პრეზიდენტის ძმა, რომელიც ყანდაარის პროვინციის საბჭოს თავმჯდომარე იყო, დილით საკუთარ სახლში იმყოფებოდა. კაცი, სახელად აბდულა, შევიდა მის სახლში. მისი თქმით, მას ხელთ ჰქონდა მიმართვა და სურდა, რომ კარზაის მასზე ხელი მოეწერა. იმ კაცმა კარზაი რევოლვერის გასროლით მოკლა. აჰმედ კარზაის სახლი შაჰრ-ი ნავრის რაიონში მდებარეობს. ეს რაიონი, ისევე როგორც მისი საცხოვრებელი სახლი, ყოველთვის მკაცრად არის დაცული. ცნობილი არ არის, როგორ შეძლო ვინმემ მასთან შესვლა და ამის ჩადენა.“

აჰმედ ვალი კარზაის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა, რომელმაც მომხდარს „უდიდესი მიღწევა“ უწოდა. ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა „ფრანს პრესის“ სააგენტოს უთხრა, რომ ავღანეთის აფორიაქებულ სამხრეთში მცხოვრები გავლენიანი პოლიტიკოსი მათ მიერ დაქირავებულმა კაცმა მოკლა. 49 წლის აჰმედ კარზაი ავღანეთში არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, არამედ სადავო პიროვნებაც იყო. აჰმედ კარზაი დასავლეთისა და აშშ-ის მოკავშირედაც ითვლებოდა. თუმცა მას ოპონენტები ბრალს სდებდნენ კორუფციულ დანაშაულში, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასა და უკანონო ფორმირების შექმნაში. ქვეყნის პრეზიდენტი კი ყოველ ფეხის ნაბიჯზე იცავდა აჰმედ ვალი კარზაის და უარყოფდა კრიმინალურ საქმიანობასთან მის კავშირს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG