Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ - ხელისუფლების ახალი გზავნილი


ფინანსთა მინისტრის ბრიფინგი
ფინანსთა მინისტრის ბრიფინგი
გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა მიიღო ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონი, რომლის ძირითადი პრინციპების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო. სულ ახლახან დანიშნულმა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი გვინდაძემ, თავისი პირველი ბრიფინგი სწორედ ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონსა და მის შინაარსს მიუძღვნა.

„საქართველოს ხელისუფლების ახალი გზავნილი ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებას“ - ეს გახლავთ მთავარი ფრაზა ბრიფინგისა, რომელიც ფინანსთა სამინისტროში ახლად დანიშნულმა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი გვინდაძემ, გამართა. ხელისუფლების ახალი გზავნილი კი რამდენიმე დღის წინ საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონია ეკონომიკური თავისუფლების შესახებ.
მე გთავაზობთ, რომ კონსტიტუციურად დავიცვათ ის ეკონომიკური ნაბიჯები, რომელსაც ვდგამთ ბოლო წლების განმავლობაში და გადავდგამთ მომავალში...

საქართველოს ხელისუფლება, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის ერთგულია, ამ კანონის მთავარი პრინციპები კი თავისუფლება, პასუხისმგებლიანი მაკროეკონომიკური პოლიტიკა და დაბალი გადასახადებია, ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს განცხადების თანახმადვე, ამ ყოველივეს ინიციატორი და ფუძემდებელი საქართველოს პრეზიდენტია, რომელმაც იდეა ეკონომიკური თავისუფლების აქტის შესახებ პარლამენტს ჯერ კიდევ 2 წლის წინ - 2009 წელს - გაანდო:

“იმისათვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი მონაპოვარი და ინსტიტუციური საფუძველი, შევქმნათ ეკონომიკური თავისუფლება, მე გთავაზობთ, რომ კონსტიტუციურად დავიცვათ ის ეკონომიკური ნაბიჯები, რომელსაც ვდგამთ ბოლო წლების განმავლობაში და გადავდგამთ მომავალში.”

ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელსაც თავისუფლების აქტი ითვალისწინებს, არის ის, რომ ახალი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების შემოღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეფერენდუმის გზით, აღნიშნავს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე. მისი თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალში აუცილებლად გაგრძელდება მთავრობის ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა:

”აღნიშნული პრინციპი ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ფისკალური დემოკრატიის კუთხით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას ეძლევა მნიშვნელოვანი ბერკეტი გააკონტროლოს ქვეყანაში საბიუჯეტო სექტორი და თქვას თავისი სიტყვა ფისკალური პოლიტიკის ფორმულირების კონტექსტში”, - აცხადებს დიმიტრი გვინდაძე.

ეკონომიკის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარებისათვის, ხელისუფლება კანონში ადგენს მაკროეკონომიკური პარამეტრების მაქსიმალურ ზღვარსაც. საბიუჯეტო ხარჯების შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან იქნება არაუმეტეს 30 პროცენტისა. ანუ, როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, უკანასკნელ წლებში ასე პოპულარული ”ქამრების შემოჭერის” პლიტიკა მომავალშიც გაგრძელდება.
ინვესტორი, რომელიც დღეს საქართველოში აბანდებს თანხას, უნდა ჰქონდეს მყარი გარანტია იმისა, რომ ის რეფორმები და ის დაბალი გადასახადები, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში, არ შეიცვლება მომავალში...

გარდა ამისა, ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ხელისუფლება დამატებით ნაბიჯებს დგამს ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით, კერძოდ, კანონი ითვალისწინებს ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდებას მთლიან შიდა პროდუქტთან არაუმეტეს 3 პროცენტისა, ხოლო სახელმწიფო ვალის შეფარდებას არაუმეტეს 60 პროცენტისა. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, დღევანდელი მონაცემების მიხედვით, სახელმწიფო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით, ჯამურად, 43 პროცენტს წარმოადგენს, თუმცა ის ვარაუდს გამოთქვამს, რომ 2012 წლიდან დაიწყება კლებადი დინამიკა და, შესაბამისად, სახელმწიფო ვალი 35 პროცენტამდე დაიწევს, რაც, მისი თქმით, ფისკალური სტაბილურობის კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ეკონომიკური თავისუფლების აქტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად ფინანსთა მინისტრი კაპიტალის მოძრაობის თავისუფალ პრინციპს მოიხსენიებს. აღნიშნული პრინციპი ქვეყნის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ნდობის ხარისხს ერთიორად გაზრდის, ამბობს დიმიტრი გვინდაძე.

”ინვესტორი, რომელიც დღეს საქართველოში აბანდებს თანხას, ის უყურებს არა მხოლოდ დღევანდელ საგადასახადო ჩარჩოს, არამედ მას უნდა ჰქონდეს მყარი გარანტია იმისა, რომ ის რეფორმები და ის დაბალი გადასახადები, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში, ეს არ შეიცვლება მომავალში. აქ განსაკუთრებით საუბარია ისეთ ინვესტორებზე, რომლებიც თანხებს აბანდებენ არა ერთი და ორი წლით, არამედ ათი და ოცი წლით. სწორედ ამიტომ მომზადდა ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონი, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბიზნესსექტორის განვითარების კუთხით”, - ამბობს დიმიტრი გვინდაძე.

აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ, როგორც კანონშია აღნიშნული, განსაკუთრებულ სიტუაციაში მთავრობას შეუძლია დაარღვიოს კანონით დადგენილი პარამეტრების ზღვარი, თუმცა საქართველოს მთავრობა ვალდებულია შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს შემდგომი ორი წლის ბიუჯეტის პარამეტრები, რომლებიც უნდა ითვალისწინებდეს დადგენილ ზღვარში დაბრუნების გეგმას.

ეკონომიკური თავისუფლების აქტის იდეის მომხრე თავიდანვე ვიყავი, ამბობს "საქართველოს ახალი ეკონომიკური სკოლის" პრეზიდენტი პაატა შეშელიძე. მას მიაჩნია, რომ ერთ-ერთი მთავარი პლუსი, რაც ახალ კანონს აქვს, ისაა, რომ მასში მოსახლეობის ინტერესებია გათვალისწინებული - მაგალითად, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების შემოღებისას რეფერენდუმის ჩატარება. თუმცა იქვე კანონის რამდენიმე მინუსზეც ამახვილებს ყურადღებას.
პაატა შეშელიძე

”ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იყო ციფრების დაწევა. მაგალითად, ჩემი აზრით, სახელმწიფო ხარჯებისთვის 30% ძალიან ბევრია. ჩვენ არ გვაქვს ამის ფუფუნება. ეს ციფრი ბევრად ნაკლები უნდა იყოს. იგივე შემიძლია ვთქვა სახელმწიფო ვალზე - 60% საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. არა მგონია, რომ ვალის თემა ასეთი გასატარებელი იყოს. იდეალურ შემთხვევაში, სახელმწიფოს ვალი საერთოდ არ უნდა ჰქონდეს. ამიტომ მგონია, რომ გაცილებით გამკაცრებული უნდა იყოს მოთხოვნები”, - მიაჩნია პაატა შეშელიძეს.

მისივე თქმით, კანონის ერთ-ერთი ტექნიკური მინუსი არის ის, რომ ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონი ძალაში 2013 წლის დეკემბრის ბოლოს, ანუ საკმაოდ გვიან, შედის. თუმცა, როგორც ფინანსთა სამინისტრო ირწმუნება, აღნიშნული კანონი საქართველოს უკვე დღეიდან მისცემს საშუალებას გახდეს უფრო მიმზიდველი და საიმედო ქვეყანა ინვესტორებისათვის.
XS
SM
MD
LG