Accessibility links

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმისათვის გრიფი - ”საიდუმლოს” მოხსნისა და მათი თავდებით გამოშვების მოთხოვნით შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან ეთიკის ქარტიის საბჭოსა და მედიაკოალიციის წევრების შეხვედრა 13 ივლისს დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. შინაგან საქმეთა მინისტრი დაეთანხმა შეხვედრის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ სასამართლო დახურული აღარ იქნება, ფოტოგრაფების თავდებით გამოშვებაზე კი უარი იმ მოტივით თქვა, რომ მათ სერიოზული ბრალდებები აქვთ წაყენებული. თუმცა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ შვიდკაციანი ჯგუფიდან ყველა აცხადებს, რომ მათ დამატებით ფოტოგრაფების ბრალეულობის დამამტკიცებელი არავითარი მტკიცებულება არ უნახავთ, რაც კიდევ უფრო ამყარებს მათ ეჭვს დაკავებული ფოტოგრაფების უდანაშაულობის შესახებ.
მე ვფიქრობ, რომ ეს მცირე დათმობაც არის ჩვენი პროტესტის შედეგი და ეს პროცესი კვლავაც უნდა გაგრძელდეს...

ჟურნალისტების, იურისტებისა და მედიაექსპერტებისგან შემდგარი შვიდკაციანი ჯგუფის შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან დათქმულ დროზე, ანუ 3 საათზე, ოდნავ გვიან დაიწყო და 6 საათზე დასრულდა. ცოტა ხნით ადრე გავრცელდა პროკურატურის განცხადება, რომლის მიხედვითაც ფოტოგრაფების ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი გედენიძის, გიორგი აბდალაძისა და ნათელა გედენიძის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმე ”სასამართლოში განიხილება საჯაროდ და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა დაესწროს სასამართლოს სხდომებს...”

თუმცა, როგორც პროკურატურა იტყობინება 13 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში, სხდომა უნდა დაიხუროს მტკიცებულებათა მხოლოდ იმ ”მცირე ნაწილის” განხილვისას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველია. ამის თაობაზე საქართველოს პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს. ეს ინფორმაცია 13 ივლისის შეხვედრაზე ვანო მერაბიშვილმაც დაადასტურა. ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში ამ გადაწყვეტილებას ”მცირე დათმობად” აფასებს და ფიქრობს, რომ ეს სწორედ საზოგადოებრივი პროტესტის შედეგია და ეს პროტესტი არ უნდა შეწყდეს:
ლაშა ტუღუში

”მან თქვა, რომ ეთანხმება პროკურატურის პოზიციას და სასამართლო იქნება ღია. სასამართლო მალე შედგება და ვადა არ გადააჭარბებს ერთ თვეს. მე ვფიქრობ, რომ ეს მცირე დათმობაც არის ჩვენი პროტესტის შედეგი და ეს პროცესი კვლავაც უნდა გაგრძელდეს.”

შინაგან საქმეთა მინისტრმა უარი განაცხადა კიდევ ერთ მთავარ მოთხოვნაზე - ფოტორეპორტიორების თავდებით გამოშვებაზე. ეთიკის ქარტიის საბჭოს ხელმძღვანელი ჟურნალისტი ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ მათ არ უნახავთ დამატებით ფოტორეპორტიორების ჯაშუშობის დამამტკიცებელი რაიმე საბუთი:

”მათ კატეგორიულად უარყვეს ჩვენი მოთხოვნა თავდებით გათავისუფლდნენ ფოტოგრაფები და ასევე უარი თქვეს საქმეს მთლიანად მოეხსნას გრიფი ’საიდუმლო”. თუმცა ამასთანავე უნდა ვთქვა, რომ არც ერთი მტკიცებულება ჩვენ იქ არ მოგვისმენია, მხოლოდ მოსაზრებებს ვისმენდით და ასეთივე მოსაზრებები გვაქვს ჩვენც და ამ მოსაზრებებით ჩვენ დარწმუნებულები ვართ ამ საქმის ნახევრად ან სრულად უსაფუძვლობაში.”

ამასვე აცხადებს ლაშა ტუღუში:

”ისინი ცდილობდნენ დავერწმუნებინეთ, რომ მათ აქვთ საფუძვლიანი ეჭვი და ჩვენ კიდევ ვუთხარით, რომ ვერაფერი მოვისმინეთ ისეთი, რაც დაგვარწმუნებდა, რომ ეს ადამიანები არიან დამნაშავეები და უცხო ქვეყნის ჯაშუშები.”
მან თქვა, რომ EPA-სთან ამ საქმეს არანაირი კავშირი არა აქვს და როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით უცხოურ ორგანიზაციაზე, EPA არ გვიგულისხმიაო...

ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ღია სასამართლო და დაჩქარებული სასამართლო უკვე შედეგია. თუმცა მას აეჭვებს შს მინისტრის განცხადება, რომელიც მან ამ შეხვედრაზე გააკეთა, რომ თურმე ამ საქმესთან ევროპის პრესისა და ფოტოს სააგენტო არაფერ შუაშია:

”მან თქვა, რომ EPA-სთან ამ საქმეს არანაირი კავშირი არა აქვს და როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით უცხოურ ორგანიზაციაზე, EPA არ გვიგულისხმიაო”.

EPA-სთან დაკავშირებული ეს განცხადება ვანო მერაბიშვილმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზეც გააკეთა, რომელიც წინ უსწრებდა ეთიკის ქარტიასა და მედიაკოალიციასთან შეხვედრას. მერაბიშვილთან ერთად ამ ორივე შეხვედრას ესწრებოდნენ მისი მოადგილე ეკა ზღულაძე და სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი.

"როიტერსის", "ასოშიეიტიდ პრესის", "ბლუმბერგის", "ფრანს პრესისა" და ასევე სივილ.ჯი-ს ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა კვლავ გაუმეორა აქამდე გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ზურაბ ქურციკიძე 2004 წლიდან ჰყავთ კონტროლზე აყვანილი, რომ მას კავშირი ჰქონდა რუსეთის დაზვერვასთან და რომ ეს საქმე შესაძლოა უკავშირდებოდეს 2006 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული რუსი ჯაშუშების საქმეს.

მედიაექსპერტ ნინო დანელიას თქმით, ერთადერთი ახალი ფაქტი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 13 ივლისის შეხვედრაზე წარმოადგინა, 2004 წელს რუსეთის დაზვერვის სახელმწიფო სამმართველოს, ე.წ. „გრუს“, ორ აღიარებულ, გაშიფრულ აგენტთან ზურაბ ქურციკიძის სატელეფონო კავშირების ამონაწერია. დოკუმენტები, რომლებიც მერაბიშვილს მაგიდაზე ედო, შეეხებოდა 2004 წელს ზურაბ ქურციკიძის სატელეფონო ზარებს "გრუს" ორ გაშიფრულ აგენტთან. თუმცა, ჟურნალისტის თქმით, საუბრების შინაარსი მათთვის უცნობია.
XS
SM
MD
LG