Accessibility links

ჟურნალისტების რევოლუციური იდეები


ქართველი და ოსი ჟურნალისტების შეხვედრა

ქართველი და ოსი ჟურნალისტების შეხვედრა

ჟურნალისტების რევოლუციური იდეები - ასე შეაფასეს ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა ქართველი და ოსი ჟურნალისტების მიერ წამოყენებული ის წინადადებები, რომლებიც, სამოქალაქო დიალოგის ფარგლებში, ჟურნალისტების სამუშაო ჯგუფში დაიბადა.
საზოგადოებრივი დიალოგის სერიას, რომელსაც ორგანიზებას ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი უწევს, „თვალსაზრისი“ ჰქვია...

საზოგადოებრივი დიალოგის სერიას, რომელსაც ორგანიზებას ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი უწევს, „თვალსაზრისი“ ჰქვია. ბოლო შეხვედრაზე სტამბულში ოსი და ქართველი ჟურნალისტებიც იყვნენ მიწვეულნი. დიალოგის მიმდინარეობისას პოლიტიკოსების და ექსპერტების მხრიდან მედიის მისამართით ისმოდა პრეტენზიები არაობიექტური, მიკერძოებული და დაუბალანსებელი ინფორმაციის გავრცელების თაობაზე.

ქართველი და ოსი კოლეგები ცალკე სამუშაო ჯგუფში შეიკრიბნენ, სადაც გაჩნდა არაერთი იდეა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე - მაგალითად, ინფორმაციისა და სტატიების გაცვლა, ეთიკურ პრინციპებზე შეთანხმება, ინფორმაციის გადამოწმება ერთმანეთთან... არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს ხანებში ქართველი ჟურნალისტების ერთ ნაწილს ცხინვალში ჩასვლის შესაძლებლობა მიეცეს. გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი ელისო ჩაფიძე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების მიერ გამოთქმული იდეები მართლა რევოლუციურია და ახლა მთავარია ეს იდეები განხორციელდეს.

ელისო ჩაფიძე
„ჩვენ შევთანხმდით, რომ უკვე არსებულ საინფორმაციო საშუალებებში გავუცვლით ერთმანეთს სტატიებს, ინფორმაციას და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ის იდეა, რომ ჩვენ ერთობლივად ხელი მოვაწეროთ გარკვეული თამაშის წესებზე, სადაც იქნება როგორც სიძულვილის ენის საწინააღმდეგო ფორმულირებები და ტერმინოლოგია, რომელზეც ჩვენ შევთანხმდებით, ასევე ეთიკური ნორმები, რომლებსაც დავიცავთ, არის ძალიან რევოლუციური. ამიტომ მე ვთვლი, რომ, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, პირადად ჩემთვის ეს იყო გარდამტეხი შეხვედრა ცხოვრებაში“, - ამბობს ელისო ჩაფიძე.

ცხინვალელი ჟურნალისტი ანდრეი ტადტაევი მიიჩნევს, რომ ასეთი შეხვედრები აუცილებელი და მნიშვნელოვანია, მაგრამ, პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით დიდი შედეგების მიღწევა შეუძლებელია.
ჩვენ უნდა შევეცადოთ ურთიერთობების აღდგენას, უნდა ავაშენოთ ხიდები...

„ასეთი შეხვედრები, რა თქმა უნდა, საჭიროა, რადგანაც ნებისმიერი კონფლიქტი, როდესაც ის მთავრდება, მოითხოვს მოლაპარაკებებს, - ჩვენ უნდა შევეცადოთ ურთიერთობების აღდგენას, უნდა ავაშენოთ ხიდები, - მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სასარგებლოა მონაწილეებისთვის, მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ბევრს არაფერს მოიტანს“, - აცხადებს ანდრეი ტადტაევი.

სტამბულის შეხვედრაზე ჟურნალისტების საქმიანობის შესახებ საკუთარი მოსაზრებები ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმაც გამოთქვეს. როგორც ცნობლია, აქამდე ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ოსური დელეგაცია ისე ტოვებდა, რომ კომენტარს ქართველ ჟურნალისტებთან არ აკეთებდა. ამის მიზეზად დე ფაქტო რესპუბლიკის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილე მერაბ ჩიგოევი ზოგიერთი მედიასაშუალების მიმართ უნდობლობას ასახელებს, თუმცა საზოგადოებრივი დიალოგის ფარგლებში მიღწეულია შეთანხმება, რომ დაინერგება ბრიფინგების სისტემა და ქართველ ჟურნალისტებს ოსური მხარის მოთხოვნებიც ეცნობება ხოლმე.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჟურნალისტებს შეუძლიათ სიტუაციის როგორც დაძაბვა, ასევე განმუხტვა. მაგალითად, როდესაც ქართველი ჟურნალისტი წერს თავისი ხელისუფლების უარყოფით ქმედებებზე, ხოლო ოსი ჟურნალისტი - თავისი ხელისუფლების უარყოფით ქმედებებზე, შესაძლოა ეს ერთი შეხედვით მტკივნეული იყოს, მაგრამ არსებითად ეს ყოველთვის სასარგებლო იქნება. ასეთ შემთხვევაში პოლიტიკოსები სამომავლოდ შეეცდებიან, რომ უარყოფითი ნაბიჯები აღარ გადადგან, თორემ როცა საზოგადოებას ატყუებენ და თეთრს შავად, ხოლო შავს თეთრად უხატავენ, ამას გაცილებით მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე, მაგალითად, თვალის დახუჭვას ნეგატიურ ქმედებებზე. თუმცა არც ეს არის საუკეთესო გამოსავალი“, - ამბობს მერაბ ჩიგოევი.
მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სიძულვილის ენის დაძლევას შველის ერთი რამ - კომუნიკაცია და კავშირი, ურთიერთობები საზოგადოებებს შორის...

კონფლიქტოლოგი გიორგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ სიძულვილის ენის დაძლევა და ნდობის აღდგენა მედიის წარმომადგენლებს შორის უმთავრესია. ამ მიმართულებით კი მუშაობა უნდა გაგრძელდეს და შესაძლოა ახალი პროექტებიც დაიბადოს.

„მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სიძულვილის ენის დაძლევას შველის ერთი რამ - კომუნიკაცია და კავშირი, ურთიერთობები საზოგადოებებს შორის. ამიტომ დიალოგი აუცილებელია. ამ შემთხვევაში ნაკლებია სიძულვილის ენის გამოყენების შესაძლებლობა“, - ამბობს გიორგი ხუციშვილი.

პირველი ნაბიჯი, რასაც შეხვედრის მონაწილე ჟურნალისტები გადადგამენ, ყველა საეჭვო ინფორმაციის ერთმანეთთან გადამოწმება იქნება. ამის შემდეგ კი სხვა იდეების განსახორციელებლად გაგრძელდება მუშაობა.

ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტთან არსებული კონფლიქტების ანალიზის და მოგვარების ინსტიტუტის მიერ საზოგადოებრივი დიალოგის ფორმატში 9 შეხვედრა უკვე გაიმართა. ბოლო შეხვედრის თანადამფინანსებელი საერთაშორისო ორგანიზაცია „უსაფრთხო მსოფლიო“ (Saferworld) იყო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG