Accessibility links

”ახალმა მემარჯვენეებმა” საგანგებო განცხადება გაავრცელეს დაკავებული ფოტოკორესპონდენტების თაობაზე


ფოტოკორესპონდენტების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით 13 ივლისს საგანგებო განცხადება გაავრცელა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ”ახალი მემარჯვენეები”. მათი აზრით, ამ საქმისადმი მაღალი ინტერესის ფონზე, ”სრულიად არაადეკვატური და არადამაჯერებელი აღმოჩნდა” დაკავებულთა ”ბრალეულობის დამადასტურებელი მასალები და არგუმენტები, რომლებიც ხელისუფლებამ წარმოადგინა.” ახალი მემარჯვენეები მიიჩნევენ, რომ, შედეგად, საზოგადოებაში გაჩნდა ”სრულიად სამართლიანი ეჭვი ფოტორეპორტიორების დევნის რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით და ასევე, სრულიად სამართლიანი პროტესტი უსამართლობის, მედიის თავისუფლების შეზღუდვის და ადამიანის უფლებების უხეშად შელახვის გამო.” ”ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ ავიღებთ სასამართლოს ფუნქციას, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში ცხადად იკვეთება, რომ ხელისუფლებამ ან სასწრაფოდ უნდა მოჰფინოს მეტი ნათელი ამ საქმეს, ან ბოდიში მოუხადოს საზოგადოებასაც და დაკავებულ ფოტორეპორტიორებსაც და გაათავისუფლოს ისინი უკანონო პატიმრობიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში სრული საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ საქმე გვქვს ხელისუფლების კიდევ ერთ მცდელობასთან ჩაახშოს თავისუფალი აზრი ქვეყანაში და უხეში ფორმით ზეწოლა მოახდინოს მედიაზე”, - ვკითხულობთ ახალი მემარჯვენეების მიერ 13 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG