Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა არის ბუნიათიშვილისთვის ვირტუოზობა?


პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი
პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი
14 ივლისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზში დაუკრავს ხატია ბუნიათიშვილი - 24 წლის პიანისტი, რომელიც, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, უკვე საკმაოდ ხაგნრძლივი წარმატებული კარიერით გამოირჩევა.

სადაც კი თვალს ან ყურს მოკრავთ ხატია ბუნიათიშვილის სახელს – ამის საშუალებას კი უხვად იძლევა ინტერნეტი, პრესა, ტელევიზია – აღმოაჩენთ, რომ ქების სიტყვებს არ იშურებენ. ასეა ბრიტანულ, ესპანურ, ფრანგულ და, ჩემი შთაბეჭდილებით, ყველაზე ხშირად, გერმანულენოვან მედიაში. მიზეზი შესაძლოა, ის გარემოება იყოს, რომ ხატია ბუნიათიშვილი, მას შემდეგ, რაც თბილისში სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა (პროფესორ თენგიზ ამირეჯიბის კლასი), სწავლობდა ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში და ხშირად უკრავს გერმანულენოვან ქვეყნებში, თუმცა არა მარტო იქ.

ჩამონათვალი დარბაზებისა თუ ფესტივალებისა, სადაც ახალგაზრდა მუსიკოსს დაუკრავს, ასე ვთქვათ, მოუსწრია დაკვრა, მართლაც შთამბეჭდავია: ვენის მუზიკფერაინი და ნიუ-იორკის კარნეგი ჰოლი, ვერბიეს ფესტივალი და „პროჯეტო მარტა არგერიხი“, კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ლოკენჰაუზში და კონცერტგებოუ ამსტერდამში. სია გაცილებით უფრო გრძელია, უბრალოდ, აღარ გავაგრძელებ ჩამოთვლას, მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ხატია ბუნიათიშვილი რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატიც არის და, რახანია, კლასიკური მუსიკის სტაჟიან ვარსკვლავებთან ერთად უკრავს.

„კენტ ნაგანოს, გიდონ კრემერს, პაავო იარვის სურთ მასთან თანამშრომლობა...” - აღნიშნავენ გერმანიის საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხის კულტურულ პროგრამაში ttt, რომელმაც მაყურებელს ბუნიათიშვილის შესახებ საგანგებო სიუჟეტი წარუდგინა: „ლისტის წელთან დაკავშირებით, გვინდა აუცილებლად გაგაცნოთ ახალგაზრდა ქართველი პიანისტი, რომლის საყვარელი კომპოზიტორიც ლისტია და რომელიც ფანტასტიკურად ასრულებს მის ნაწარმოებებს“...

ხატია ბუნიათიშვილს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც, უწინარეს ყოვლისა, ლისტის საუცხოო შემსრულებელს. უნგრელი კომპოზიტორი ფერენც ლისტი, როგორც მუსიკის მოყვარულებმა იციან, საუცხოო პიანისტიც იყო. ჩვენ თბილისში დავურეკეთ ხატია ბუნიათიშვილს და ვთხოვეთ მას, ესაუბრა ლისტისადმი დამოკიდებულებაზე.

ლისტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპოზიტორიაო, მაშინვე აღნიშნა პიანისტმა და განაგრძო „იმიტომ, რომ ბავშვობიდან ვუკრავ მის ნაწარმოებებს სცენაზე და სცენის ეს, პირველი სიამოვნება აღვიქვი ლისტთან ერთად. აქედან გამომდინარე, მის მიმართ განსაკუთრებით თბილი დამოკიდებულება მაქვს. გარდა ამისა, ის აძლევს პიანისტს საშუალებას, რადგან თვითონ იყო პიანისტი, მაქსიმალურად, ყველა კუთხით წარმოაჩინოს პიანისტის როგორც სიღრმისეული, ისე გარეგანი ვირტუოზული ასპექტი“.

რაც შეეხება პიანისტის ვირტოუზულ მხარეს, ხატია ბუნიათიშვილმა რომ ახსენა, ჩვენს ეპოქაში ამ მხრივ საკმაოდ დიდი არჩევანია. საკონცერტო სცენებზე გამოდიან, რომ იტყვიან, თავბრუდამხვევი ტექნიკის მქონე მუსიკოსები, მათ შორის ბევრი აღმოსავლეთაზიელი - ჩინელი, სამხრეთკორეელი. რა უნდა ჰქონდეს შემსრულებელს, რომ ამ, მრავალრიცხოვანი კონკურენტების ფონზეც გამოირჩეოდეს? ინდივიდუალობაო, გვპასუხობს ქართველი პიანისტი.

„ლისტი არა მარტო ტექნიკურ სირთულეებს უყენებს პიანისტს. იქ ძალიან ბევრი შრე არის, მათ შორის ვირტუოზობაც. ერთი არის სუფთა და სწორი დაკვრა და სწრაფი დაკვრა და მეორე არის ნამდვილი ვირტუოზულობა, რომელსაც აქვს მეტი არტისტული მომენტი, ანუ, როდესაც თავისუფლებაზე არის დამყარებული და არა იმაზე, რომ ვინ უფრო სწრაფად და ვინ უფრო სუფთად, ან ვინ უფრო, როგორც ქართველები ვიტყოდით, ჩაწიკწიკებულად დაუკრავს“, - გვითხრა პიანისტმა.

და მაინც, რა არის ვირტუოზულობა ხატია ბუნიათიშვილისთვის?

„ვირტუოზულობა ჩემთვის არის ის, როდესაც (უკრავ) ერთი სულის მოთქმით, ერთი ხელის მოსმით და არა მხოლოდ დამუშავებულ პასაჟებს... როცა თითოეული პასაჟი რაღაცის მთქმელია - ეს არის ვირტუოზულობა. ვირტუოზულობა იმისთვისაა საჭირო, რომ ემსახურებოდეს გარკვეულ აზრს და არა აზრი უნდა ემსახურებოდეს ვირტუოზულობას“, - ასე განმარტავს ხატია ბუნიათიშვილი ცნებას, რომელსაც ხშირად ახსენებენ ხოლმე მასზე საუბრისას.

წეღან უკვე ვახსენე, რომ მისი მისამართით ქების სიტყვებს არ იშურებენ და ასეა მისი კოლეგების, მუსიკის მოყვარულების, კრიტიკოსებისაგან. აი, რას წერს ერთ-ერთი წამყვანი გერმანულენოვანი გაზეთი, „ნოიე ციურხერ ცაიტუნგი“ სტატიაში, რომელიც 10 ივლისის ნომერში დაიბეჭდა: „ახალგაზრდა ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი ამჟამად მსოფლიოს სცენებს იპყრობს. როცა უკრავს, ერთმანეთს ერწყმის გონიერება, ტექნიკა და მოუთოკავი ტემპერამენტი“.

ბრიტანული რადიო კლასიკ ეფემი 1 ივლისის პროგრამაში: „ბუნიათიშვილი არის ახალგაზრდა ხელოვანი დიდი ტემპერამენტითა და ტექნიკით, რომელიც ახალგაზრდა მარტა არგერიხს მოგაგონებს“.

ეს გამოხმაურება მოჰყვა პიანისტის ერთ-ერთ ბოლო კომპაქტ-დისკს, რომელზეც ლისტის ნაწარმოებები ჟღერს და რომელიც „სონიმ“ გამოსცა.

ბოლოს წარმოგიდგენთ კიდევ ერთ კომპაქტ-დისკს: მასზე კამერული მუსიკა ჟღერს და ის მიუნხენში დაფუძნებულმა კომპანია ECM-მა გამოსცა. ეს გახლავთ ჩაიკოვსკისა და ვიქტორ კისინის საფორტეპიანო ტრიოები ლატვიელ მევიოლინე გიდონ კრემერის, ლიტველ ჩელისტ გიედრე დირვანაუსკაიტესა და ქართველ პიანისტ ხატია ბუნიათიშვილის შესრულებით.

კომპაქტ-დისკსს ვრცელი სტატია მიუძღვნა გერმანიის ყოველდღიურმა „ფრანკუფრტერ ალგემაინე ცაიტნუგმა“ 30 ივნისის ნომერში. იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ჩაიკოვსკის საფორტეპიანო ტრიოს იშვიათად თუ უკრავენ კონცერტებზე, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ მიზეზად უნდა მივიჩნიოთ ნაწარმოების შესრულებასთან დაკავშირებული დიდი სირთულეები. ეს ტრიო მოითხოვს სამ სოლისტს ვირტუოზული ტექნიკით და სხვებისაგან განმასხვავებელი საზღვრის გავლების უნარითო, წერს სტატიის ავტორი გერჰარდ კოხი და ჩაიკოვსკის საფორტეპიანო ტრიოს რამდენიმე, მისი და არა მარტო შეფასებით გენიალურ ჩანაწერს იხსენებს. ესენია ჩაიკოვსკის ნაწარმოები რუბინშტეინის, ჰაიფეცის და პიატიგორსკის შესრულებით, შემდეგ გილელსის, კოგანის და როსტროპოვიჩის სამეული და მესამე - ჰოროვიცის, სტერნისა და როსტროპოვიჩის კონცერტი.

ამ ჩანაწერებს, ვკითხულობთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში“, „დაემატა ახალი სტუდიური ჩანაწერი. მევიოლინე გიდონ კრემერი უკრავს ორ ახალგაზრდა პარტნიორთან, ლიტველ ჩელისტ გიედრე დირვანაუსკაიტესთან და ქართველ პიანისტ ხატია ბუნიათიშვილთან ერთად“. ეს ძალიან ნაყოფიერი პარტნიორობა არისო, დასძენს სტატიის ავტორი.
XS
SM
MD
LG