Accessibility links

დევნილთა გასახლება გრძელდება


დევნილების გამოსახლება. თბილისი, 2010 წლის 13 აგვისტო

დევნილების გამოსახლება. თბილისი, 2010 წლის 13 აგვისტო

18 ივლისიდან თბილისში მცხოვრებ დევნილთა გასახლების მორიგი - მესამე - ტალღა იწყება. ამის შესახებ იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან შესაბამისი გაფრთხილება უკვე მიიღეს დევნილებმა ოთხ ჩასახლებაში. გაფრთხილებას კონკრეტული შეთავაზებებიც მოჰყვა - დევნილებს ახალ საცხოვრებელ ბინებს კვლავ სამეგრელოსა და კახეთის სოფლებში სთავაზობენ.

უზნაძის ქუჩა #8-ში მდებარე ყოფილი საქენერგოს შენობა, ყაზბეგის #16-ში ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი შენობა, ვარკეთილში ყოფილი 204-ე ბაგა-ბაღი და სამღერეთის ქუჩა #13-ში ყოფილი მუსიკალური სკოლის შენობა - ეს თბილისში მცხოვრებ დევნილთა ის ჩასახლებებია, საიდანაც მათი გასახლება სამეგრელოსა და კახეთის სოფლების მიმართულებით ორშაბათიდან, 18 ივლისიდან, უნდა დაიწყოს. ეს არის დევნილთა გასახლების მესამე ტალღა, აცხადებს კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც დევნილების უფლებებს იცავს:

”ეს პროცესი 2010 წლის ივლისში დაიწყო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, და მაშინ დევნილებისადმი დაპირება სულ სხვაგვარად ჟღერდა - ხელისუფლება ამბობდა, რომ ყველა დევნილს დაუკანონდებოდა მათი საცხოვრებელი ფართი თბილისსა თუ სხვა ადგილას. მაგრამ არჩევნებიდან ერთ თვეში სრულიად საპირისპირო პროცესი დაიწყო და თბილისში ორ ტალღად 28 ობიექტი დაცალეს დევნილებისგან და მათ მეტ-ნაკლებად მისაღები პირობებიც კი არ შესთავაზეს. ამჯერადაც სრულიად მიუღებელ შეთავაზებებზეა საუბარი.”

გალიდან დევნილი მზია კორსანტია ყაზბეგის #16-ში მცხოვრები დევნილების სახელით ამბობს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დევნილებისათვის საცხოვრებელ ადგილად შეთავაზებულ სიაშია გურჯაანის რაიონის სოფელი ბაკურციხე, ლაგოდეხის რაიონი, ჩხოროწყუს რაიონი, სოფელი ლესიჭინე, ზუგდიდის რაიონის სოფელი ჭკადუა, ხობის რაიონი, აბაშის რაიონი, სოფელი ნორიო და წალენჯიხა. ხელისუფლების ეს შეთავაზება დევნილებისათვის კატეგორიულად მიუღებელია, რადგან, როგორც მზია კორსანტია აცხადებს, იქ არ არის სკოლა, არ არის საბავშვო ბაღი, საავადმყოფო ან რაიმე სამედიცონო პუნქტი, მაღაზიებამდე მისასვლელად 4-5 კილომეტრის გავლაა საჭირო.
შეთავაზებაზე უარის კიდევ არაერთი მიზეზი არსებობს:

”ჩვენ გვყავს დღედღეზე მოსარჩენი ფეხმძიმე ქალი, სკოლის ბავშვები, რომლებიც აქ სწავლობენ, ახალგაზრდები, ვინც აქ სამსახური იშოვა, აქ ვართ პენსიონერები, რომლებიც ვართ სხვადასხვა დაავადებით დაავადებული და, შესაბამისად, მუდმივად გვესაჭიროება ექიმის დახმარება. ამიტომ ჩვენ პროტესტს ვუცხადებთ იმ შემოთვაზებებს, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს და არ გვსურს წავიდეთ იმ სოფლებში, რომლებიც ადგილობრივმა მოსახლეობამაც კი მიატოვა.”

დევნილებმა, თავის მხრივ, სამინისტროს შემხვედრი შეთავაზებები გააცნეს და სთხოვეს, რომელიმე მაინც დაეკმაყოფილებინათ. ამ წინადადებებს შორისაა დევნილებისათვის ფოთსა და ბათუმში მშენებარე სახლებში ბინების გადაცემა ან 10 000-იანი კომპენსაციის აღება და ამ თანხით მათთვის ბინების დაგირავება ან ქალაქგარეთ მიწის ნაკვეთების გადაცემა. სამინისტროს თანხმობა არც ერთ ამ წინადადებაზე არ არსებობს. მათ დევნილებს გასახლების კონკრეტული თარიღი - 18 ივლისი - დაუსახელეს. დევნილები კი აცხადებენ, რომ სამინისტროს მხრიდან ყველა შეთავაზებაზე უარის შემთხვევაში აქციებს საპატრიარქოსა და გაეროს ოფისის წინ გამართავენ.

ეს პროცესი არც 18 და 19 ივლისს დასრულდება, - ამბობს დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენელი ირაკლი ციკოლია:

”ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ დედაქალაქი დევნილებისგან არ დაიცლება და ხელისუფლება არ შექმნის რეგიონებში მათ გეტოებს. შემდეგ იტყვიან, რომ ყველა დევნილი დაკმაყოფილებულია, რომ უსახლკარო ადამიანი ქვეყანას არ ჰყავს და, ფაქტობრივად, ეს იმას ნიშნავს, რომ დევნილიც არ გყავს. ბოლოს სტატუსსაც გააუქმებენ და დაკარგულ ტერიტორიებსაც შეელევიან.”

სამწუხაროდ, რადიო თავისუფლებასთან აღნიშნულ თემაზე კომენტარს კვლავ არ აკეთებს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. პროცესს აკვირდება სახალხო დამცველის ოფისიც. მისი წარმომადგენელი, სალომე ქურციკაშვილი, ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ სახალხო დამცველის საკმაოდ მწვავე ანგარიშში დეტალურად იყო აღწერილი დეევნილთათვის შეთავაზებული საცხოვრებლების მძიმე პირობები. ამ თვალსაზრისით სიახლე არც ამჯერად არის და მათ უკეთეს პირობებს სახელმწიფო ვერ სთავაზობს.
XS
SM
MD
LG