Accessibility links

logo-print
პრესა დღეს ჟურნალისტებთან საქართველოს შს მინისტრის შეხვედრაზე წერს: “რეზონანსი” - “უშედეგო და უინტერესო შეხვედრა ვანო მერაბიშვილთან”; “ახალი თაობა” – “მერაბიშვილმა დაკავებული ფოტოგრაფების თავდებით გათავისუფლებაზე უარი თქვა”; “24 საათი” – “შს მინისტრის განმარტებები “ფოტოგრაფების საქმეზე” - ეს სათაურებია. ამავე თემაზე “ალიას” ერთ-ერთი პუბლიკაციის სათაურია – “თქვენ რა, არ იცოდით გიორგი აბდალაძე იგორ გიორგაძის კაცი რომ იყო?” - ასეთი რამ შს მინისტრს უკითხავს შეხვედრის მონაწილე ჟურნალისტებისთვის. “ალიას” ავტორი კი შს მინისტრს გაზეთის ფურცლებიდან პასუხობს: “რა თქმა უნდა, ვიცოდით, ბატონო ვანო. ისიც ვიცოდით, მასთან 2004 წლიდან რომ თანამშრომლობდა. ეს თქვენ გაიგეთ აბდალაძის ჯაშუშობა ახლა, თორემ გიორგი ამას საქვეყნოდ ამბობდა - მერაბიშვილი ჩუმ-ჩუმად საიდუმლო ინფორმაციებს მიგზავნის და მე ამას მოსკოვში იგორ გიორგაძეს ვუფორვარდებ ელექტრონული ფოსტითო”.

“ალიაშივე” ქვეყნდება ინტერვიუ ეკა ბესელიასთან, რომელიც 13 ივლისს გიორგი აბდალაძეს შეხვდა. ბესელიას თანახმად, გიორგი აბდალაძემ შიმშილობა ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად შეწყვიტა. “ასევე, ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც მითხრა: მე არ ვაპირებ თავის მოკვლას. თუ რამე დამემართა საპყრობილეში, ეს იქნება ხელისუფლებისა და ციხის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა”.

“ალიაში” პირველ გვერდზე არის სათაური - “რომელმა ფოტოგრაფმა წაართვა სააკაშვილს დაპატიმრებამდე საყვარელი?”. ტექსტი რუსულენოვან მედიაში გამოთქმული მოსაზრებების მიმოხილვა გახლავთ.

“რეზონანსში” წაიკითხავთ: “”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში აცხადებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ ეს ნორმა უნდა გაუქმდეს. მის მოსაზრებას იურისტებიც იზიარებენ და აცხადებენ, რომ ამზადებენ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანად, რომლითაც ამ მუხლის გაუქმებას მოითხოვენ. თუკი სასამართლო მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ეს იმას ნიშნავს, რომ, მინიმუმ, დაკავებული ფოტორეპორტიორების გათავისუფლება უნდა მოხდეს”.

“24 საათი” იმ პოლიტიკური ძალების გეგმებს აცნობს მკითხველს, ვინც ხელი მოაწერა შეთანხმებას და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას აპირებს. სტატიაში ლაპარაკია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაზეც, რომლითაც ისინი პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობას ითხოვენ. ეს ის არასამთავორობო ორგანიზაციებია, რომლებიც თავის დროზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო გარემოს საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკებებს ადევნებდნენ თვალს, გარკვეულ რეკომენდაციებსაც შეიმუშავებდნენ და საზოგადეობასაც აწვდიდნენ ინფორმაციას. “24 საათისთვის” “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელ მამუკა კაციტაძეს უთქვამს: “”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს”, “ახალი თაობა - ახალ ინიციატივას” და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” ამომრჩეველთა სიის დამდგენ კომისიაში, ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან ერთად პირდაპირ აქვთ განსაზღვრული მესამედი კვოტა. ეს შეთანხმებაში გვიწერია. მათი მისამართით შემიძლია ვთქვა, რომ ამ საორგანიზაციო შეხვედრაზე საჭიროდ არ მივიჩნიეთ მათი დაძახება. რაც შეეება პროცესში შემდგომ ჩართულობას, ეს გარანტირებული აქვთ”.

“ახალ თაობაში” ოპოზიციური „ექვსიანის“ წევრ “ხალხის პარტიის” ლიდერ კობა დავითაშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება: “ჩვენ ისეთი ბრძოლის გამართვას ვაპირებთ, რომ ნაციონალურ მოძრაობას თავისი სატელიტებისთვის ქრისტიან-დემოკრატებისთვის, მემარჯვენეებისთვის, თორთლაძის და ძმათა მისთათვის არ ეცლება და მათთვის ხმებს ვერ გამოიმეტებს. დიდი ალბათობით ეს პარტიები საზოგადოების მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ”.
“საქართველოს რესპუბლიკის” ერთ-ერთი სტატია საარსებო მინიმუმს ეხება: “ნორმატიული საარსებო მინიმუმის ღირებულება, რომელიც, როგორც ამას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური განმარტავს, მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობის შენარჩუნებისთვისაა აუცილებელი, წლის დამდეგიდან დაახლოებით 9 პროცენტით გაძვირდა და წლის პირველ ნახევარში 166 ლარზე მეტს შეადგენს. საქსტატის ანგარიშში ისიცაა აღნიშნული, რომ, შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით, ეს ციფრი 29,1%-ითაა გაზრდილი”, - წერს “საქართველოს რესპუბლიკა”.
XS
SM
MD
LG