Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კაზინოების საქმე“ და ბრძოლა რუსეთის უწყებებს შორის


რუსეთის პროკურატურის დადანაშაულება, რომ ის არალეგალურ სათამაშო ბიზნესშია ჩართული, კორუფციისთვის მიყენებული სერიოზული დარტყმა არ გეგონოთ. როგორც ირკვევა, ეს უფრო სამთავრობო უწყებებს შორის დაპირისპირებაა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოსკოვის რეგიონის ადგილობრივი პროკურორები დაადანაშაულა, რომ არალეგალურ კაზინოებს მფარველობენ და, სამაგიეროდ, სხვადასხვა სახის ხეირს ნახულობენ. საჯაროდ ამ ბრალდებებზე წლის დასაწყისში ალაპარაკდნენ. სხვათა შორის, ითქვა, რომ გენერალური პროკურორის ვაჟი იყო ჩართული პროკურატურასა და კაზინოს მფლობელებს შორის შუამავლობაში. მაგრამ მას მერე, რაც პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა საჯაროდ უარყო ბრალდება, საგამოძიებო კომიტეტმაც უკან წაიღო სიტყვა.

კაზინოების სკანდალი კიდევ ერთხელ გაახსენდათ, როცა სახელმწიფო ტელევიზია იუწყებოდა მაღალი რანგის პროკურორის გარდაცვალების შესახებ საავადმყოფოში, სადაც ის თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ მიიყვანეს, მაგრამ ვერ უშველეს. მაშინ გაჩნდა მედიაში ერთი-ორი მინიშნება, რომ ეს შემთხვევა უკავშირდებოდა კაზინოების საქმეს. კაზინოების საქმეში მაღალი რანგის პირთა მონაწილეობის მიუხედავად, ცოტას თუ სჯეროდა, რომ ეს კორუფციისთვის მიყენებული დარტყმა შეიძლებოდა ყოფილიყო. მიმომხილველები თვლიან, რომ ეს დაპირისპირება თუ ბრძოლა ნაწილია პოლიტიკურ კლანებს შორის პაექრობისა. მათ, უბრალოდ, სურთ ერთმანეთს აჯობონ პრემიერ-მინისტრ პუტინის მიმართ ლოიალობაში. რუსეთში არის ასეთი ასოციაცია - „რუსეთის ადვოკატები ადამიანის უფლებებისთვის“, რომელსაც თავმჯდომარეობს ევგენი არხიპოვი. არხიპოვი ამბობს, რომ კაზინოების სკანდალი საგამოძიებო კომიტეტმა გენერალური პროკურატურის ხარჯზე თავისი ძალაუფლების გასაძლიერებლად წამოიწყო:

„მომხდარი უკიდურესად უარყოფითად მოქმედებს სამართალდამცავი სისტემის მუშაობის ხარისხზე. მაგრამ, ამავე დროს, ვხედავთ, რომ კორუფციული საქმეები, რომლებიც მათ უნდა გამოეძიათ, ამ კორპორაციული კონფლიქტის, ორ უწყებას შორის დაპირისპირების გამო გამომჟღავნდა, საქვეყნოდ ცნობილი გახდა.“

საგამოძიებო კომიტეტს მაშინდელმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2007 წელს ჩაუყარა საფუძველი, როგორც გენერალური პროკურატურის ნაწილს. მისი ხელმძღვანელი პუტინის თანაკურსელი იყო. კომიტეტს ხშირად ადანაშულებდნენ, რომ უფლებამოსილებას აჭარბებდა და აპატიმრებდა ადამიანებს, რომლებიც კრემლის მოწინააღმდეგეებად ითვლებოდნენ. კაზინოების შესახებ გამოძიების მასალები თებერვალში გავრცელდა,როცა საგამოძიებო კომიტეტი გენერალურ პროკურატურას გამოეყო. არხიპოვი ამბობს, რომ კომიტეტმა პროკურატურის მიმართ საქმე მხოლოდ იმის გამო დაიწყო, რომ უნდოდა თავისი ყოფილი ზემდგომების წინაშე საკუთარი დამოუკიდებლობის დემონსტრირება მოეხდინა. კირილ კაბანოვის, ეროვნული ანტიკორუფციული კომიტეტის ხელმძღვანელის თქმით, გენერალური პროკურატურის სხვა მოქიშპეები - განსაკუთრებით უშიშროების ფედერალური სამსახური - ამ კონფლიქტის გამწვავებით გაიხარებდნენ. მაგრამ მას მერე, რაც გენერალური პროკურორი, იური ჩაიკა, თავის თანამდებობაზე კიდევ ხუთი წლით დაამტკიცეს, ქიშპი ჩაწყნარდა:

„ბევრი უწყება, განსაკუთრებთი სპეცსამსახურები, გარკვეული პირები სპეცსამსახურებში ისურვებდნენ, რომ კონფლიქტი პროკურატურასა და საგამოძიებო კომიტეტს შორის გაგრძელებულიყო. ჩემი აზრით, ახლა ეს კონფლიქტი დასასრულისკენ მიდის.“

მართალია, კაზინოების სკანდალის საქმემ ზოგიერთ პროკურორს გარკვეული ზიანი მიაყენა, მაგრამ ცოტას თუ სჯერა რუსეთში იმისა, რომ ამ უწყებას ეს საქმე მეტისმეტად დააზარალებს. არხიპოვი ამის მიზეზს იმაში ხედავს, რომ რეალურად მთავრობა ვერ აკონტროლებს სამართალდამცავ უწყებებს და მათში განვითარებულ სპირალისებურ კორუფციას:

„დანაშაულებრივ დაჯგუფებებს, რომლებიც ჩვენი სახელმწიფო უწყებების გარშემო ჩამოყალიბდა, და კორუფციულ კავშირებს, რომლებიც ზემოთ მიდის, ხელს არ ახლებენ. მხოლოდ ცალკეულ საქმეებს განიხილავენ, იმ ცალკეული პროკურორების საქმეებს, რომლებიც არ არიან კავშირში მთავრობის მაღალი ჩინის მოხელეებთან.“

კაბანოვი ამ მოსაზრებას ეთანხმება და ამბობს, რომ სამართალდამცავების ამოცანა არ არის კანონის გატარება.მათი მიზანი ოფიციალური პოზიციის საშუალებით ხეირის ნახვაა:

„ქვეყნისთვის კორუფციისგან მომავალმა მთავარმა საფრთხემ ახალ ეტაპს მიაღწია: კრემლში მოქმედი დაჯგუფებები, რომელთაც ვერ აკონტროლებენ, რაც სურთ, იმას აკეთებენ. ეს კი, ცხადია, ძალიან სახიფათოა.“

არხიპოვი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მედვედევს ორჯერ მოუხდა ოფიციალური პირებისთვის დაევალებინა, გამოეძიებინათ ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის ციხეში სიკვდილის საქმე, რომელსაც მსოფლიო რეზონანსი მოჰყვა. ის დააპატიმრეს იმის გამო, რომ პოლიციაში ოფიციალური პირები მილიონობით დოლარის მითვისებაში დაადანაშაულა. პრეზიდენტის ერთი განკარგულებაც ხომ საკმარისი უნდა ყოფილიყოო, ამბობს არხიპოვი. ამ ქვეყანას, რუსეთს, მისი თქმით, თითქოს სულ ზემოდან აკონტროლებენ, მაგრამ კაზინოების ეს საქმე ადასტურებს, რომ, სინამდვილეში, ის ინერციით იმართება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG