Accessibility links

logo-print

მედიაკოალიცია: ვანო მერაბიშვილთან შეხვედრა უშედეგო იყო


შეხვედრას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში 13 ივლისს შედგა ”უშედეგოს” უწოდებენ კოალიციის ”მედიის ადვოკატირებისთვის” წარმომადგენლები. მათი თქმით, მინისტრ ვანო მერაბიშვილთან შეხვედრამ სიცხადე ვერ შეიტანა დაკავებული ფოტოკორესპონდენტების საქმის გარშემო და მანამდე არსებული კითხვის ნიშნები კვლავ კითხვის ნიშნებად დარჩა. ამ შინაარსის განცხადებები “რადიო თავისუფლებასთან” საუბრისას გააკეთეს 13 ივლისის შეხვედრის მონაწილეებმა: ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა - თამარ კორძაიამ და ჟურნალ ”ლიბერალის” რედაქტორმა შორენა შავერდაშვილმა. თუმცა ისინი საზოგადოებრივი აქტიურობის ერთადერთ შედეგად მიიჩნევენ საქართველოს პროკურატურის დაპირებას, რომ ფოტოკორესპონდენტების საქმის დიდი ნაწილი სასამართლოში საჯაროდ განიხილება და პროცესი დაიხურება საქმის მხოლოდ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ”მცირე” ნაწილის განხილვისას. ეს ინფორმაცია მედიაკოალიციის წარმომადგენლებს 13 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმაც დაუდასტურა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძე აუცილებლად მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ არ შეანელოს აქტიურობა ამ საქმესთან მიმართებით და რომ აუცილებელია ”სამოქალაქო კონტროლის მექანიზმების ამოქმედება”.
XS
SM
MD
LG