Accessibility links

logo-print

კლინტონისა და ლავროვის შეხვედრა


სერგეი ლავროვი და ჰილარი კლინტონი

სერგეი ლავროვი და ჰილარი კლინტონი

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ში სამდღიანი ვიზიტი დაასრულა თავის კოლეგა ჰილარი კლინტონთან ერთად ხელმოწერილი ორმხივი ხელშეკრულებით, რომელიც მრავალ საკითხს მოიცავს - დაწყებული გაშვილების საკითხით და სავიზო საკითხით დამთავრებული. ლავროვი და კლინტონი შეეცადნენ საქმე ისე წარმოეჩინათ, თითქოს ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა სარაკეტო თავდაცვის სადავოდ ქცეული საკითხის ირგვლივ ორ ქვეყანას შორის არსებულ აზრთა სხვადასხვაობას.

ჰილარი კლინტონისა და სერგეი ლავროვის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებებს შორისაა სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება გაშვილების წესების შესახებ და ნაბიჯები, რომლებიც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზებას ითვალისწინებს.ვაშინგტონში რუს კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ახალი შეთანხმება არის ნაწილი ძალისხმევისა, რომელიც ურთიერთობის გადატვირთვის შემდეგ ორ ქვეყანას შორის მიღწეული პროგრესის შენარჩუნებას უზრუნველყოფს:

„ჩვენ (აშშ და რუსეთი) არა მხოლოდ ორმხრივად, არამედ მრავალმხრივად ვმუშაობთ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, ანტიტერორიზმით დაწყებული და ბირთვული გაუვრცელებლობით დამთავრებული. ჩვენი ამოცანა ისაა, რომ განვაგრძოთ და გამოვიყენოთ მომენტი იმისათვის, რომ ჩვენს ხალხს მეტი შედეგი მოვუტანოთ.“

რაც შეეხება შეთანხმებას გაშვილების შესახებ, გაფორმებული ორმხრივი დოკუმენტით ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ მოსკოვის მიერ სანქცირებულ სამსახურებს, რომლებმაც მშობლების გადაწყვეტილებამდე უნდა დაადგინონ რამდენად ხელსაყრელია ვითარება, რომელშიც გაშვილებული ბავშვი აღმოჩნდება. ეს შეთანხმება გამოიწვია ბოლო დროს გავრცელებულმა ინფორმაციებმა, რომლის თანახმადაც, რუსეთიდან გაშვილებულ ბავშვებს აშშ-ში ახალი მშობლები ცუდად ექცეოდნენ და ამცირებდნენ. ხელმოწერილი შეთანხმება ვიზების გამარტივების შესახებ შედარებით მცირე დოკუმენტებითაც შესაძლებელს ხდის სამწლიანი მრავალჯერადი ვიზის მიღებას რუსი ბიზნესმენებისა და გარკვეული კატეგორიის ტურისტებისათვის.

თუმცა რუსეთისა და აშშ-ის შეხვედრის მთავარი საკითხი იყო ვითარება ლიბიასა და სირიაში და ირანის საკითხი. ლავროვმა განაცხადა, რუსეთი ირანთან მიმართებით „ნაბიჯ-ნაბიჯ“ მიდგომას უჭერს მხარს, რასაც შესაძლოა მოჰყვეს სანქციების შერბილება, თუკი ირანი საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნებს გაითვალისწინებსო:

„ჩვენ გამოვდივართ წინადადებით, რომ ყველა მოთხოვნაზე, რომელიც ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აქვს და რომელიც ირანმა უნდა შეასრულოს,შეიქმნას საგზაო რუკა, მარტივი საკითხებით დაწყებული და დამთავრებული იმით, რასაც შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს. და, დიახ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ირანის ყველა კონკრეტულ და არა დეკლარაციულ ნაბიჯზე, ჩვენ ჩავთვლიდით საჭიროდ, გადაგვედგა შემხვედრი ნაბიჯი თავდაპირველად გაყინვის, შემდეგ კი, წინსვლის კვალობაზე, სანქციების მოცულობის შემცირებით.“

ჰილარი კლინტონთან შეხვედრამდე სერგეი ლავროვი აშშ-ის პრეზიდენტს, ბარაკ ობამას, შეხვდა. საუბრის თემა იყო რუსეთის გაწევრიანება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, რასაც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის ქვეყანა მრავალი წლის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობს. ლავროვის თქმით, ბარაკ ობამა თანახმაა აღნიშნული საკითხი „ძალიან მალე“ გადაიჭრას:

„თეთრ სახლში პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრისას სავსებით შევთანხმდით იმის აუცილებლობაზე, რომ უმოკლეს დროში დავხუროთ მსო-ში რუსეთის გაერთიანების გზაზე არსებული საკითხები. ამისთვის ყველა შესაძლებლობა არსებობს. და როგორც დღეს თეთრ სახლში ჩემთვის ცნობილი გახდა, საამისოდ არსებობს აშშ-ის ხელმძღვანელობის პოლიტიკური ნებაც. ახლა საქმე ექსპერტებზეა, რომლებმაც ეს პოლიტიკური იმპულსი ქაღალდზე პრაქტიკული შეთანხმების სახით უნდა გადაიტანონ.“

თუმცა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ორგანიზაციაში გაწევრიანებამდე რუსეთმა უნდა მოაგვაროს სატარიფო, საექსპორტო და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მხრივ არსებული პრობლემები. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის რუსეთმა უნდა მიაღწიოს შეთანხმებას საქართველოსთან, რომელიც თანხმობის სანაცვლოდ საკუთარ პირობებს აყენებს. თბილისი მოითხოვს, რომ რუსეთმა გამჭვირვალე გახადოს „განთიადი-ადლერისა” და ”როკი-ქვემო ზარამაგის” საბაჟო-საკონტროლო პუნქტები.
XS
SM
MD
LG