Accessibility links

ჩრდილოეთ კავკასიაში მოღვაწე უფლებადამცველების ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების სამსახურები მფარველობენ იმ პირებს, რომლებიც ნატალია ესტემიროვას მკვლელობის უკან დგანან. ესტემიროვა 2009 წლის 15 ივლის გაიტაცეს და მოკლეს ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში. უფლებადამცველები აფრთხილებენ რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს, რომ გამოძიება არასწორი გზით მიდის და უშიშროების სამსახურები შესაძლოა კვალის არევით ნამდვილი მკვლელების დამალვას ცდილობდნენ.

როგორც რუსი უფლებადამცველები აცხადებენ, ნატალია ესტემიროვას საზარელი მკვლელობის მეორე წლისთავზე ძალიან მცირე პროგრესია მიღწეული მკვლელობის გარემოებათა მიუკერძოებელი გამოძიების თვალსაზრისით. ორგანიზაცია „მემორიალი“, - ჯგუფი, სადაც ესტემიროვა სიკვდილამდე მუშაობდა, - „ნოვაია გაზეტას“ თანამშრომლებსა და ადამიანის უფლებათა დაცვის ფედერაციასთან ერთად, 50 წლის აქტივისტი ქალის მკვლელობის საკუთარ გამოძიებას ატარებს. მათი მოკვლევა, რომელიც გასულ კვირას გადაეცა პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს,დღეს მედიის ფურცლებზე მოხვდა. დოკუმენტში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ხელისუფლების გამოძიება არასწორ გზაზეა, ხოლო საიდუმლო სამსახურები ნამდვილი მკვლელებიდან ყურადღების გადასატანად ყალბ ვერსიას უნდა თხზავდნენ.

ფრიდერიკე ბერი „ამნესტი ინტერნეიშენალის“ მოსკოვის ოფისში მუშაობს. მისი თქმით, დამოუკიდებელი გამომძიებლები ხელს არ ადებენ კონკრეტულად ხელისუფლების რომელიმე წევრს, ისინი მიუთითებენ მხოლოდ შეუსაბამობაზე ოფიციალურ გამოძიებაში, რაც შეუძლებელს გახდის დადგინდეს, თუ ვინ იდგა მკვლელობის უკან:

„არ არის დამაჯერებლად დამტკიცებული და საკმარის სამხილს არ ეფუძნება საგამოძიებო კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული თეორია, რომ ესტემიროვა ერთ-ერთი შეიარაღებული ჯგუფის წევრმა მოკლა. ამას, ყველა სხვა გარემოებასთან ერთად, მივყავართ დასკვნამდე, რომ იგი შესაძლოა მოკლა სამართალდამცველი უწყების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა და არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომელიც გამორიცხავდა ამ ვერსიის არსებობას.“

ესტემიროვას მკვლელობის პირველ წელს რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ დაადგინა მკვლელები. გამოძიების თანახმად, აქტივისტი ქალის მკვლელობა თურმე შურისგების მიზნით ჩაიდინეს ჩეჩენმა ექსტრემისტებმა, რომელთა დანაშაულიც გამოამჟღავნა ესტემიროვამ. ალტერნატიული გამოძიება ამ თეორიას არ იზიარებს და დასაშვებად მიიჩნევს, რომ ესტემიროვას მკვლელობის უკან საჯარო მოხელეებიც იდგნენ.

აღსანიშნავია, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლება - მათ შორის, პრეზიდენტი რამზან კადიროვი - საჯაროდ აკრიტიკებდა ესტემიროვას ჩრდილოეთ კავკასიის მშფოთვარე რესპუბლიკაში არსებული განუკითხაობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების თაობაზე გამოქვეყნებული სტატიების გამო, სტატიებისა, რომლებშიც საუბარი იყო ჩეჩნეთში ადამიანთა გაუჩინარებაზე, მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან ადამიანების უკანონო დასჯისა და წამების ფაქტებზე. სიკვდილამდე ორიოდე კვირით ადრე ესტემიროვამ ფარდა ახადა სამართალდამცველების მიერ ჩადენილ მკვლელობას. თუმცა ფედერალურმა გამოძიებამ წინასწარვე გამორიცხა ესტემიროვას მკვლელობაში პოლიციის მონაწილეობა, რაც, უფლებადამცველთა თქმით, გამოძიების მიკერძოებულობასა და ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. უფლებადამცველები რუსეთის მთავრობას შეახსენებენ მის მიერ ადგილობრივი და საერთაშორისო კანონებით ნაკისრ ვალდებულებებს. ისინი მოუწოდებენ კრემლს, ესტემიროვას მკვლელობა გამოძიებული იქნეს სრულყოფილად და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს ყველა დამნაშავეს, მისი თანამდებობისა და წოდების მიუხედავად.
XS
SM
MD
LG