Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მემორიალი" აცხადებს, რომ არასწორ გზას ადგას ესტემიროვას მკვლელობის გამოძიება


უფლებადამცავ ორგანიზაცია „მემორიალის“ განცხადებით დნმ-ის (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის) ანალიზმა აჩვენა, რომ ნატალია ესტემიროვას მკვლელობაში ბრალდებულ ორ მამაკაცს არ ჩაუდენია ეს დანაშაული. ესტემიროვა, რომელიც „მემორიალის“ თანამშრომელი იყო ჩეჩნეთში და აგროვებდა უშიშროების ძალების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ამსახველ ინფორმაციას, ორი წლის წინ, 2009 წლის 15 ივლისს მოიტაცეს გროზნოში. მოგვიანებით ის მოკლული იპოვეს. რუსი გამომძიებლები აცხადებენ, რომ ესტემიროვა მოკლეს ისლამისტური ჯგუფის წევრმა ძმებმა ბაშაევებმა. მაგრამ მემორიალმა დღეს გაავრცელა ცნობა, რომ მიიღო ერთ-ერთი ბრალდებულის, საფრანგეთში ემიგრირებული ანზორ ბაშაევის დნმ-ის ნიმუში, რის საფუძველზეც დაასკვნა, რომ ვერც მისი და ვერც მისი ძმის იქნებოდა ოფლი, რომელიც ესტემიროვას ტანისამოსზე აღმოაჩინეს. „მემორიალის“ ლიდერმა ოლეგ ორლოვმა დღეს განმეორებით გამოთქვა მოსაზრება, რომ ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს ეკისრება პასუხისმგებლობა ესტემიროვას მკვლელობაზე. ორლოვის თქმით, ოფიციალური გამოძიება არასწორ გზას ადგას. "მემორიალის" კვლევის შედეგები პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს გაუგზავნეს.
XS
SM
MD
LG