Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უზნაძის ინსტიტუტი“ ყოფნა-არყოფნის ზღვარზე


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სამოცდაათწლიანი ისტორიის მქონე ფსიქოლოგიის ინსტიტუტს, რომელიც მისი დამაარსებლის დიმიტრი უზნაძის სახელს ატარებს, დაფინანსება შეუწყვიტა, თუმცა ილიას უნივერსიტეტის რექტორი მიიჩნევს, რომ დაფინანსების შეწვეტა არ ნიშნავს ინსტიტუტის დახურვას. გიგი თევზაძის თქმით, ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, როგორც უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი ადმინისტრაციული ერთეული, ფუნქციონირებას განაგრძობს.
ინსტიტუტი ერთგვარი არაფორმალური უნივერსიტეტი იყო ყველა ფსიქოლოგისათვის. პრაქტიკულად ეს ცენტრი და ეს სულისკვეთება ისპობა იმ ნაბიჯებით...

1941 წელს, ზუსტად სამოცდაათი წლის წინ, ცნობილი მეცნიერის დიმიტრი უზნაძის თაოსნობით თბილისში შეიქმნა საქართველოში ფსიქოლოგიის დარგის პირველი სამეცნიერო დაწესებულება - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის სექტორი, რომელიც ორიოდე წელში, 1943 წელს, გარდაიქმნა ფსიქოლოგიის ინსტიტუტად. დიმიტრი უზნაძე, ვის სახელსაც ინსტიტუტი დღემდე ატარებს, განწყობის ფსიქოლოგიის მამამთავრად და საქართველოში ექსპერიმენტული პედაგოგიკისა და პედაგოგიკის ფსიქოლოგიის ფუძემდებლად ითვლება. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ, ტრადიციის მიხედვით, ინსტიტუტის კარი ღია იყო ნებისმიერი ფსიქოლოგისთვის:

„სტუდენტობის პერიოდიდან ყველა ფსიქოლოგი მიდიოდა და ტრადიციულ ოთხშაბათობებზე მოწმე ხდებოდა ფსიქოლოგიური დებატებისა ინსტიტუტში. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ინსტიტუტი ერთგვარი არაფორმალური უნივერსიტეტი იყო ყველა ფსიქოლოგისათვის. პრაქტიკულად ეს ცენტრი და ეს სულისკვეთება ისპობა იმ ნაბიჯებით, რომელიც ახლა იდგმება.“

ბოლო ნაბიჯი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადადგა, როცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, 45 პროცენტით შეუმცირა დაფინანსება. რექტორის, გიგი თევზაძის თქმით, შეიქმნა რთული ვითარება, რადგანაც პირდაპირი ბიუჯეტური ასიგნებების დიდი ნაწილი უნივერსიტეტისათვის მიერთებული ინსტიტუტების დაფინანსებაზე იხარჯებოდა.

„როცა გავიგეთ, რომ დაფინანსება მცირდება, ვკითხეთ განათლების სამინისტროს, როგორ გამოვიყენოთ ფული, რომელიც დაგვრჩა. სამინისტროდან მივიღე წერილი, სადაც განსაზღვრულია პრიორიტეტები სამინისტროს ხედვით“, უთხრა გიგი თევზაძემ რადიო თავისუფლებას.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მინისტრის მოადგილის, ნოდარ სურგულაძის მიერ ხელმოწერილი წერილი ილიას უნივერსიტეტის რექტორს მიმდინარე წლის 28 ივნისს გაუგზავნა. წერილში ვკითხულობთ:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე
„ბატონო გიგი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შემოსული თქვენი წერილის თაობაზე გაცნობებთ, რომ 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით უმაღლესი საგანმანათლებლო კვლევითი პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნების ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის განისაზღვრა 2010 წელთან შედარებით დაფინანსების შემცირებული ოდენობა - 3 მლნ 500 ათასი ლარი. გთხოვთ, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვროთ საგანმანათლებლო–კვლევითი საქმიანობის წარმართვისათვის პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსება. პრიორიტეტად განისაზღვროს აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის, სეისმური მონიტორინგის ცენტრის, ბაქტერიოფაგის, მიკრობიოლოგიის, ვირუსოლოგიისა და აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტების დაფინანსება.“

წერილის საფუძველზე ფსიქოლოგიის ინსტიტუტისათვის დაფინანსების შეწყვეტასა და პრიორიტეტების განსაზღვრას აპროტესტებს ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ზურაბ ვახანია, რომლის თქმითაც, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ერთიანი მიდგომა უნდა ჰქონდეს:

ინსტიტუტი არის უნივერსიტეტის შემადგენლობაში და ის, რა თქმა უნდა, არ უქმდება, რჩება ფსიქოლოგიის ინსტიტუტად...
„წესით, მინისტრის მოადგილის დონეზე ეს საკითხები არ უნდა წყდებოდეს. პრიორიტეტები უნდა დადგინდეს არა ერთი უნივერსიტეტის ფარგლებში, არამედ მთელი ქვეყნის მეცნიერების ფარგლებში. შემთხვევით აღმოჩნდა, რომ მოვხვდით ილიას უნივერსიტეტში - ფაქტობრივად, ლოტოტრონით - და გამოდის, რომ მაინცდამაინც ჩვენ გვეხება დაფინანსების გაუქმება. მთლიანი საქართველოსათვის უნდა განისაზღვროს პრიორიტეტული მიმართულებების ნუსხა. თუკი ილიას უნივერსიტეტს არ ჰყოფნის დაფინანსება, მაშინ გადაგვიყვანონ და სხვა უმაღლეს სასწავლებელს მიგვაერთონ.“

ზურაბ ვახანიას თქმით, ილიას უნივერსიტეტთან მიერთების წინ ინსტიტუტის თანამშრომლები დაარწმუნეს, რომ ავტონომია და დაფინანსების მოცულობა – წელიწადში დაახლოებით 150 ათასი ლარი – შენარჩუნდებოდა, თუმცა ახლა ირკვევა, რომ ინსტიტუტს თავად მოუწევს თანხის მოზიდვაზე ზრუნვა. ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე ამბობს, რომ მოცემულ ეტაპზე დაფინანსების შეწყვეტის წინააღმდეგი იყო, თუმცა იმასაც შენიშნავს, რომ დასავლეთში კვლევითი ინსტიტუტები დიდი ხანია მსგავსი მოდელით მუშაობენ. გიგი თევზაძის თქმით, ბიუჯეტიდან დაფინანსების შეწყვეტა არ ნიშნავს ინსტიტუტის გაუქმებას:

„ინსტიტუტი არის უნივერსიტეტის შემადგენლობაში და ის, რა თქმა უნდა, არ უქმდება, რჩება ფსიქოლოგიის ინსტიტუტად. უნივერსიტეტი გააკეთებს ყველაფერს, რათა ინსტიტუტი იყოს მოქმედი და ბრენდი, რომელიც შეიქმნა წლების განმავლობაში, არ დაიკარგოს. ფული, რასაც ინსტიტუტის თანამშრომლები იღებდნენ, იყო უფრო სოციალური დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, ვიდრე მეცნიერების დაფინანსება. ვერავინ იტყვის, რომ 150 ლარად ადამიანმა შეიძლება აკეთოს მეცნიერება.“

გიგი თევზაძე გამოსავალს გრანტების მოზიდვაში ხედავს, თუმცა ამ გამოსავალს ეჭვის თვალით უყურებენ ინსტიტუტის თანამშრომლები. ზურაბ ვახანია შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ურთიერთობის გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ დაფინანსების მიღების ალბათობა ძალზე დაბალია:
„ჩვენმა ისნტიტუტმა 20-ჯერ მაინც წარადგინა საგრანტო პროექტი. 20-დან დაფინანსდა მხოლოდ ერთი პროექტი, რომელსაც პირდაპირი კავშირი არ ჰქონდა ფისქოლოგიასთან - ლაპარაკია არაქართველებისთვის განკუთვნილ ქართულის სახელმძღვანელოზე. სამაგიეროდ, ფონდმა დააფინანსა იაპონელი რეჟისორის აკირა კუროსავას შემოქმედების კვლევა. ეს პროექტი დაფინანსდა, ხოლო ჩვენი პროექტები, რომლებიც გამოყენებით ფსიქოლოგიას (აგრესიის, ნარკომანიის პრევენციის პროგრამები) და ფუნდამენტურ კვლევებს მოიცავდა, არ დაფინანსდა. არ დაფინანსდა აგრეთვე ფსიქოლოგიის ლექსიკონი. არ უნდა ჰქონდეს კულტურულ ერს ფსიქოლოგიის ლექსიკონი?“

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, რომლის შესახებაც ზურაბ ვახანია საუბრობდა, პროექტებს ათი სამეცნიერო მიმართულებით აფინანსებს. ფონდის საშუალო წლიური ბიუჯეტი 25 მილიონი ლარია. ამასთან, მიმართულებათა შორისაა სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები. ფონდის სამეცნიერო პროგრამების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ნოსელიძე ამბობს, რომ განაცხადების შესწავლისა და დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი სუბიექტურ მიდგომას გამორიცხავს:

„მას შემდეგ, რაც შემოდის პროექტები, მათ ვუგზავნით ექსპერტებს რეცენზირებისათვის, რისთვისაც ვიყენებთ უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებს. სწორედ ისინი აფასებენ პროექტებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით. მას შემდეგ, რაც ყველა შეფასება იქნება მიღებული, შედგება რანჟირებული სია და იმის მიხედვით, თუ რამდენს ჰყოფნის ბიუჯეტის ფული, იქ „გადაიჭრება“ სია და უმაღლესი ქულების მქონე პროექტები დაფინანსდება.“

თუმცა ფსიქოლოგიის ინსტიტუტმა, როგორც უკვე ითქვა, უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთადერთი გრანტის მოპოვება შეძლო. რამაზ საყვარელიძის თქმით, ინსტიტუტს დაფინანსების მიღება გაუჭირდება საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ფონდებიდანაც, რომლებიც, როგორც წესი, თავს იკავებენ აკადემიური გამოკვლევების დაფინანსებისაგან:

„დააფინანსებენ იმას, რომ წახვიდე და დააწყნარო ლტოლვილები, ანუ პრაქტიკულად იმუშაო მათთან, მაგრამ იმის შესწავლას, რაში მდგომარეობს ლტოლვილების პრობლემის სპეციფიკა და რა გზები უნდა დაისახოს, ამას არასოდეს დააფინანსებენ.“

რამაზ საყვარელიძე შიშობს, რომ საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტით ფსიქოლოგიის ინსტიტუტსა და ზოგადად ქართულ კულტურას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება. ინსტიტუტის პარალიზებით შეჩერდება მსოფლიოში რამდენიმე ზოგადფსიქოლოგიური დიდი თეორიიდან ერთ–ერთის – უზნაძის განწყობის ფსიქოლოგიის - კვლევა.

„თეორიას თუ გააჩერებ, მოკვდება! ცოცხალი მეცნიერება არის მხოლოდ განვითარების პირობებში. იკარგება პერსპექტივა, რომ სკოლას ჰქონდეს თავისი სახე. თუკი სპორტსმენები მოგვწონს იმის გამო, რომ მათ საქართველოს სახელი გააქვთ და საქართველოს ასახელებენ, იგივე ხდება მეცნიერებაშიც. საქართველოში, ამ ინსტიტუტში ჩამოდიოდნენ უდიდესი მეცნიერები. მსოფლიოს მესამე სიმპოზიუმი არაცნობიერში მოეწყო თბილისში იმის გამო, რომ აქ იყო სკოლა. მსოფლიო ინტელექტუალების ეს ინტერესი ქართული ფსიქოლოგიის სკოლისადმი დაიკარგება“, უთხრა რამაზ საყვარელიძემ რადიო თავისუფლებას.

რამაზ საყვარელიძე დარწმუნებულია, რომ ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დროებითი სტაგნაციაც კი კვალს დაამჩნევს ქართველი ფსიქოლოგების კვალიფიკაციას, რომელიც ტრადიციულად ყოველთვის მაღალი იყო და რაც პრაქტიკაშიც ხშირად გამოიყენებოდა პედაგოგიკის ფსიქოლოგიის, ეთნოფსიქოლოგიისა და სოციალური ფსიქოლოგის სახით. თუმცა, რამაზ საყვარელიძისა და ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სხვა თანამშრომლებისგან განსხვავებით, ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე დარწმუნებულია, რომ ინსტიტუტი, როგორც „სამეცნიერო ბრენდი“, არსებობას არ შეწყვეტს და თუ შეთავაზებული პირობებით მოქმედი თანამშრომლები ვერ შეძლებენ მეცნიერული კვლევების გაგრძელებას, მათ ადგილზე მოვლენ სხვები, შედარებით ახალგაზრდები, და ისინი მოაბამენ საქმეს თავს. გიგი თევზაძის თქმით, მსგავსი ვითარებაა შექმნილი უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ ფილოსოფიის, დემოგრაფიის, ბოტანიკისა და ზოოლოგიის ინსტიტუტებშიც.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG