Accessibility links

logo-print
ჯინჯერ როჯერსი - ამერიკელი მსახიობი (მას 16 ივლისს ასი წელი შეუსრულდებოდა) - მე-14 ადგილზეა ყველა დროისა და ხალხის საუკეთესო ასი მსახიობის სიაში, რომელიც ამერიკის კინოაკადემიამ 2 000 წელს გამოაქვეყნა. თუმცა საქართველოში მას იცნობენ უფრო როგორც კარგ მოცეკვავეს, რომელმაც სახელი ფრედ ასტერთან ერთად გაითქვა.

იტალიელმა კომპოზიტორმა ნიკოლა პიოვანიმ ბრწყინვალედ შეასრულა ფედერიკო ფელინის დავალება: იმ მუსიკალური თემების ინტერპრეტაციისას, რომლებიც ჟღერდა ფილმებში ჯინჯერ როჯერსისა და ფრედ ასტერის მონაწილეობით, ნოსტალგიური განწყობა შექმნა, აუცილებელი ფელინის ამ ფილმისთვის - ”ჯინჯერი და ფრედი”. ფელინის ეს გვიანდელი სურათი ეკრანებზე 1987 წელს გამოვიდა. მართალია, მისი გმირები არა როჯერსი და ასტერი, არამედ იტალიელი მოცეკვავეები არიან, რომლებმაც ”ჯინჯერი” და ”ფრედი” ფსევდონიმებად აირჩიეს, ჯინჯერ როჯერსმა, იმხანად 76 წლის მსახიობმა, ფელინის სურათი რომ ნახა, აღფრთოვანებულმა აღნიშნა, ”თავისუფლების გამოხატვა შეუძლებელია, თუკი თავად არ ხარ თავისუფალი და მსუბუქიო”.

ბევრს ვმუშაობდი... ჩემთვის ეს იყო მთავარი. ამიტომ ასეთი გრძნობით შევხვდი ”ოსკარს” - მე ვერ ავიღებ - ვისაც უნდათ, იმას გადასცენ...
სხვათა შორის, ჯინჯერ როჯერსი ვირჯინია კეტრინ მაკმეტისთვისაც ფსევდონიმია. უფრო სწორად, ”როჯერსი” მამინაცვლის გვარია, ჯინჯერი კი - შემოკლებული ”ვირჯინია”. ჯინჯერ როჯერსმა თავდაპირველად თეატრში სცადა ბედი, 1929 წელს კინოშიც გადაიღეს, მაგრამ ნამდვილი წარმატება მას ხმოვანმა კინომ მოუტანა. კინოში გაჩნდა ხმა, გადაიღეს ჰოლივუდის მიუზიკლი ”42-ქუჩა”, რომელშიც ჯინჯერ როჯერსმა ერთ-ერთი როლი შეასრულა, და მსახიობი მაშინვე სახელგანთქმული გახდა - კრიტიკოსებმა სწორედ მის მუსიკალურობას და პლასტიკას მიაქციეს ყურადღება. მოგვიანებით, როცა ჯინჯერ როჯერსს ფრედ ასტერთან ერთად გადაიღებენ, ამერიკაში იტყვიან ”ჯინჯერ როჯერსი იგივეა, რაც ფრედ ასტერი... უბრალოდ, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია”.

სხვათა შორის, სწორედ ფელინის ფილმის ნახვის შემდეგ დაუბრუნდა იგი აქტიურ შემოქმედებას - განასახიერა ერთ-ერთი როლი სერიალში ”სასტუმრო” და დათანხმდა მონაწილეობა მიეღო გადაცემებში, სადაც თავის ცხოვრებას გაიხსენებდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელ როლს აირჩევდით შთამომავლობისთვისო, ჯინჯერ როჯერსმა უპასუხა:

”ვფიქრობ, ”კიტი ფოილში” განსახიერებულ როლს, რადგანაც ეს ფილმი იმ ეპოქის ამერიკელი ქალის ისტორიას გვიამბობს. ესაა ფილმი ახალგაზრდა ქალზე, რომელიც აზრის გამოხატვის თავისუფლებისთვის იბრძვის. ამის გამო არაერთ ადამიანთან უფუჭდება ურთიერთობა და ბევრსაც კარგავს, თუმცა ამ ყველაფერს იმის გამო აკეთებს, რომ საკუთარი შეხედულებები აქვს და საკუთარი პრინციპებით მოქმედებს.“

30-იანი წლები ჯინჯერ როჯერსისთვის ყველაზე წარმატებული პერიოდი იყო. კინოში ხმა ახლად შემოსული იყო, მიუზიკლი - ლამის ყველაზე პოპულარული ჟანრი, ამიტომ ხალხი რამდენჯერმე ნახულობდა ფილმებს მისი მონაწილეობით. თუმცა ”ოსკარი” მან 1941 წელს მოიპოვა ”კიტი ფაილში” განსახიერებული როლისთვის. მნიშვნელოვანია ის, რომ როჯერსს აქ ფრედ ასტერი არ უწევდა პარტნიორობას. სწორედ ამ ფილმით დაინგრა მითი, რომლის თანახმადაც, ჯინჯერ როჯერსი მხოლოდ ასტერის ”დამატება”, ერთგვარი ”ორნამენტი” იყო. უფრო მეტიც, ამ როლით როჯერსმა იმ დროის ამერიკული კინოს ორი დიდი ვარსკვლავი დაამარცხა. მისი თქმით, ”ოსკარით” როცა დააჯილდოვეს, გაოცებული დარჩა - მან ხომ მაშინ ბეტ დევისსა და კეტრინ ჰეპბერნს აჯობა.

”სულ არ მეგონა, რომ გავიმარჯვებდი. წინათგრძნობაც არ მქონია, მაგრამ ფაქტია - ბევრს ვმუშაობდი... ჩემთვის ეს იყო მთავარი. ამიტომ ასეთი გრძნობით შევხვდი ”ოსკარს” - მე ვერ ავიღებ - ვისაც უნდათ, იმას გადასცენ. მე ხომ ბევრს ვმუშაობდი...”

არაჩვეულებრივი შრომოსმოყვარეობა - ამის შესახებ მუდმივად წერენ ჯინჯერ როჯერსის ბიოგრაფები. ეს ის შემთხვევაა, როცა შრომა ადამიანს მსუბუქს და ჰაეროვანს ხდისო, აღნიშნა ფრედ ასტერმა ჯინჯერ როჯერსზე, როცა მსახიობის ცეკვის მანერა გაიხსენა. და მერე დაამატა, თავისუფალსაც ხდისო.

ამავე თემაზე

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG