Accessibility links

logo-print
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივით, საქართველოს მედიის ფართომასშტაბიანი მონიტორინგი დაიწყო. პროექტის ფარგლებში ცენტრალური და რეგიონალური პრესისა და მაუწყებლობის მონიტორინგს შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს. მონიტორინგი, რომელიც ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულდეს, სოციალური და ეკონომიკური საკითხების მთელ რიგს მოიცავს. სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში” გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადენლები ესწრებოდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მონიტორინგის თემები და მეთოდოლოგია წარმოადგინეს.

ჩვენი მონიტორინგის თემებია სასამართლო და კრიმინალი, დანაშაული. ვაკვირდებით როგორ აშუქებს მედია ამ თემებს...
სანამ 7 არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაგეგმილი მედიამონიტორინგის განხორციელებას შეუდგებოდა, მათ სპეციალური ტრენინგები გაიარეს. ტრენინგის მიზანი იყო კვლევის მეთოდოლოგიისა და ძირითადი პრინციპების შესწავლა. ტრენინგებს საერთაშორისო ორგანიზაცია ”მემო 89” ატარებდა, რომელიც ამ სფეროში აღიარებული ორგანიზაციაა. მხოლოდ ამის შემდეგ შეირჩა 7 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთაც უკვე 5 კვირაა დაიწყეს კვლევა პრესისა და მაუწყებლების, სხვადასხვა თემატიკის მიხედვით.

თემები, რომლის მიხედვითაც არასამთავრობოები იმუშავებდნენ, მონიტორინგის ორგანიზატორებს თავად შესთავაზეს. მაგალითად, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი“ სასამართლო სისტემის მონიტორინგს ახორციელებს. „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მკვლევარი მარიამ კობალაძე ამბობს, რომ სამ მედიასაშუალებას იკვლევენ. აქედან 2 ტელევიზიაა - „იმედი“ და „მაესტრო“- და ერთიც - ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”. მონიტორინგის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ამჯერად კონკრეტულ შედეგებზე ვერაფერს ამბობენ. მარიამ კობალაძის განცხადებით, ამჯერად მხოლოდ ზოგად ტენდენციებზე შეიძლება საუბარი:

”ჩვენი მონიტორინგის თემებია სასამართლო და კრიმინალი, დანაშაული. ვაკვირდებით როგორ აშუქებს მედია ამ თემებს, როგორია ძირითადი ტენდენციები, რა ტონით შუქდება ეს თემები და რა დრო ეთმობა სუბიექტებს და ა.შ. მონიტორინგი უკვე 5 კვირაა დაწყებულია. ამ პროექტის მიზანი არის ის, რომ გაამახვილოს მედიის ყურადღება იმაზე, რაც ყოველდღიურად იმდენად მნიშვნელოვნად არ ჩანს, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორია მათი გაშუქება.”

შეგახსენებთ, რომ მონიტორინგს სულ 7 არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს. ესენი გახლავთ: „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი“ (CRRC), „საქართვლოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“ (GIPA), „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“, „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „ინტერნიუს საქართველო“.

”ინტერნიუს საქართველოს” წარმომადგენლის, ინტერნეტგამოცემა media.ge-ს რედაქტორის დავით მჭედლიძის განცხადებით, მათი ორგანიზაცია გენდერული ძალადობის თემის მონიტორინგს ახორციელებს 11 გაზეთში, მათ შორის - 2 რეგიონალურ გაზეთში.ესენია: ”სამხრეთი კარიბჭე”, რომელიც სამცხე-ჯავახეთში გამოიცემა და გაზეთი ”ბათუმელები”, რომელიც აჭარის რეგიონში გამოდის, ხოლო 5 ტელევიზიაში - „მაესტრო“, „კავკასია“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „იმედი“ და „რუსთავი 2“ - მონიტორინგი შეეხება დევნილების თემის გაშუქებას. მონიტორინგის მეთოდოლოგიის მიხედვით, ყურადღება მახვილდება გამოქვეყნებული მასალების რაოდენობაზე, თვისებრიობაზე, ტონზე, ხანგრძლივობაზე და ა.შ.:

”ძალიან ცუდი სურათია. ჩვენ თემების მიხედვით გავაკეთეთ, ვთქვათ, ვინ როგორ აშუქებს დევნილების განსახლების პროცესს, ვინ როგორ აშუქებს დევნილების დაბრუნების პრობლემას, ვინ როგორ აშუქებს დევნილების სოციალურ საკითხებს... - აი, ამ თემების მიხედვით ვსწავლობდიღ და ძალიან ცუდი სიტუაციაა”, - ამბობს დავით მჭედლიძე.

კრიტიკა არავის უყვარს, მაგრამ ასეთია ცხოვრება: უნდა ვისწავლოთ სხვისი აზრის მოსმენა, მათ შორის - კრიტიკული აზრის...
გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ჯეიმი მაკგოლდრიკმა აღნიშნა, რომ მონიტორინგი საქართველოს მედიას და საზოგადოებას ერთნაირად წაადგება, რადგან, ერთი მხრივ, ის ემსახურება მედიის პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის გაზრდას, რაც, მეორე მხრივ, განაპირობებს საზოგადოების უკეთ ინფორმირებას:

”UNDP ცდილობს განვითარდეს მედიამონიტორინგის სტანდარტები, პროფესიონალიზმი და მეთოდოლოგია. ჟურნალისტების მთავარი როლი ნებისმიერ სიტუაციაში არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ისინი ხელს უწყობენ საზოგადოებას გააცნობიერონ და მიიღონ გადაწყვეტილებები. ასე რომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ვმუშაობთ მეთოდოლოგიაზე, ვაძლიერებთ პროფესიონალიზმს და ამით ვცდილობთ საზოგადოებამ გაიგოს და გააცნობიეროს ის ვალდებულებები, რაც მათ ეკისრებათ, განსაკუთრებით ისეთ დემოკრატიულ საზოგადოებაში, როგორიც საქართველოა.”

აღსანიშნავია, რომ დღეს გამართულ ღონისძიებას თავად იმ მედიასაშუალებების ძალიან ცოტა წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებიც მონიტორინგის ობიექტები არიან. ერთ-ერთი გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში იყო. ის ამბობს, რომ მონიტორინგი მნიშვნელოვნად ეხმარება მედიას განვითარებაში, თუმცა აღნიშნავს, რომ მონიტორინგი კვალიფიციური უნდა იყოს:

”კრიტიკა არავის უყვარს, მაგრამ ასეთია ცხოვრება: უნდა ვისწავლოთ სხვისი აზრის მოსმენა, მათ შორის - კრიტიკული აზრის. ამაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ. მთავარია კარგად გაკეთდეს.”

მედიამონიტორინგი, რომელიც სოციალურ-ეკონომიკური საკითხების გაშუქებას ითვალისწინებს, ოქტომბრის ბოლოს გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG