Accessibility links

ქართული პრესის მიმოხილვა. 15 ივლისი, 2011

  • ნიკო ნერგაძე

მიმოხილვას ”ვერსიით” დავიწყებთ, რომელიც დღეს აქვეყნებს ინტერვიუს ქრისტიან-დემოკრატ ლევან ვეფხვაძესთან. ინტერვიუ სხვადასხვა საკითხებს შეეხება - იწყება ხელისუფლებისა და ეკლესიის დაპირისპირების განხილვით, თუმცა კი მისი დიდი ნაწილი ოპოზიციური ”რვიანის” დაშლის მიზეზებს ეხება. ლევან ვეფხვაძე ამბობს, ოპოზიციურ გაერთიანებაში ბზარი მაშინ გაჩნდა, როდესაც ერთიან საარჩევნო ბლოკზე ჩამოვარდა საუბარი მაშინ, როდესაც ყველამ იცოდა, რომ ჩვენ ამის წინააღმდეგები ვიყავითო. ”ექვსიანმა“ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ „რვიანიდან“ წამოვსულიყავით”, - ამბობს ლევან ვეფხვაძე, თუმცა იმასაც ამატებს, ხელისუფლების საარჩევნო შემოთავაზებას ხელი იმიტომ მოვაწერეთ, რომ „ახლებს“ ეს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათო. ”ჩვენ ივნისში ხელმოწერას არაფერზე ვგეგმავდით, რადგან სექტემბერში სრული სურათი გვექნებოდა, თუ რას თმობს კიდევ ხელისუფლებაო”, - ამბობს ის და დასძენს:”ხოლო „ახლების“ ამბავი რომ გავიგეთ, გვრჩებოდა ალტერნატივა, ან ვყოფილიყავით „შვიდიანში“, რაც მომავალში 7 პარტიის ბლოკს ნიშნავდა, ან ჩვენც ხელი მოგვეწერაო”. სხვათა შორის, ლევან ვეფხვაძე ინტერვიუში იმასაც ამბობს, ბიომეტრიული პასპორტებით არჩევნების მოთხოვნაზე უარი დიდწილად იმიტომ ვთქვით, რომ უცხოელმა პარტნიორებმა თქვეს უარი ამის დაფინანსებაზე, თუმცა იმანაც ითამაშა როლი, რომ მრევლის დიდი ნაწილი ამას სკეპტიკურად შეხვდაო”.

აქვეა ინტერვიუ „მაესტროს“ შეფ მამუკა ღლონტთან, რომელიც მედიაკოალიციის წარმომადგენლების გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, შეხვედროდნენ ვანო მერაბიშვილს. ”ქარტიის წევრთა 7-კაციანმა ჯგუფმა უპრინციპობა გამოიჩინა. რატომ აირჩია ვანო მერაბიშვილმა მხოლოდ ეს 7 ჟურნალისტი? უთხრა „ვერსიას“ მამუკა ღლონტმა და განაგრძო: ”რატომ არ გვკითხა ამ შვიდმა ჟურნალისტმა სხვა მედიის წარმომადგენლებს აზრი, შევიდეთ თუ არა მერაბიშივილთან შეხვედრაზეო? მესმის, აქციები მათი ორგანიზებული იყო, მაგრამ მედიასივრცე მხოლოდ მათი არ არის...”

რაც შეეხება აქციებს დაკავებული ფოტოჟურნალისტების დასაცავად, ამის შესახებ ბევრს წერს დღეს „რეზონანსი“. "რვა დღეა, ჟურნალისტები დაკავებულ ფოტორეპორტიორებს სოლიდარობას უცხადებენ და საქმის გამჭვირვალობას მოითხოვენ, თუმცა ჯერ მხოლოდ სასამართლო პროცესების ღიაობას მიაღწიესო, - წერს ”რეზონანსი” და განაგრძობს: ”თუმცა ფოტორეპორტიორების ადვოკატებმა ჟურნალისტებთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქმეს კვლავ გრიფი "საიდუმლო" ადევს და შს მინისტრის განცხადება, რომ ადვოკატებს საუბრის უფლება აქვთ, ტყუილიაო". სტატიას ჰქვია "არავის ესმის, ვერავინ გვხედავს და ძალიან ბევრს გვატყუებენ" და მას ”რეზონანსში” წაიკითხავთ.
XS
SM
MD
LG