Accessibility links

საგარეო უწყება აპროტესტებს რუსეთის მინისტრის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთში


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პროტესტს გამოთქვამს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის ჩასვლის ფაქტთან დაკავშირებით. უწყების ოფიციალურ ვებსაიტზე 15 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ანატოლი სერდიუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში 13 ივლისს ”საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით და რუსეთის მიერ შექმნილი საოკუპაციო რეჟიმის ინსპექტირების მიზნით” ჩავიდა. ”რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის ე.წ. ვიზიტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ რუსეთი არ აპირებდა და არც აპირებს საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულებას, - ვკითხულობთ საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში. უწყება მიიჩნევს, რომ ”რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნის ვიზიტი წარმოადგენს ეთნიკური წმენდისა და სამხედრო ოკუპაციის მეშვეობით სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილებისა და საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას.” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ”აცხადებს მკაცრ პროტესტს და მოითხოვს რუსეთისაგან შეწყვიტოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია, აიღოს ძალის არგამოყენების ვალდებულება და დაიწყოს საქართველოს ტერიტორიის სრული დეოკუპაციის პროცესი.”
XS
SM
MD
LG