Accessibility links

logo-print

26 მაისის მოვლენების გამო 4 პოლიციელი დაითხოვეს


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ”შინაგან საქმეთა მინისტრის 14 ივლისის ბრძანებით, სამსახურიდან იქნა დათხოვნილი სამინისტროს ოთხი თანამშრომელი, თანამდებობიდან ჩამოქვეითდა ერთი თანამშრომელი, სასტიკი საყვედური გამოეცხადა სამ თანამშრომელს, ხოლო საყვედური - რვა თანამშრომელს.” როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა 15 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, ამგვარი გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ”შეისწავლა 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეთა უკანონო ქმედების აღკვეთის დროს სამართალდამცველების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინარული წესდების დარღვევის ფაქტები.” სამინისტროში შიდა მოკვლევა დაიწყო გენერალური პროკურატურის მიმართვის, ასევე მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული კადრების, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებების საფუძველზე. შოთა უტიაშვილის თქმით, აღნიშნული მოკვლევის შედეგები შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახალხო დამცველს გააცნო.
XS
SM
MD
LG