Accessibility links

logo-print

პენტაგონმა კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგია შეიმუშავა


პენტაგონი

პენტაგონი

პენტაგონმა გამოაქვეყნა ახალი, აგრესიული სტრატეგია, რომელმაც უნდა დაიცვას სამხედრო უწყების კომპიუტერული ქსელი ციფრული იერიშებისაგან. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მარტის თვეში განხორციელდა ყველაზე მძლავრი კიბერშეტევა პენტაგონის კომპიუტერულ ქსელზე, რის შედეგადაც ჰაკერებმა 24 ათასამდე საიდუმლოების შემცველი დოკუმენტის მოპარვა შეძლეს.

მარტში პენტაგონის სერვერზე მომხდარ კიბერშეტევაზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ უილიამ ლინმა ისაუბრა.
როგორც მაღალი რანგის სამხედრო მოხელემ განაცხადა, ახალი, 13 გვერდზე გაწერილი, სტრატეგია ითვალისწინებს კომპიუტერული ქსლის პასიური თავდაცვიდან ისეთ სისტემაზე გადასვლას, რომელიც, უილიამ ლინის თქმით, ჩაფიქრებულია როგორც „საბრძოლო დომეინი“ კიბერთავდასხმისაგან ამერიკის სამხედრო უწყების დასაცავად.

ასეთი საფრთხის შედეგად, ერთ რომელიმე ქვეყანაში კომპიუტერის ღილაკის მოქმედებას თვალის დახამხამებაში შეუძლია გავლენის მოხდენა მთელ პლანეტაზე...
ამერიკის თავდაცვის სამხედრო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ლინმა განაცხადა, პენტაგონი მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ კიბერშეტევას ისეთივე საკადრისი პასუხი მიაგოს, როგორც მტრულ ქმედებას „ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზეო“:

„შესაბამისად, საომარი კონფლიქტის შესახებ არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, აშშ იტოვებს უფლებას სერიოზულ კიბერშეტევას დაუპირისპიროს პროპორციული და გამართლებული პასუხი იქ და იმ დროს, სადაც და როდესაც საჭირო იქნება.“

ლინმა ცვლილებას უწოდა „სტრატეგიული“ და განაცხადა, რომ მანამდე არსებულმა ზომებმა ვერ უზრუნველყვეს მგრძნობიარე ინფორმაციის დაცვა. მარტის კიბერიერიშის შედეგად, მოიპარეს 24 ათასი დოსიე, რომლებიც საიდუმლო ინფორმაციებს შეიცავდნენ - სამხედრო აღჭურვილობის სქემებს, ცნობებს აეროკოსმიური და თანამგზავრული ნავიგაციის სფეროში მიმდინარე გამოკვლევების შესახებ. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანახმად, ნაცვლად იმისა, რომ დაელოდოს თავდასხმას, ახალი „დინამიკური თავდაცვის“ სისტემა შეძლებს ინტერნეტსივრცეშივე გამოავლინოს პოტენციური თავდამსხმელები. უილიამ ლინის თანახმად, პენტაგონს არ სურს კიბერსივრცის მილიტარიზება, მაგრამ ახალი სისტემით აპირებს დაიცვას სტრატეგიული კომპიუტერული სისტემა შურისგების მიზნით შექმნილი საფრთხისაგან.

„ასეთი საფრთხის შედეგად, ერთ რომელიმე ქვეყანაში კომპიუტერის ღილაკის მოქმედებას თვალის დახამხამებაში შეუძლია გავლენის მოხდენა მთელ პლანეტაზე. 21-ე საუკუნეში ბიტები და ბაიტები შეიძლება ისევე საშიში იყოს, როგორც ტყვიები და ბომბები.“

პენტაგონი აპირებს შექმნას ისეთი სენსორები და პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც შეძლებს აღმოაჩინოს ბოროტმზრახველთა კოდი, ვიდრე ის შეძლებდეს სისტემის მწყობრიდან გამოყვანას. ახალი სტრატეგიული სისტემა შესაძლებლობას მისცემს პენტაგონის კომპიუტერულ ქსელს კიბერიერიშის შემდეგ სწრაფად განაახლოს მუშაობა.

უილიამ ლინს არ დაუზუსტებია, თუ ვინ იდგა სამხედრო უწყების კომპიუტერულ სისტემაზე მარტის თვეში განხორციელებული კიბერიერიშის უკან. მხოლოდ ის აღნიშნა, რომ „პენტაგონს ამის შესახებ კარგად მოეხსენება“. უფრო ხშირად მსგავსი კიბერიერიშების ორგანიზებაში დასავლური მედია და ექსპერტები ბრალს ჩინეთსა და რუსეთს სდებენ.
XS
SM
MD
LG