Accessibility links

logo-print

გიორგი აბდალაძემ აღიარებითი ჩვენება მისცა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და "ალია ჰოლდინგის" ფოტორეპორტიორმა, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით არის დაპატიმრებული, დღეს გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მისცა. ამის შესახებ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ დაკავებული ფოტორეპორტიორის ადვოკატებმა და ორგანიზაცია "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ განაცხადეს. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" იუწყება, ადვოკატებს აქვთ ეჭვი, რომ აღიარებითი ჩვენება, შესაძლოა, მიღებული იყო ზეწოლის ქვეშ. როგორც ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი აცხადებს, ისინი ამ ეტაპზე მოკლებული არიან შესაძლებლობას, კონკრეტულად ისაუბრონ აბდალაძის აღიარებითი ჩვენების დეტალებზე. ჩვენების მიცემის შემდეგ, ბრალდებულმა უარი თქვა, შეხვედროდა ადვოკატებს. შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოკორესპონდენტები ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტორეპორტიორი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და "ალია ჰოლდინგის" ფოტორეპორტიორი) რამდენიმე დღის წინ დააკავა. ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძესა და გიორგი აბდალაძეს ბრალად ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება. მათ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ნათია გედენიძე კი ათიათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბრალდება 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG