Accessibility links

logo-print
რუსეთის თავდაცვითი წარმოება სკანდალში გაეხვია. ივლისის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, ნამდვილი „განკითხვის დღე“ მოუწყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას იმის გამო, რომ დიდი შეფერხებით სრულდება შეიარაღების სახელმწიფო პროგრამა, რაც სხვადასხვა სახეობის იარაღის, მათ შორის, სტრატეგიული დანიშნულების სისტემების შექმნას ითვალისწინებს. ამ ვითარების კრიტიკას შეიცავდა რამდენიმე პუბლიკაცია, რომლებიც გასულ კვირაში გაზეთებში „კომერსანტსა“ და „მოსკოუ ტაიმსში“ გამოქვეყნდა. სტატიების ავტორია სტრატეგიული რაკეტების გენერალური კონსტრუქტორი იური სოლომონოვი, რომელიც თბოტექნოლოგიების მოსკოვის ინსტიტუტში მუშაობს.

როგორც პუბლიკაციებიდან ირკვევა, 2007-2015 წლების სახელმწიფო პროგრამის თანახმად, რუსეთის არმიას უნდა მიეღო „ტოპოლ მ“-ის ტიპის 100 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, მაგრამ ეს გეგმა შეფერხდა, იური სოლომონოვის აზრით, იმის გამო, რომ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას 2011 წლის ექვსი თვის განმავლობაში სტრატეგიული ბირთვული ძალების კუთხით არც ერთი შეკვეთა არ განუხორციელებია.

„და ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არა მხოლოდ არაკონსტრუქციული, არამედ სახელმწიფოს თვალსაზრისით სრულიად გაუგებარი პოზიცია უკავია. თუკი თქვენ არ შეგიძლიათ ნახევარი წლის განმავლობაში ერთი კონტრაქტის გაფორმებაც კი, ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მართვის ეფექტური ფორმა“, აღნიშნავს სტრატეგიული რაკეტების გენერალური კონსტრუქტორი იური სოლომონოვი. ამ აზრს იზიარებს ცნობილი რუსი სამხედრო მიმომხილველი, ონლაინ გამოცემა „ეჟედნევნი ჟურნალის“ რედაქტორის მოადგილე ალექსანდრ გოლცი, რომელიც მიიჩნევს, რომ მოძველებული სახით სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის არსებობა შეუთავსებელია საბაზრო ეკონომიკასთან:

„დღესდღეობით ჩვენში შექმნილია ვითარება, როდესაც, ერთი მხრივ, არსებობს ეს პაროდია საბჭოთა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე, რომელიც ეფექტური შეიძლება მხოლოდ გეგმიური ეკონომიკის პირობებში იყოს, მეორე მხრივ კი, არსებობს საბაზრო ეკონომიკა. ხოლო თავდაცვის სამინისტრო აღმოჩნდა ორ ცეცხლშუა. სამხედრო უწყებას ფული ბევრი აქვს, მაგრამ არა იმდენად ბევრი, რომ დააფინანსოს უზომოდ გაზრდილი ფასები, რასაც განსაზღვრავენ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში შემავალი საწარმოები, რომლებიც მონოპოლისტები არიან იარაღის წარმოების სფეროში, რაც საბჭოთა პერიოდში არ ყოფილა.“

მაგრამ რუსეთში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის უკან გავლენიანი პოლიტიკოსები დგანან - რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პურინი და ვიცე-პრემიერ-მინისტრი სერგეი ივანოვი. ამ გუნდის წევრია ანატოლი სერდიუკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა, მედვედევმა, პირადად დაავალა გაერკვია „გოსობორონზაკაზის“ ირგვლიც შექმნილი ვითარება, კერძოდ, თუ რატომ ვერ სრულდება სტრატეგიული „ტოპოლ მ“-ის ტიპის 100 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გეგმა.როგორც ალექსანდრ გოლცი განმარტავს,აღნიშნული იარაღი რუსეთს დასავლეთთან სტრატეგიული ბალანსის შესანარჩუნებლად ესაჭიროება:

„რუსეთის ხელისუფლება თვლის, რომ აშშ-ებთან სტრატეგიული პარიტეტის შენარჩუნება ქვეყნის უსაფრთხოების საფუძველია. ამ პარიტეტის შესანარჩუნებლად კი რუსეთმა უნდა გამოუშვას საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები. ასეთ რაკეტებად კი ითვლება „ტოპოლ მ“ და „იარსი“, რომელთა გენერალური კონსტრუქტორია იური სოლომონოვი.“

სოლომონოვის პუბლიკაციებმა, რომლებშიც მწვავედ არის გაკრიტიკებული სამხედრო მრეწველობის მოუქნელი სისტემა, აღაშფოთა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა. მინისტრმა სერდიუკოვმა იური სოლომონოვის განცხადება შეაფასა როგორც არაობიექტური კრიტიკა განაწყენებული კაცის მხრიდან, რომელიც „თბოტექნოლოგიების მოსკოვის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობიდან გადააყენეს“. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ სწორედ აღნიშნული ინსტიტუტი ადგენდა მონოპოლისტურ ფასებს პროდუქციაზე; ხარჯთაღრიცხვა გასაიდუმლოებულია და არ ჩანს, თუ რაში იხარჯება ფული - წარმოების განვითარებასა და საცდელ-საკონსტრუქტორო მუშაობის განახლებაში თუ ბაგა-ბაღებისა და კოტეჯების მშენებლობაზე. რუსეთის სამხედრო უწყებას მიაჩნია, რომ გასულ წელს მოსკოვის ინსტიტუტმა თბოტექნოლოგიების საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების ფასი დაუსაბუთებლად გაზარდა: „ტოპოლ მ“-ის - 139 მილიონ დოლარამდე, „იარსისა“ კი - 200 მილიონ დოლარამდე. თუმცა რუსეთის სამხედრო უწყებას არა აქვს ალტერნატივა, რუსეთის პრეზიდენტს კი - სწორი ინფორმაცია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში არსებულ რეალურ ვითარებაზე, - ამბოს ალექსანდრ გოლცი:

„როცა მედვედევი ეუბნება მინისტრ სერდიუკოვს, თუკი ფასები ხელს არ გაძლევთ, სხვა ქარხანაში შეუკვეთეთ იარაღიაო, ეს არის მხოლოდ ჰაერის შერხევა. ჩვენთან საწარმოთა ერთი კომპლექსი რაკეტებს აწარმოებს, მეორე კომპლექსი - რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს და ასე შემდეგ. ალტერნატივა არ არსებობს!“

სანამ ფასებზე დავობენ, 2011 წლის შეიარაღების სახელმწიფო პროგრამა ჩავარდნის პირამდე მივიდა. რუსეთის ხელისუფლება საქმეში გარკვევას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს, ხოლო თავად გენერალური კონსტრუქტორები ლავრენტი ბერიას დროზე ოცნებობენ, როდესაც მათ ყველაფერს აძლევდნენ, ოღონდ კი იარაღი დროზე დაემზადებინათ.

„ამიტომაც დავწერე ტექსტში „ბერიას მოლოდინში“. ლავრენტი პავლეს ძე ბერია არა მხოლოდ სისხლისმსმელი ჯალათი, არამედ უდავოდ ნიჭიერი ორგანიზატორი იყო იმ პირამიდების მშენებლობისა, რომლებსაც სტალინის პერიოდში აშენებდნენ. ერთ-ერთი ასეთი პირამიდა იყო ბირთვული პროექტი. ბერიას მიზნის მისაღწევად არც ფული ენანებოდა, არც მატერიალური საშუალებები და არც ადამიანები, რომელთა სიცოცხლესაც ჭანჭიკის ფასი ჰქონდა. მაგრამ ის ადამიანები, ვინც ბერიას დროზე ოცნებობს, ანგარიშს არ უწვეენ იმას, რომ ეს იყო სულ სხვა დრო და სულ სხვა ურთიერთობები. თუკი სახელმწიფო რაღაც მომენტში საკუთარ თავზე აიღებს სიკეთის გამღების ფუნქციას საბაზრო ეკონომიკის გვერდის ავლით, ისე, რომ პასუხს არ მოითხოვს დანახარჯზე, მაშინ მზად უნდა ვიყოთ იმისთვისაც, რომ სახელმწიფო რაღაც მომენტში არა საბაზრო ეკონომიკის, არამედ სხვა მეთოდებით დასჯის მათ, ვინც არ გაამართლა სახელმწიფოს ნდობა.“

თუმცა ბერიას დრო, როგორც ჩანს, მხოლოდ იარაღის მწარმოებლებს როდი ენატრებათ. ივლისის დასაწყისში შეიარაღების სახელმწიფო პროგრამის შეფერხების გამო რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, თავდაცვის მინისტრს საქმეში გარკვევა და დამნაშავეების დასჯა დაავალა. მაგრამ მედვედევი მხოლოდ ამ მითითებით არ შემოიფარგლა.

„თუკი ვითარება სინამდვილეში ასეთი არ არის, მაშინ ჩვენ უნდა დავსაჯოთ ის, ვინც პანიკა გამოიწვია. იცით, როგორ უსწორდებოდნენ პანიკიორებს ომის დროს? მათ ხვრეტდნენ“, - გაიხუმრა რუსეთის პრეზიდენტმა.

თუმცა შეიარაღების სახელმწიფო პროგრამის შეფერხების გამო რუსეთში საქმე ლავრენტი ბერიას სასტიკ მეთოდებამდე არ მივა, - ამბობს ალექსანდრ გოლცი და ვარაუდობს, რომ დასჯიან მეისრეებს, რუსეთის მთავრობა კი სულ მალე დაამტკიცებს შეიარაღების მორიგ 10 წლიან სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ასევე სანახევროდ შესრულდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG