Accessibility links

logo-print

ფრაგმენტი ”დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის” პრაქტიკიდან


”დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია” პრაქტიკაში… ამჯერად მოგითხრობთ იმ 15-მდე აფხაზეთიდან დევნილი ოჯახის განსახლების პროცესის შესახებ, რომლებიც რამდენიმე წელია ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში ცხოვრობენ ვარკეთილში. დღეს პატრულის დახმარებით შენობა რამდენიმე საათში დაიცალა.

ვარკეთილში დილის შვიდ საათზე მივედი. ორსართულიანი გრძელი დაბალჭერიანი შენობა, დაახლოებით 20-მდე ერთმანეთის მსგავსი კარ-ფანჯრით გაწყობილი ორივე სართულზე, ორივე მხარეს. ყოფილი საბავშვო ბაღი კორპუსებს შორის მცირე ზომის ეზოში დგას, რომელსაც მთელ პერიმეტრზე ჩამწკრივებული პატრულის თანამშრომლები აკონტროლებენ… ექვსი საათიდან პერიმეტრი ჩაიკეტა და შიგნით ვერც მედია შედის და ვერც ევროკავშირის დამკვირვებლები.

თუ სახელმწიფო სტრატეგია არის მიმართული დასაქმებისკენ, ამ დროს არ უნდა ცდილობდე საკუთარ მოქალაქეებს ძალით დააკარგვინო სამუშაო ადგილები...
თუმცა ეზოში დილის ექვსი საათიდან დგას, მაგალითად, ლუის ნავარო, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი საქართველოში, და მასთან ერთად სხვა ორგანიზაციათა წარმომადგენლებიც. შენობის რამდენიმე ფანჯარასა და კარებში ბავშვები ჩანან… შენობასა და ირგვლივ ხეებზე გაკრულ A4-ის ფორმატის ფურცლებზე შავი შრიფტით წერია SOS.
როგორც ვიგებ, შენობაში 18 ოჯახი და 40-მდე ბავშვი იმყოფება. ბავშვები გაბმულად ყვირიან: „გ ვ ი შ ვ ე ლ ე თ !…“
შენობის კარებები დევნილებს შიგნიდან აქვთ ჩარაზული.
შენობაში მხოლოდ ქალები არიან, მამაკაცებს შენობა წინა ღამეს დაუტოვებიათ. ისინი კორდონის მიღმა დგანან და მოვლენებს იქიდან აკვირდებიან. შენობაში, როგორც აღვნიშნე, ბავშვები და ქალები არიან. კედლებზე ტრანსპარანტებია, ინგლისურ და ქართულ ენაზე წარწერით: ”შეაჩერეთ დევნილთა გადასახლება.”

”ექიმები გაატარეთ”, - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე კორდონს აქეთ. კორდონი იხსნება და „სასწრაფოს“ ექიმებს საკაცით გულწასული ქალბატონი გამოჰყავთ… სასწრაფო მანქანების გარდა განსახლების შენობასთან დილიდან სატვირთო ავტომობილები და ყვითელი ავტობუსები გროვდება. დაახლოებით ორიოდე საათი ლოდინის რეჟიმში გადის, ხმაურობენ მხოლოდ დევნილები შენობის შიგნით, ყვირიან ბავშვები… დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი ვალერი კოპალეიშვილი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც დამკვირვებლები, ზურგზე ევროკავშირის ვარსკვლავებით, პერიმეტრზე ვერ შევიდნენ. კოპალეიშვილი მათთვის სიტუაციის ახსნას ცდილობს, პრესას კი საკმაოდ მშრალად უპასუხებს:

”დაელაპარაკეთ პრესსამსახურს.”

ერთ-ერთ ტელეჟურნალისტს, რომელმაც ასევე კომენტარისთვის მიმართა, ვალერი კოპალეიშვილმა უთხრა, მე რა შუაში ვარ, უბრალოდ თარჯიმანი ვარო… ჟურნალისტმა გოგონამ, ვიცი, ვინც ხართ, თარჯიმანი ევროკავშირის ხალხს თავისი ჰყავსო….მართლაც, ასე იყო, თარჯიმანი ევროკავშირის ჯგუფს თავისი ჰყავდა…
ხმაური შენობის შიგნით დაახლოებით რვა საათისთვის კიდევ უფრო გამძაფრდა. კორდონს აქეთ ფოტოგრაფები შენობის ფანჯრებზე ბავშვებს ფოტოებს უღებენ… ვესაუბრები “კოალიცია დევნილი სამოქალაქო საზოგადოებისათვის“ წარმომადგენელს, რამაზ გერლიანს, რომელიც მეუბნება:

„თუ სახელმწიფო სტრატეგია არის მიმართული დასაქმებისკენ, ამ დროს არ უნდა ცდილობდე საკუთარ მოქალაქეებს ძალით დააკარგვინო სამუშაო ადგილები და გახადო სოციალურად დაუცველი. მოგეხსენებათ, მარტო ჩასახლება არ კმარა, მაგას სჭირდება შესაბამისი ფაქტორები, შესაბამისი რესურსი მიწის სახით, განსაკუთრებით რეგიონში.“

დიახ, ძირითადი არგუმენტი, რომლის ძალითაც დევნილები ”დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიას” წინ აღუდგნენ, სწორედ ესაა... ხშირად დევნილებს სთავაზობენ ფართებს სოფლებში, ნაჩქარევად შერემონტებულ-შეთეთრებულ კორპუსებში, მიწის გარეშე - სოფლებში, სადაც ინფრასტრუქტურა მოუწყობელია, არ არის სკოლები, საავადმყოფოები… თუმცა ამაზე მეტად დევნილებს თბილისში ასე თუ ისე აწყობილი სოციალური მდგომარეობის დაკარგვის შიში აქვთ, სამსახურის დაკარგვის შიში:

”ვინც იქით მიდის, ცოტა ხანში აქეთ მორბის…” - მეუბნება დავით მალაზონია, რომელიც ჩემს გვერდით დგას და პოლიციის კორდონს მიღმა საკუთარი ოჯახის განსახლების დაწყებას ელოდება.

”რაღაცები ავაწყვე, კრედიტი მაქვს აღებული... სარეცხი მანქანა, რაღაცები ვიყიდე. მოკლედ, წყალში იყრება ეს ყველაფერი…”

ამასობაში ცხრა საათს 20-მდე წუთი გადასცდა. პატრულის თანამშრომლები შენობის კარებისკენ მიდიან, ხელებგაშლილები, ალბათ, იმის საჩვენებლად, რომ ძალის გამოყენებას არ აპირებენ. დევნილები შიგნიდან კარებს ცეცხლს უკიდებენ… პატრული ცეცხლის ჩამაქრობელს იყენებს (სახანძრო მანქანაც შენობასთან იყო მობილიზებული), შემდეგ მოზრდილი ჩაქუჩით კარებზე აფარებულ რკინის ჩარჩოს ამტვრევს და რამდენიმე წუთში შენობიდან ბავშვების გამოყვანა და ავეჯის გამოტანა იწყება. არ ყოფილა ფიზიკური ზეწოლა, არ ყოფილა ფანჯრიდან გადმოყრა ნივთების, ქალაქის მუნიციპალიტეტმა დევნილები მუშახელითაც უზრუნველყო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG