Accessibility links

logo-print
ახალგორის პასპორტიზაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს. როგორც რადიო თავისუფლებას დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა მერაბ ჩიგოევმა უთხრა, დე ფაქტო რესპუბლიკის პასპორტის ასაღებად დაბაში რამდენიმე ადამიანს აქვს განაცხადი წარდგენილი. დაბის პასპორტიზაცია დაახლოებით თვე-ნახევრის წინ დაიწყო და კოკოითის ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს სამხრეთ ოსეთის ახალი პასპორტების მიღება შესთავაზა. იმ დროს დაბის მცხოვრებლებს შიში გაუჩნდათ, რომ ახალი ოსური პასპორტების სანაცვლოდ ქართული პირადობის მოწმობების დათმობა მოუწევდათ. ამ თემაზე მაშინ არაერთი ჭორი გავრცელდა. როგორც ცნობილია, დაბის მოსახლეობა ძირითადად თბილისში დადის, ამიტომ მათთვის ქართული მოწმობების ჩამორთმევა იზოლაციას ნიშნავდა. არაოფიციალურ საუბრებში ახალგორელებს დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლები არწმუნებდნენ, რომ მოწმობებს არ ჩამოართმევდნენ, მაგრამ უნდობლობა მაინც იყო და ბევრი ახალგორელი ქართველი ხმამაღლა აცხადებდა, რომ პირადობის მოწმობა დაკარგული ჰქონდა. მერაბ ჩიგოევი აცხადებს, რომ დაბის მცხოვრებლებს პირადობის მოწმობებს არავინ ჩამოართმევს, გადაადგილებისას კი მათ მხოლოდ ფორმა 9-ის წარდგენა ევალებათ, რათა ქართული ენის უცოდინარმა მესაზღვრეებმა პიროვნების იდენტიფიკაცია შეძლონ.

ამჟამად ახალგორში 1000-მდე ადამიანია დარჩენილი, უმრავლესობას ქართველები შეადგენენ. დაბის მოსახლეობის დიდი ნაწილი წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს, მაგრამ ახალგორში მიმოსვლა მაინც აქვთ. დე ფაქტო ხელისუფლება დაბიდან დევნილებს სახლებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს და მათი უსაფრთხოების პირობას დებს, მაგრამ ახალგორელთა დიდი ნაწილი უარს აცხადებს ოკუპირებულ რაიონში დაბრუნებაზე. ახალგორელი თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ერთმა ნაწილმა უკვე მიიღო ოსური პასპორტი. ამას, პირველ რიგში, ის ადამიანები აკეთებენ, ვისაც ვლადიკავკაზისკენ გადაადგილება სჭირდება.

აგვისტოს ომამდე ახალგორში დაახლოებით 5000 ადამიანი ცხოვრობდა. ახლა მოსახლეობის დიდი ნაწილი წეროვანშია დასახლებული, თუმცა პერიოდულად დაბაში ჩასვლას მაინც ახერხებს იქ დარჩენილი კარ-მიდამოს მისახედად, გადაადგილება კი ქართული პირადობის მოწმობებით და ფორმა 9-ით არის შესაძლებელი. როგორც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, ამ მოქალაქეებისთვის რეჟიმი არ შეიცვლება და ახალგორთან ურთიერთობას უპრობლემოდ შეძლებენ.
XS
SM
MD
LG