Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია: ” ევროკომისიის პრეზიდენტი 26 მაისის ფაქტების გამოძიებას ითხოვს”


ეკა ბესელია
ეკა ბესელია
დღეს ეკა ბესელიამ, ხელმძღვანელმა ორგანიზაციისა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს", საზოგადოებას ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს დავალებით გამოგზავნილი წერილი გააცნო. როგორც გაირკვა, 26 მაისს საპროტესტო აქციების დაშლისას სამართალდამცველთა მხრიდან ძალის გადამეტების თაობაზე ბესელიამ ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზუს წერილობით ამცნო. ბრიუსელიდან მიღებულ პასუხში საუბარია საქართველოს ხელისუფლების მიერ 26 მაისის მოვლენების ობიექტური გამოძიების აუცილებლობაზე. დღესვე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ 26 მაისის მოვლენებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეაგირება უკვე მოახდინა. რა რეაგირებაზეა საუბარი და რამდენად დააკმაყოფილა საზოგადოების ინტერესი ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ ძალის გადამეტების გამო რამდენიმე პოლიციელი დაისაჯა?

ეკა ბესელიამ, ხელმძღვანელმა ორგანიზაციისა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს", ბრიფინგზე მისულ ჟურნალისტებს იმ წერილის შინაარსი გააცნო, რომელიც მან მიიღო პასუხად ევროკომისიის პრეზიდენტის უწყებიდან.

ევროკავშირმა ახლანდელ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის წლიურ ანგარიშში კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველოში დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით წინსვლაა...
”მე მივიღე წერილი ევროკომისიის პრეზიდენტის ბატონ ბაროზუს დავალებით, რომელშიც მითითებულია, რომ 26 მაისის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ მასალები პირადად გადაეცა ევროკომისიის პრეზიდენტს. ამასთან დაკავშირებით ევროკავშირმა მიმართა საქართველოს ხელისუფლებას 25-26 მაისის დღეებთან დაკავშირებით გამჭვირვალე გამოძიების ჩატარების მოთხოვნით - იყო თუ არა ძალის გადამეტების ფაქტები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ამავე დროს, წერილში მითითებულია, რომ სამართალდამცველთა მხრიდან ძალის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში ეს ძალა აუცილებლად უნდა იყოს პროპორციული”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ევროკომისიიდან ბესელიასთან მოწერილი პასუხი დათარიღებულია 7 ივლისით და მას ხელს აწერს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ორმხრივი ურთიერთობის განყოფილების უფროსი ჯონ კაერი. წერილში ნათქვამია, რომ ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოში ბოლო ხანებში შიდაპოლიტიკური დაძაბულობის ზრდით და მოვლენათა შემდგომ განვითარებას ყურადღებით აკვირდება.

სამართალდამცველმა ორგანოებმა რეაგირება მოახდინეს. თუმცა რეაგირება მოახდინეს არა რეკომენდაციების საფუძველზე მხოლოდ...
”ევროკავშირმა ახლანდელ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის წლიურ ანგარიშში კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველოში დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით წინსვლაა, თუმცა აღნიშნა ასევე, რომ გაცილებით მეტია გასაკეთებელი დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის და პლურალისტური, ტოლერანტული პოლიტიკური კულტურის ჩამოსაყალიბებლად. მომავალი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გამოცდები იქნება”, - ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტის დავალებით მოწერილ წერილში.

ბესელიას მიერ გახმაურებულ ევროკომისიის რეკომენდაციებზე კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ. მისი თქმით, საქართველოს ინტერესშია, რომ მსგავსი ტიპის რეკომენდაციები გაითვალისწინონ. რაც შეეხება 26 მაისს:

”ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველმა ორგანოებმა რეაგირება მოახდინეს. თუმცა რეაგირება მოახდინეს არა რეკომენდაციების საფუძველზე მხოლოდ, არამედ სწორედ საქართველოს ინტერესებშია უპირველს ყოვლისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სრულფასოვნად და ადეკვატურად გამოიძიოს ყველა ის ფაქტი”,- განაცხადა ნინო კალანდაძემ.

ის, რომ 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობდა და ეს გამოძიება დასრულდა, საზოგადოებამ 15 ივლისს შეიტყო. გამოძიების შედეგები შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა გამოაცხადა:

ჩვენ ვითხოვდით, რომ დაებრუნებინათ ჩვენთვის კამერები, აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის გამო, დასჯილიყვნენ კონკრეტულად ის პირები, ვინც ჩვენ ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენა...
”შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გენერალური პროკურატურის მომართვის, ასევე მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული კადრების, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებების საფუძველზე შეისწავლა 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეთა უკანონო ქმედების აღკვეთის დროს სამართალდამცველების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების დარღვევის ფაქტები. შიდამოკვლევის შედეგად, შინაგან საქმეთა მინისტრის 14 ივლისის ბრძანებით, სამსახურიდან იქნა დათხოვნილი სამინისტროს ოთხი თანამშრომელი, თანამდებობიდან ჩამოქვეითდა ერთი თანამშრომელი, სასტიკი საყვედური გამოეცხადა სამ თანამშრომელს, ხოლო საყვედური - რვა თანამშრომელს”,- განაცხადა უტიაშვილმა. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს დასჯილ სამართალდამცველთა ვინაობა არ დაუსახელებია.

ოფიციალური მონაცემებით, 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლისას 2 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ამ დაშავებულთა შორის ჟურნალისტებიც იყვნენ. 24 ივნისს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ დაზარალებული 8 ჟურნალისტისა და ოთხი იურიდიული პირის გაერთიანებული სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. სარჩელს „ნეთ“ გაზეთის ჟურნალისტი თაზო კუპრეიშვილიც აწერს ხელს:

”ჩვენ ვითხოვდით, რომ დაებრუნებინათ ჩვენთვის კამერები, აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის გამო, დასჯილიყვნენ კონკრეტულად ის პირები, ვინც ჩვენ ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენა და კამერები წაგვართვა, ასევე ვეცნეთ დაზარალებულად. არც ერთი ეს მოთხოვნა არ შესრულდა. რაც შეეხება იმ პოლიციელებს, რომლებიც დასაჯეს, ჩვენთვის უცნობია კონკრეტულად რა ფაქტების გამო დაისაჯნენ და კონკრეტულად ვინ არიან ეს ადამიანები. შესაბამისად, ჩემთვის უცნობია ჩემი კამერის წართმევისთვის ვინმე თუ დაისაჯა... ყოველ შემთხვევაში, მე დაზარალებულად არ ვუცნივარ, ისევე როგორც არც ერთი ჩემი კოლეგა ჟურალისტი”,- ამბობს თაზო კუპრეიშვილი. მისი თქმით, დაზარალებული ჟურნალისტები აპირებენ განმეორებითი განცხადებით მიმართონ სასამართლოს.
XS
SM
MD
LG