Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოტოგრაფების საქმე შეიძლება საპროცესო შეთანხმებით დასრულდეს


ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტოგრაფები
ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტოგრაფები
დაკავებულ ფოტოკორესპონდენტების საქმე შესაძლოა საპროცესო შეთანხმებით დასრულდეს, - ამ შინაარსის ვარაუდი ზურაბ ქურციკიძის ადვოკატმა ნინო ანდრიაშვილმა ”რადიო თავისუფლებასთან” საუბრისას გამოთქვა. გავრცელებული ცნობებით, დაკავებულმა ფოტორეპორტიორმა ზურაბ ქურციკიძემ აღიარებითი ჩვენება გამოძიებას 15 ივლის მისცა. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულის მიერ აღიარებითი ჩვენების მიცემისას არ მიმდინარეობდა ვიდეოგადაღება. თუმცა ნინო ანდრიაშვილი არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, მოითხოვა თუ არა დაკავებულმა ქურციკიძემ მის მიერ მიცემული აღიარებითი ჩვენების გასაიდუმლოება. ანდრიაშვილი ვარაუდობს, რომ ასეთი რამ არ მომხდარა. მანამდე გამოძიებასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა Civil.ge–ს, რომ ევროპის პრესფოტოსააგენტოს (EPA) კორესპონდენტი ზურაბ ქურციკიძე, იმ პირობით დათანხმდა აღიარებითი ჩვენების მიცემას და საპროცესო შეთანხმების მიღწევას, თუ მისი ჩვენება კონფიდენციალური დარჩება და არ გახდება საჯარო. იმავე წყარომ განაცხადა, რომ საპროცესო შეთანხმებით ქურციკიძეს, სავარაუდოდ, პირობითი სასჯელი შეეფარდება.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ომბუდსმენმა გიორგი ტუღუშმა დაკავებული ფოტორეპორტიორები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 16 ივლისს მოინახულა და ირაკლი გედენიძეს, გიორგი აბდალაძესა და ზურაბ ქურციკიძეს ”კონფიდენციალურად, ცალ–ცალკე გაესაუბრა”. ”საუბრისას სამივე ფოტორეპორტიორმა აღნიშნა, რომ მათ მიმართ მოპყრობა ნომალურია, მათზე რაიმე სახის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა არ ხორციელდება. მათ ასევე აღნიშნეს რომ ჰყავთ ადვოკატები. მათი განცადებით, ამ ეტაპზე ისინი არ გაცნობიან სისხლის სამართლის საქმეში არსებულ კონკრეტულ მტკიცებულებებს. ზურაბ ქურციკიძეს მიეწოდება მედიკამენტები და იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ”, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის აპარატის მიერ 16 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში. აპარატი იქვე იტყობინება, რომ ”სახალხო დამცველი განაგრძობს დაკავებული ფოტორეპორტიორების მდგომარეობის მონიტორინგს.”
XS
SM
MD
LG