Accessibility links

logo-print

პრესის ასოციაციამ მიმართვა გამოაქვეყნა დაკავებულ ფოტოგრაფების საქმეზე


18 ივლისს გამოსულმა ქართულმა გაზეთებმა პირველ გვერდზე დაბეჭდეს პრესის ასოციაციის მიმართვა, რომელიც დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმეს უკავშირდება. მიმართვაში ხაზგასმულია ის გარემოება, რომ დღემდე არ არის წარმოდგენილი ფოტორეპორტიორების - აბდალაძის, გედენიძისა და ქურციკიძის - ბრალის დამადასტურებელი ფაქტობრივი მტკიცებულებები, ხოლო ”საეჭვო ვითარებაში იძულებით მიღებული აღიარებები” ვერ ქმნიან საფუძველს ფოტორეპორტიორების ჯაშუშობაში დასარწმუნებლად. ”ჩვენ მომხდარს აღვიქვამთ, როგორც შურისძიებას და დევნას სიმართლის ასახვისათვის, რაც ხელისუფლების მიერ დემოკრატიულ განვითარებაზე ფაქტობრივად უარის თქმას ნიშნავს. მიგვაჩნია, რომ ასეთი ქმედებები, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება პირველ რიგში პრეზიდენტს და ძალოვანი უწყებების პირველ პირებს, ლახავს ჩვენი, როგორც მედიის წარმომადგენლების უფლებებს და უდიდეს ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს”, - ნათქვამია პრესის ასოციაციის მიმართვაში, რომელსაც 43 ხელმომწერი ჰყავს, ასოციაციების, გაზეთების, საინფორმაციო სააგენტოებისა თუ ცალკეული ჟურნალების სახით. მიმართვის ადრესატები არიან: საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო ჟურნალისტური გაერთიანებები, საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს მოქალაქეები. ხელმომწერები მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას, თავდებით გაათავისუფლოს გია აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ზურაბ ქურციკიძე; ხოლო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საჯარო გახადოს საქმის მასალები.
XS
SM
MD
LG