Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 18 ივლისი, 2011


დღევანდელი გაზეთების უმრავლესობის პირველ გვერდებზე - და ზოგიერთში არამხოლოდ პირველ გვერდზე - ნახავთ ფოტოს მაგივრად თეთრ ან შავ კუბს, წარწერით “პროტესტი”. გაზეთების უმრავლესობის ასევე პირველ გვერდებზე ქვეყნდება ჟურნალისტების მიმართვა, რომელშიც წერია: “მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ჟურნალისტურ გაერთიანებებს, არ მოადუნონ ყურადღება ამ საქმესთან დაკავშირებით.

მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ჟურნალისტებისა და საზოგადო მოღვაწეების წერილობითი შუამდგომლობა და თავდებით გაათავისუფლოს გია აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ზურაბ ქურციკიძე. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საჯარო გახადოს საქმის მასალები. შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა მათი პროფესიული საქმიანობის გამო". მიმართვის ტექსტს ხელს აწერს 43 ჟურნალისტური გაერთიანება და მედიასაშუალება.

ერთ-ერთი მთავარი თემა პრესაში დაკავებული ფოტორეპორტიორის, გიორგი აბდალაძის მიერ აღიარებითი ჩვენების მიცემაა. “კვირის პალიტრა” მის მეუღლესთან ნესტან ნეიძესთან ინტერვიუსაც აქვეყნებს: “გამაოგნა გიას აღიარებამ. ვლოცულობდი, რომ ბოლომდე გაუტეხელი დარჩენილიყო. ძნელია იმის წარმოდგენა, რაც შიგნით ხდება. როგორც ამბობენ, საშინელი ზეწოლა მიდის. როდესაც შიმშილობის გამო ცუდად გამხდარა, გადასხმა გაუკეთებიათ. გაგიჟებულა ამის გამო, რა გამიკეთესო?! ბოლო დღეებში უცნაურად ვითარდება მოვლენები. ჯერ იყო და, ეკა ბესელიას ციხის ადმინისტრაციიდან განუცხადეს უარი მასთან შესვლაზე, გიორგიმ შენზე უარი თქვა და მისი ადვოკატი აღარ ხარო. ეკას მოუთხოვია, ეს გიორგიმ მითხრასო. შეხვდა და გაირკვა, რომ გიას ეკასთვის აცილება არ მიუცია. ახლა კიდევ ამბობენ, აღიარებითი ჩვენება მისცაო, არადა ადვოკატები აღიარებამდე სულ ცოტა ხნით ადრე შეხვდნენ მას. გიორგი ამბობდა, არ გავტყდებიო და მერე უცებ სასწაული მოხდა, ხუთ წუთში ისევ შეაბრუნეს ადვოკატები მასთან, ოთახში კამერებიანი ხალხი შემოლაგებულა და გიორგის გაუგებრად დაუწყია ლაპარაკი. გაოგნებული არიან ადვოკატებიც და მეც ვეღარ ვაზროვნებ...”, - ამბობს “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში გიორგი აბდალაძის მეუღლე.

“მთელი კვირა” გიორგი აბდალაძის ერთ-ერთ ადვოკატ, ეკა ბესელიასთან ინტერვიუს აქვეყნებს: “ვერავინ ვერ მიიღებს მის გარეშე გადაწყვეტილებას. თუ მან თქვა, რომ უნდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება, ბუნებრივია, დაცვამ შეიძლება ურჩიოს, რომ ეს არ გააკეთოს, მაგრამ ადვოკატი ვერ მიიღებს მის მაგივრად გადაწყვეტილებას.”

“ვერსიაში” მედიაექსპერტ ზვიად ქორიძესთან ინტერვიუ ქვეყნდება. ქორიძე ამბობს: “მიუხედავად ზოგიერთი ჟურნალისტის განცხადებისა და დაპირისპირებებისა, მე ვერ გამაჩერებენ. ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან და ყველანაირად შევეცდები, როცა შსს შეთითხნილ მასალებს გამოაქვეყნებს, მე უკვე მზად მქონდეს რეალური ფაქტები საზოგადოებისთვის წარსადგენად. აუცილებელია, პარალელურად, აქციებიც გაიმართოს.”

“ვერსიაშივე”ქვეყნდება პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიორგი წერეთელთან ინტერვიუ. ჟურნალისტი მას ფოტოკორესპონდენტების საქმეზეც ეკითხება: “რატომღაც მგონია, რომ ეს ადამიანები სერიოზულ გაუგებრობაში არიან მოყოლილნი. თუმცა, ეტყობა, ამ გაუგებრობაში თავი თვითონ შეყვეს. ამავე დროს, მცირე შანსი თუ მაინც იქნება და არანაირი აგენტურული კვალი არ აღმოჩნდა მათ საქმიანობაში, ბუნებრივია, ისინი გათავისუფლდებიან.”

“კვირის ქრონიკაში” ერთ-ერთი შიდა გვერდი უკავია გიორგი აბდალაძისა და მისი კოლეგების პორტრეტებს, წარწერით: “ვაღიარებ!!! მე ვარ ჟურნალისტი, მაშასადამე - ჯაშუში”.

“ასავალ-დასავალი” დევნილების გამოსახლების მორიგი ტალღის დაწყებას ეხმაურება სტატიით, რომლის სათაურია - “ხელისუფლება ახალ ნანა ფიფიებს ამზადებს!”. ტექსტი ასე იწყება: “სექსუალურ და რელიგიურ უფლებებზე მზრუნველი ხელისუფლება აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილებს დაერია”.

“ასავალ-დასავალის” დღევანდელ ნომერში ლევან გაჩეჩილაძესთან ინტერვიუც ქვეყნდება. ვრცელ ინტერვიუში ის 26 მაისზეც ლაპარაკობს: “პირდაპირ გეტყვით: არ მომწონს, როდესაც ვიღაცები ნინო ბურჯანაძეს ადანაშაულებენ მომხდარში! მეტიც: მათი სისუსტეა ნინოზე და სახალხო კრებაზე რამის გადაბრალება! თუმცა, რა თქმა უნდა, იყო რაღაცები, რაც დახვეწას საჭიროებდა.”

“ახალი თაობა” დევნილების საკითხზე კონსერვატორ ლაშა ჩხარტიშვილს ესაუბრა: “დევნილები არჩევანის წინაშე დგებიან - ან იყვნენ უსახლკაროდ, ხან ერთ ნათესავს შეაფარონ თავი, ხან მეორეს და იცხოვრონ თბილისში ან მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წავიდნენ და ჰქონდეთ ჭერი, მაგრამ არ ჰქონდეთ საკვები და შიმშილით დაიხოცონ.”

“ახალ თაობაშივე” წაიკითხავთ ინტერვიუს ნანა დევდარიანთან: “თუ მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს დააპატიმრებს, მაშინ ის პრემიერ-მინისტრი გახდება. ეს არის ერთადერთი მომენტი, რომლითაც ვანო მერაბიშვილი შეიძლება ჩრდილიდან გამოვიდეს, მე ამას არ გამოვრიცხავ, ანუ არ გამოვრიცხავ, რომ მოხდეს შიდა გადატრიალება, მერაბიშვილმა სააკაშვილი დააპატიმროს და სატელევიზიო დაპატიმრება გვაჩვენოს”.

“24 საათი” წერს საქართველოს ომის ვეტერანთა ფედერაციის მიერ კანონპროექტის ინიცირების შესახებ. ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი თევზაძეს გაზეთისთვის უთქვამს, რომ “ამ კანონით ხელისუფლებას საშუალება ექნება დაარეგულიროს ვითარება და გადახედოს” ვეტერანთა მდგომარეობას.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG