Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

რა ბედი ეწევა ”ფრანგების” ეკლესიას გორში?


გორი-სამთავისის ეპარქიის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებს ადგილობრივ ეპარქიასთან ერთად საპატრიარქო და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო პატრონობს. ნებისმიერი ტაძრის აღდგენა- რესტავრაციაც კოორდინირებულად ხდება, რათა არ დაირღვეს ამა თუ იმ ძეგლის არქიტექტურული სახე. გორი-სამთავისის ეპარქიის ეპისკოპოსი ანდრია (გვაზავა) აცხადებს, რომ ეპარქიის მთავარი საზრუნავი ახლა ატენის სიონის გადარჩენაა.

მას შემდეგ, რაც ეპისკოპოსი ანდრია გორში ჩამოვიდა, ეპარქიას არაერთი ახალი ეკლესია- მონასტერი შეემატა.

გორში სამლოცველოებს იეჰოვას მოწმეებიც აშენებენ. 10 წლის წინ გორის რაიონის სოფელი ორთაშენი ყველასთვის ცნობილი იყო, რადგან ამ სოფელში არსებულ იეჰოვას მოწმეების სამლოცველოში რელიგიური დაპირისპირება ხდებოდა. მართლმადიდებლური ორგანიზაციების სახელით ჩასული პირები წვავდნენ იეჰოვას მოწმეების ლიტერატურას და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ იქ მყოფ ადამიანებს. იეჰოვას მოწმეების იურისტი მანუჩარ ციმინტია აცხადებს, რომ მძიმე წლები წარსულს ჩაბარდა და ახლა მათ აღარავინ ავიწროებს. იეჰოვას მოწმეებს ქალაქში ორი სამლოცველო აქვთ. იქვე, მეზობლად, მართლმადიდებლური ეკლესიებიც არის აგებული. ციმინტიას თქმით, პატარა ინციდენტებს თუ არ ჩავთვლით, იეჰოვას მოწმეებს ხელს აღარავინ უშლის.

მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი რელიგიური გაერთიანებების შესახებ, გორში გაჩნდა მოსაზრება, რომ გორი-სამთავისის ეპარქიის მთავარ ტაძარზე პრეტენზიას კათოლიკები წამოაყენებდნენ. როგორც ცნობილია, ეს ტაძარი, რომელსაც გორში ფრანგების ეკლესიასაც უწოდებდნენ, დაახლოებით 2 საუკუნის წინ კათოლიკების საკუთრება იყო, მაგრამ 90-იანი წლების ბოლოს იგი მართლმადიდებლებს გადაეცათ. ამჟამად კათოლიკებს გორის რაიონში 2 სამლოცველო აქვთ - ერთი ეგრეთ წოდებულ ფრანგების უბანშია განთავსებული. ამ უბანს ასე იმიტომ ეწოდა, რომ იქ ძირითადად კათოლიკები ცხოვრობენ. წმინდა ოჯახის საკრებულო - ასე უწოდებენ საკუთარ ეკლესიას გორელი კათოლიკები. ამ ეკლესიის სასულიერო პირი, იეჟი პილუსი, აცხადებს, რომ მართლმადიდებლების მიმართ პრეტენზია არა აქვთ, თუმცა გულისტკივილით აღნიშნავს, რომ მათ ყოფილ ეკლესიაში ღვთისმშობლის ფრესკა განადგურდა და ტაძარს კათოლიკური იერიც შეუცვალეს.

კათოლიკე და მართლმადიდებელ სასულიერო პირებს შორის აგვისტოს ომის შემდეგ ურთიერთობა განსაკუთრებით დათბა. ორგანიზაცია „კარიტასი“ გორის მოსახლეობას ომის პირველივე დღეებში ეხმარებოდა, კათოლიკე და მართლმადიდებელი სასულიერო პირები კი ხშირად ერთად წყვეტდნენ ქალაქისთვის ყველაზე პრობლემურ საკითხებს. გორი-სამთავისის ეპისკოპოსი ანდრია მიიჩნევს, რომ ასეთი თბილი ურთიერთობის შემდეგ შეუძლებელია ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც მრევლში ვნებათაღელვას გამოიწვევს.

ეპარქიის წარმომადგენლებმა ისიც განაცხადეს, რომ იმ დროს, როცა მართლმადიდებლებს კათოლიკური ტაძარი გადაეცათ, იგი დანგრევის პირას იყო, ხოლო როცა აღდგენითი სამუშაოები დაიწყო, ღვთისმშობლის კათოლიკური ფრესკა თავისით ჩამოიშალა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. გადარჩა მხოლოდ ორი ჯვარი და ხატის ნაწილი, რომელიც კათოლიკურ ეკლესიას გადაეცა.
XS
SM
MD
LG