Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ექვსეულის” ახალგაზრდული ფრთა ფოტოგრაფების საქმეს აქციით ეხმაურება


19 ივლისს ფოტორეპორტიორების საქმეს პოლიტიკური ”ექვსეულის” ახალგაზრდული ორგანიზაციებიც საპროტესტო აქციით გამოეხმაურნენ. ჟურნალისტური სოლიდარობის აქციების ფონზე, ეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა პირველი დამოუკიდებელი გამოსვლაა. ფოტორეპორტიორების ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების დღიდან, ანუ 7 ივლისიდან, დღემდე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ძირითადად მხარდამჭერი განცხადებებით შემოიფარგლებოდნენ და მხოლოდ რამდენიმე მათგანი უერთდებოდა ჟურნალისტების მიერ ორგანიზიებულ აქციებს. აპირებენ თუ არა პოლიტიკოსები ამ პროცესში უფრო აქტიურად ჩართვას?

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელოვნური გამიჯვნა, რომ ეს საკითხი არ იყოს პოლიტიზებული და სხვა - კი, ეს მხოლოდ ჟურნალისტებმა უნდა გააპროტესტონ ...
ფოტორეპორტიორების დაკავებიდან 12 დღე გავიდა. ამ დღეების განმავლობაში მომხდარი პოლიტიკოსებმაც შეაფასეს, გავრცელდა მათი რამდენიმე განცხადება საქმის გამჭვირვალობის მოთხოვნით, ზოგიერთმა პარტიამ - მაგალითად, ქრისტიან-დემოკრატებმა და ლეიბორისტებმა -გამოთქვა მზადყოფნა თავდებში დაუდგეს ფოტორეპორტიორებს. ჟურნალისტების მიერ ორგანიზებულ აქციებზე ”ქართული პარტიის” წარმომადგენლები გამოჩნდნენ, თუმცა პოლიტიკოსები ამ აქციებში აქტიურად არ ჩართულან. პირველი დამოუკიდებელი აქცია ”თავისუფალი დემოკრატების”, ”ეროვნული ფორუმის”, ”ხალხის პარტიის”, ”საქართველოს გზის”, კონსერვატიული პარტიის და რესპუბლიკელების ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა 19 ივლისს რიყეზე გაშენებული ახალი პარკის ტერიტორიაზე გამართეს, რომელიც კარგად ჩანს პრეზიდენტის რეზიდენციიდან. ”თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის სულხან ჟღენტისთვის, მისი მეგობრების მსგავსად, ფაქტები, რომლებიც შსს-მ საზოგადოებას წარუდგინა, ასევე ფოტორეპორტიორების აღიარებითი ჩვენებები არადამაჯერებელია. შესაბამისად, ამ აქციით ახალგაზრდა პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ მათ არ სჯერათ ფოტორეპორტიორების ჯაშუშობა. სულხან ჟღენტი მიიჩნევს, რომ ეს ის საკითხია, რომელიც მხოლოდ ჟურნალისტების ვიწრო წრემ არ უნდა გააპროტესტოს:

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელოვნური გამიჯვნა, რომ ეს საკითხი არ იყოს პოლიტიზებული და სხვა - კი, ეს მხოლოდ ჟურნალისტებმა უნდა გააპროტესტონ და სხვა მხოლოდ ექიმებმა და ა.შ., არასწორია. თუ რაღაც ფაქტი პროტესტის საფუძველს იძლევა, ყველამ ერთად უნდა გააპროტესტოს. ჩემი აზრით, ის მიდგომა, რომ ხელისუფლება დაუმარცხებელია და მსგავსი ნიჰილიზმი ასევე არასწორი მიდგომაა და ჩვენ, ახალგაზრდებმა, ასეთი პროტესტით უნდა გამოვხატოთ ჩვენი არჩევანი, როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება - დემოკრატიულში თუ კლასიკურ ავტორიტარულ სისტემაში, რომელიც დამყარდება ჩვენს ქვეყანაში, თუ ასე გაგრძელდა. ამის გამო ყველა მსგავსი ფაქტი, როგორიც ფოტორეპორტიორების საქმეა, ყველამ ერთად უნდა გააპროტესტოს და არა ერთმა კონკრეტულმა ჯგუფმა.”

ასეთივეა „ეროვნული ფორუმის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, შალვა კიკნაველიძის განწყობაც - ის უნდობლობას გამოხატავს წარმოდგენილი მასალებისადმი:

”ხელისუფლების მიერ წარმოდგენილმა მასალებმა ვერ დაგვარწმუნა ამ ადამიანების ჯაშუშობაში. პირიქით, კიდევ უფრო დავრწმუნდით იმაში, რომ ეს შეთხზული ისტორიაა და აღიარებითი ჩვენებებიც დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლის და ტერორის შედეგია. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ ეს საქმე გახდეს უფრო საჯარო და, რაც მთავარია, გაათავისუფლონ ფოტორეპორტიორები.”

საკითხების პოლიტიზება - ამ ტერმინის წინ წამოწევა საერთოდ, როგორც წესი, აწყობს ხოლმე იმ ხელისუფლებას, რომელიც 80-იანი წლების ბოლოსაც უკრძალავდა სტუდენტებს საკითხების პოლიტიზებას...
შალვა კიკნაველიძის ინფორმაციით, ოპოზიციური ”ექვსეულის” ახალგაზრდული ფრთა აქტიურად განიხილავს ფოტორეპორტიორებისათვის თავდებში ჩადგომის საკითხსაც. ჩართულობის სურვილსა და აუცილებლობაზე ლაპარაკობს ”ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი, თუმცა ის შენიშნავს, რომ პოლიტიკოსების პასიურობას თავისი ახსნა აქვს:

”ჩვენ ანგარიშს ვუწევთ სამოქალაქო საზოგადოებასაც. საქმე ისაა, რომ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში კეთროვანებივით აღგვიქვამენ და ჩვენი გამოჩენა აქციებზე უსიამოვნებას უფრო იწვევს, ვიდრე მოწონებას.”

რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ წერილით მიმართა გიორგი აბდალაძეს და დანაშაულის აღიარებისაკენ მოუწოდა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მისი პარტია აქამდეც აქტიურად ეხმაურებოდა ფოტორეპორტიორების საქმეს. საქმისათვის პოლიტიზებულის იარლიყის მიკერება კი, ბერძენიშვილის აზრით, მხოლოდ ხელისუფლებას აძლევს ხელს:

”საკითხების პოლიტიზება - ამ ტერმინის წინ წამოწევა საერთოდ, როგორც წესი, აწყობს ხოლმე იმ ხელისუფლებას, რომელიც 80-იანი წლების ბოლოსაც უკრძალავდა სტუდენტებს საკითხების პოლიტიზებას და მთელი ამ პოსტსაბჭოთა პერიოდის განმავლობაში ყველა ხელისუფლება საქართველოში ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ის არის მართალი და სხვებმა უნდა აკეთონ მხოლოდ თავისი საქმე და არ ჩაერიონ პოლიტიკაში. ფოტორეპორტიორების საქმეს მე არ დავუკავშირებდი პოლიტიზების საჭიროება-არსაჭიროების საკითხს. ეს არის შეტევა ადამიანის უფლებებზე. ხოლო როდესაც აღიარებითი ჩვენება ერთადერთი სამხილია, ეს ფაქტი ძალიან მახსენებს იმ ავადსახსენებელ საბჭოთა პერიოდს.”

ფოტორეპორტიორების დაკავებას მხარდამჭერი განცხადებით გამოეხმაურნენ ”ახალი მემარჯვენეებიც”, თუმცა, როგორც პარტიის ერთ-ერთი წევრი, მანანა ნაჭყებია, გვეუბნება, აქციებში ჩართვას მათი პოლიტიკური ძალა არ გეგმავს და მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების საპროტესტო აქციები შეიძლება შეფასდეს ბოლო წლებში ყველაზე წარმატებულ აქციებად, რომელმაც შექმნა საზოგადოებრივი აზრი:

”აღიარებითი ჩვენებების მიუხედავად, საზოგადოებაში უფრო ის აზრია განმტკიცებული, რომ ეს ფოტორეპორტიორები უდანაშაულონი არიან და ეს შეძლეს ჟურნალისტებმა თავიანთი საპროტესტო აქციებით. ჩვენ, ახალ მემარჯვენეებს, არ მიგვაჩნია სწორად პოლიტიკოსების ჩაბმა ამ აქციებში, თუმცა ვფიქრობთ, რომ მსოფლიოში მიღებული ტენდენცია, რომ აღიარებითი ჩვენება არ ითვლება მტკიცებულებად, უნდა გავრცელდეს საქართველოზეც და მხოლოდ ეს ჩვენებები არ უნდა გახდეს ფოტორეპორტიორებისათვის ბრალის წაყენების საფუძველი.”

ფოტორეპორტიორების საქმეს ამჯერად გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში კიდევ ერთხელ გამოეხმაურა „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელიც აცხადებს, რომ ის, რაც საქართველოშო ხდება, "არის სააკაშვილის ჯაშუშომანია. ის, რომ სააკაშვილი ამ ყველაფერს რუსეთის სპეცსამსახურებს და რუსულ პოლიტიკას უკავშირებს, ლოგიკურად ჯდება იმ პროპაგანდაში, რომელსაც ის ოთხი წელია ეწევა. ის ამბობს: ვინც ჩემი წინააღმდეგია და არ მეთანხმება, ჩემი მტერია და რუსეთს ეხმარება“. ეს კი, ალასანიას შეფასებით, დამღუპველი პოლიტიკაა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG