Accessibility links

logo-print

”ექვსიანის” ახალგაზრული ფრთა ფოტორეპორტიორების მხარდამჭერ აქციას მართავს


ჟურნალისტების მიერ გამოხატულ პროტესტს პოლიტიკური სპექტრიც უერთდება. დღეს, 17 საათზე, რიყის ახალ პარკთან დაკავებული ფოტორეპორტიორების მხარდამჭერ აქციას გამართვენ "ექვსიანში" შემავალი პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციები. როგორც პარტია ”თავისუფალი დემოკრატების” ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა სულხან ღლონტმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ფოტორეპორტიორებისთვის წაყენებული დაუსაბუთებელი ბრალდებების გაპროტესტება, პროფესიისა და საქმიანობის მიუხედავად, საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია, რათა ქვეყანაში ავტორიტარიზმი არ ჩამოყალიბდეს. მასალებს, რომლებიც ჯაშუშობის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას საზოგადოებისთვის ამ დრომდე აქვს წარმოდგენილი, არადამაჯერებელს უწოდებს ეროვნული ფორუმის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი შალვა კიკნაველიძე. ”ამ მასალების გაცნობით, პირიქით, უფრო იმაში რწმუნდება ადამიანი, რომ ეს არის შეთხზული ისტორია და ხელისუფლების მორიგი ღონისძიება, მორიგი დაშინება, მორიგი ტერორი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის აღიარებითი ჩვენებები, რაც მათ მიიღეს ფოტორეპორტიორებისგან, ეს არის ძალადობის, დაშინებისა და ყველანაირი ფსიქოლოგიური ტერორის შედეგი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას შალვა კიკნაველიძემ. საპროტესტო აქცია ორგანიზებულია ”ექვსიანში” შემავალი პოლიტიკური პარტიების: - ”ეროვნული ფორუმის”, ”თავისუფალი დემოკრატების”, ”რესპუბლიკური პარტიის”, ”ხალხის პარტიის”, ”საქართველოს გზისა” და ”კონსერვატიული პარტიის” ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ.
XS
SM
MD
LG