Accessibility links

logo-print
10 ივლისი, კვირა
დილა – ყოველდღიური Rosarium-ი და Lectio Divina, მედიტაციური ლოცვის სახეები.

დღის 12 საათი. წმინდა წირვა ღვთისმშობლის ამაღლების საკათედრო ტაძარში. მამა ჯუზეპეს ბრწყინვალე ქადაგება (როგორც ყოველთვის)...

დღის განმავლობაში – რამდენიმე შეხვედრა მეგობრებთან.

გვიან ღამით ვუყურე „ნიუსებს“. ეს პოლიტიკური კვირა „ფოტოგრაფების საქმის“ ნიშნით მიმდინარეობს. პარანოიის კიდევ ერთი გამოხატულება...

11 ივლისი, ორშაბათი
შუადღისას Mezzo-ზე ვუსმენდი პიერ ბულეზს, როგორც დირიჟორს. დირიჟორობდა და წარადგენდა ბერგის, ბარტოკის, ვებერნის, მესიანის (და სხვათა) სიმფონიურსა და ინსტრუმენტულ ნაწარმოებებს.

უნდა ვაღიარო, რომ ავანგარდი არაა ჩემი მუსიკა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩემი „მაქსიმუმი“ მალერი და რიხარდ შტრაუსია. მაგრამ მალერზე მეტად ბოლო ხანებში ბრუკნერს ვუსმენ; განსაკუთრებით, მის მეშვიდე სიმფონიას (სრულიად გამაოგნებელი ადაჟიოთი). რამდენიმე დღის წინ ზედიზედ მოვუსმინე ბრუკნერის ხუთ ადაჟიოს – მეხუთე სიმფონიით დაწყებული, დაუმთავრებელი მეცხრის ჩათვლით. აბსოლუტურად კრისტალური მუსიკა! რაც ვაგნერში დაუსრულებული და გამეორებადი „ლტოლვაა“ (შევნიშნავ, რომ ვაგნერი ფანატიკურად მიყვარს), აქ, ბრუკნერთან, ღვთაებრივ სინათლემდე და სიცხადემდეა მიყვანილი.

საღამოს 6 საათზე ვიყავი მესაზე. შემდეგ - აღსარება მამა ჯუზეპესთან.

ღამით ვკითხულობდი შტეფან ცვაიგის მოგონებებს (20 წელია, არ გადამიკითხავს). ეს მოგონებები, ალბათ, საუკეთესოა, რაც მას დაუწერია. ფაქტობრივად, იცნობდა ყველას – რილკეთი და ვალერით დაწყებული და ვალტერ რატენაუთი და კარლ ჰაუსჰოფერით (!) დამთავრებული.

რატენაუს პორტრეტი საერთოდ არ მახსოვდა. სხვათა შორის, ის არნჰაიმის პროტოტიპია მუზილის „უთვისებო კაცში“.

ცვაიგი ძალიან ზუსტად აღწერს რატენაუს „მუდმივ ქმედებაში ყოფნას“, რითიც ის, როგორც თავად მემუარების ავტორი აღნიშნავს, საკუთარ შინაგან ტრაგიზმსა და „დაურწმუნებლობას“ გაურბოდა.

რილკეს პორტრეტი, ალბათ, ერთ-ერთი გამორჩეულია. მაგრამ მთავარი სხვაა – არაჩვეულებრივადაა გადმოცემული დროის მდინარება და ცვლილებები. ყველაზე დასამახსოვრებელი პირველსა და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდის აღწერაა.

საინტერესო იქნებოდა ცვაიგისა და ერნსტ იუნგერის 1914-1941 წლების მოგონებათა (და დღიურების) „პარალელური“ კითხვა/წაკითხვა.

როგორც ცნობილია, ცვაიგმა, თავის მეუღლესთან ერთად, თავი მოიკლა 1942 წელს, ბრაზილიაში, იუნგერი კი 1998 წელს, 102 წლის ასაკში გარდაიცვალა.




12 ივლისი, სამშაბათი
დილა. ვკითხულობდი ბენედიქტე XVI-ის წიგნს „იესო ნაზარეველი“.

შუადღისას ვიყავი უნივერსიტეტში, შემდეგ - მეგობრებთან.

საღამოს ვკითხულობდი ნ.ზ.-ს 1928 წლის პირველ პოეტურ კრებულს.

13 ივლისი, ოთხშაბათი
მთელი დღე ვკითხულობდი არისტოტელეს „მეტაფიზიკას“.

გვიან ღამით სრულიად შემთხვევით, რომელიღაც არხზე, გადავაწყდი კუსტურიცას „Arizona Dream“-ს. ვიფიქრე, ცოტას შეხედავ-მეთქი და... ბოლომდე ვუყურე.

ერთი ჩემი ახლო მეგობარი მეუბნება, რომ მე, წესით, კუსტურიცა არ უნდა მომწონდეს, მაგრამ...

როდესაც „ბოშათა დრო“ პირველად ვნახე (ეს იყო, ალბათ, ოცი და მეტი წლის წინ) ჩემთვის ვიფიქრე, რომ ესაა ფელინისა და მარკესის ნაზავი (არც ერთი მიყვარდა მაინცადამაინც მაშინ, და არც მეორე); და ამის მიუხედავად, ფილმი ძალიან მომეწონა. ერთი-ორი წლის შემდეგ კუსტურიცას ინტერვიუში წავიკითხე, რომ მისი საყვარელი ავტორები ფელინი და მარკესი არიან. ვერ დავმალავ, რომ ძალიან კმაყოფილი ვიყავი საკუთარი თავით...

ჩემი ის მეგობარი კუსტურიცას ვერ იტანს. ვერ გავიმეორებ, რას უწოდებს მის კინოპოეტიკას...

14 ივლისი, ხუთშაბათი
მთელი დღე სახლში ვიყავი. ისევ – „მეტაფიზიკა“.

ღამით ვუყურე ბუნუელის ჩემთვის მანამდე უცნობ მექსიკურ ფილმს.

გვიან ღამით ვუყურე „ნიუსებს“. ისევ გრძელდება პროტესტები „ფოტოგრაფების საქმესთან“ დაკავშირებით.

15 ივლისი, პარასკევი
დღის პირველი საათისათვის ჩავრთე Mezzo და უცებ მივხვდი, რომ უკრავდნენ ოლივიე მესიანის კვარტეტს.

ჩიკაგოში ყოფნისას, რამდენჯერმე ვცადე მესიანის მოსმენა. წავიკითხე მის შესახებ რამდენიმე სტატია. მაგრამ არაფერი გამომივიდა. საერთოდ ვერაფერი გავუგე.

და დღეს, უეცრად...

ისე, თავიდან მეგონა, რომ ეს იყო რომელიღაც ფრანგი იმპრესიონისტი. არა იმდენად რაველი ან დებიუსი, რამდენადაც გაბრიელ ფორე. რამდენიმე წამში მივხვდი, რომ ეს მესიანია. სხვათა შორის, მესიანი თავიდან დებიუსის სერიოზულ გავლენას განიცდიდა. აქედანაა მისი ეს ძალიან ყრუდ იმპრესიონისტული „ჟღერადობა“...

მოკლედ, ეს იყო „დროთა აღსასრულის კვარტეტი“, რომელიც მან საკონცენტრაციო ბანაკში დაწერა და 1941 წელს თანაბანაკელ მუსიკოსებთან ერთად შეასრულა კიდეც. აღმოჩნდა, რომ ვუყურებ დოკუმენტურ ფილმს მესიანის სწორედ ამ კვარტეტის შესახებ. ლაპარაკობდნენ გადარჩენილი პატიმრები, მუსიკოსები. დროდადრო გვიჩვენებდნენ დოკუმენტურ კადრებს, სადაც გადაღებულია, თუ როგორ დადის უკვე ხანში შესული მესიანი ტყეში და როგორ იწერს სანოტო ფურცლებზე ჩიტების ჟღურტულს. ფილმში გვიჩვენებდნენ იმ ადგილს გერმანიაში, სადაც იყო მესიანის ბანაკი...

ფილმის განმავლობაში თანამედროვე მუსიკოსებმა კვარტეტი დაახლოებით პირველი პრემიერის პირობებში შეასრულეს – ეს იყო სწორედ იმ საბანაკო პრემიერის იმიტაცია.

დროდადრო ჟღერდა თავად მესიანის ხმა. ის იხსენებდა, თუ როგორ და რანაირ პირობებში დაწერა მან ეს კვარტეტი; როგორ კითხულობდა „წმინდა იოანეს გამოცხადებას“ და, ერთხელაც, როგორ იხილა ფერთა საოცარი კონსტელაცია მზის ჩასვლისას, რამაც განსაზღვრა, მისივე აზრით, ამ კვარტეტის გზავნილი და პოეტიკა.

კვარტეტის ფინალი მართლაც სრულად შეესატყვისება მის სათაურს: ბგერა და, ამდენად, დროც პირდაპირ შენს თვალწინ („ყურწინ“) ინავლება და ქრება (რამაც, ცხადია, ადრიან ლევერკიუნის ორატორიის „დოქტორ ფაუსტუსის“ გოდების ფინალის თომას მანისეული აღწერა გამახსენა)...

ფილმის დამთავრების შემდეგ მესიანის ოპერა „წმინდა ფრანჩესკო ასიზიელი“ შემოგვთავაზეს.

ჩემდა გასაოცრად უკვე კვარტეტის მოსმენის დროს მივხვდი, რომ გავიგე და მივიღე მესიანის მუსიკა. ამის შემდეგ ოპერასაც თავიდან ბოლომდე მოვუსმინე.

მეორე მოქმედებაში არის ასეთი ეპიზოდი: წმინდა ფრანჩესკოს ეცხადება ანგელოსი და ეუბნება, ფრანჩესკო, შენ უფალს მუსიკის ენაზე ესაუბრებოდი და ახლა მე შენ ზეციურ მუსიკას მოგასმენინებო...

უნდა ვაღიარო, რომ რაც ამის შემდეგ გაისმა, ნამდვილად ზეციური მუსიკა იყო, ოღონდ მუსიკალური ავანგარდის ენაზე. ნამდვილად არ მეგონა, რომ მუსიკალური ავანგარდის ენაზე ასეთი რამ შესაძლებელი იქნებოდა!

XIX-XX საუკუნეებში ბევრია არა უბრალოდ ქრისტიანი ხელოვანი, არამედ ისეთი ავტორი, რომელმაც შეგნებულად დაუმორჩილა საკუთარი შემოქმედება ქრისტიანული მრწამსისა და გზავნილის გამოხატვას. ზოგიერთი მათგანი კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად და ნეტარად შერაცხა – შესანიშნავი ინგლისელი პოეტი ჯერარდ მენლი ჰოპკინსი, ანტონიო გაუდი, ჩესტერტონი... მაგრამ ყველაზე საოცარი ისაა, რომ ზოგიერთი ავტორი ახერხებს ქრისტიანული გზავნილის აბსოლუტურად ავანგარდისტულ ენაზე გამოხატვას. ოლივიე მესიანი, პოლ კლოდელი, რობერ ბრესონი ამის თვალსაჩინო მაგალითები არიან.

საღამოს ვიყავი მერაბ მამარდაშვილისადმი მიძღვნილ სემინარზე. ფილოსოფოსი ლელა ალექსიძე საუბრობდა თემაზე: „მერაბ მამარდაშვილი და ანტიკური ფილოსოფია“. ლელა ანტიკური ფილოსოფიის ჩინებული სპეციალისტია, განსაკუთრებით - გვიანდელი პლატონიზმის (პლოტინი, პორფირიოსი, იამბლიქოსი, პროკლე). ამიტომაც, ძალიან მაინტერესებდა, რას იტყოდა ის მამარდაშვილის ანტიკურ „ვარიაციებზე“.

ლელამ აღნიშნა, რომ ეს რეფლექსიები საკმაოდ ზუსტი და (როგორც დღეს ამბობენ) ადეკვატურია.

გვიან ღამით ვუყურე ბუნუელის ფილმს „განადგურების ანგელოსი“, რომელიც მანამდე არაერთხელ მქონდა ნანახი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სრულიად გენიალური ფილმია; რაღაცით - „ლათინურამერიკული“, თემატურად - კორტასარის მონათესავე.

16 ივლისი, შაბათი
დღეს შაბათია, კვირის „ჭირნახულის“ ჩაბარების დღე. ჩემმა ძველმა მეგობარმა მარინა ვაშაყმაძემ დაახლოებით ამ ერთი კვირის წინ შემომთავაზა კვირის დღიურის დაწერა. არადა, დღიურები არასდროს მიწერია. ჩემთვის, როგორც ტიპური ქართველისა და, საზოგადოდ, სამხრეთელისათვის, სრულიად უცხოა დღიურების წერა - ეს ყოველდღიურ სისტემურობას მოითხოვს. არადა, თვეები ისე გადის, რომ არაფერს ვწერ. და შემდეგ, უეცრად, რამდენიმე დღეში დავწერ ხოლმე 15-20 გვერდს.

ასეა თუ ისე, ვადა მაქვს შუადღის სამის ნახევრამდე.

ვაწესრიგებ დღიურებს, ვაკეთებ აუცილებელ კორექტურას. თან ვფიქრობ იმაზე, რომ დღეს კარმელის ღმრთისმშობლის მოხსენიების დღეა. კარმელის ორდენი ერთ-ერთი ყველაზე უფრო მისტიკური ორდენია. მან მოგვცა ეკლესიის სამი დოქტორი (Doctor Ecclesiae), მასწავლებელი: წმ. ტერეზა ავილიელი, წმ. იოანე ჯვრისა (სან ხუან დე ლა კრუსი) და წმ. ტერეზა ლიზიელი (ტერეზა მცირე).

საინტერესოა, რომ სამივე დიდი მწერალია, ხოლო ხუან დე ლა კრუსი გენიალური პოეტიცაა. ის წერდა ლექსებს, ხოლო შემდეგ ურთავდა თეოლოგიურ-მისტიკურ კომენტარებს. ძალიან ჰგავს მას დავით გურამიშვილი - ალბათ, ერთადერთი მისტიკოსი პოეტი ქართულ პოეზიაში, რომელიც, ასევე, იძლეოდა თავისი მისტიკური ლექსების ალეგორიულ ექსეგესას...

დაბოლოს, ვფიქრობ იმაზე, რომ ამ კვირის განმავლობაში ჩემთვის ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა - გავიგე ოლივიე მესიანის მუსიკა...

ასე რომ, ავანგარდიც ჩემი მუსიკა გახდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG