Accessibility links

logo-print

მერდოკმა და ბრუკსმა ბოდიში მოიხადეს მედიასკანდალისთვის


მედიაიმპერია ნიუს კორპის ხელმძღვანელი, რუპერტ მერდოკი, მისი ვაჟი ჯეიმსი და ნიუს კორპის ბრიტანული განყოფილების ყოფილი უფროსი, რებეკა ბრუკსი დღეს ბრიტანეთის პარლამენტში დაკითხეს სატელეფონო შეტყობინებების მოსმენასთან დაკავშირებული სკანდალის გამო. რუპერტ მერდოკმა ბოდიში მოიხადა მედიასკანდალთან დაკავშირებული ქმედებისთვის და განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელი იყო ნიუს კორპის კუთვნილ გაზეთ „ნიუს ოვ ზი ვორლდში“ დამკვიდრებული წესები, რის გამოც გადაწყდა გამოცემის დახურვა. „შეგვრცხვა იმისა, რაც გაზეთში „ნიუს ოვ ზი ვორლდში“ ხდებოდა და ჩავთვალეთ, რომ მისთვის წერტილი უნდა დაგვესვა“, განაცხადა რუპერტ მერდოკმა. ბოდიში მოიხადა რებეკა ბრუკსმაც, რომელიც სკანდალის გამო გადადგა ნიუს კორპის ბრიტანეთის განყოფილების ხელმძღვანელის პოსტიდან. სკანდალის გამო ის დააპატიმრეს, მაგრამ მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს. ბრიტანეთის პარლამენტში მერდოკის, მისი შვილის და ბრუკსის დაკითხვა გაიმართა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „ნიუს ოვ ზი ვორლდი“ ისმენდა ასობით ცნობილი ადამიანის, პოლიტიკოსების, მეტოქე ჟურნალისტების, ბრიტანეთის დაღუპული მეომრებისა და მოკლული თინეიჯერის სატელეფონო შეტყობინებებს. ბრიტანეთის პარლამენტში მოსმენა დღეს დროებით შეწყდა, როცა მერდოკზე თავდასხმა სცადა მამაკაცმა, რომლის დაკავებაც პოლიციელებმა შეძლეს. მანამდე მკვდარი იპოვეს „ნიუს ოვ ზი ვორლდის“ ყოფილი ჟურნალისტი შონ ჰორი, რომელმაც წამოაყენა გაზეთის წინააღმდეგ ბრალდებები. პოლიციის თანახმად, სიკვდილის მიზეზები გაურკვეველია.
XS
SM
MD
LG