Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის მომხრე გოგონათა „არმია“ „ტანსაცმელს იგლეჯს“


რუსეთის პრემიერის მომხრე გოგონათა ახალი „არმია“ გამოჩნდა, რომელიც ვლადიმირ პუტინისთვის მზად არის „ტანსაცმელი შემოიგლიჯოს“. ზოგიერთს ჰგონია, რომ ეს სალაღობო მეთოდი კრემლისავე ინიციატივაა და მას რუსეთში მოწინააღმდეგეებიც გამოუჩდნენ, პუტინის „ანტიარმიის“ სახით.

ვლადიმირ პუტინი საკუთარი თავის ნამდვილ მამაკაცად წარმოჩენას ადრეც ცდილობდა. ცნობილია მისი ფოტო და ვიდეოაქციები, სადაც პრემიერ-მინისტრი ფიზიკურად ძლიერ, მომხიბლავ კაცად იყო წარმოსახული. ახალი ინიციატივა, გოგონათა „არმია“ , უკვე მასზე ლაპარაკობს და სხვებსაც უხმობს, მიემხრონ პუტინს. სოციალური ქსელი „ვკონტაკტე“ იუწყება:

ჭკუა დავკარგე ამ ადამიანისთვის, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ცხოვრება შეცვალა...
„ჩვენ გიჩვენებთ, რომ ვლადიმირ ვლადიმირის ძეს ბევრი უჭერს მხარს, მათ შორის - ლამაზი, ახალგაზრდა და ჭკვიანი გოგონები. ჩვენ ერთი აზრი გვაქვს, რომ პუტინი ღირსეული და პატიოსანი პოლიტიკოსი და ასევე მიმზიდველი მამაკაცია. ჩვენი მიზანია პუტინი პრეზიდენტი გახდეს. ჩვენი აქციები მთელ რუსეთში იქუხებს, ყოველი გოგონა ინტერნეტვარსკვლავი გახდება.“

იმისათვის, რომ გახდნენ ინტერნეტვარსკვლავები, მონაწილე გოგონებს სთავაზობენ გადაიღონ ვიდეორგოლი, რომელზეც ისინი პუტინის გულისთვის „დაგლეჯენ ვიღაცას ან რამეს შემოიგლეჯენ“. აქ სიტყვების თამაშია, რაც რუსულად უკეთესად გამოდის: „рвать что-то или кого-то за Путина"- ასე ჟღერს მათი ლოზუნგი. ახალგაზდა ქალი, სახელად დიანა, რომელსაც შემოტმასნილი მაისური მოსავს, პუტინს ხოტბას ასხამს, მან მოუტანა რუსეთს სტაბილურობა და კეთილდღეობაო, და ხმამაღლა აცხადებს:

„ჭკუა დავკარგე ამ ადამიანისთვის, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ცხოვრება შეცვალა. ის ღირსეული პოლიტიკოსია, მიმზიდველი მამაკაცია, ის ვლადიმირ პუტინია. მას მილიონები აღმერთებენ, მისი სწამთ. მაგრამ არის ადამიანთა მცირე ჯგუფი, რომელიც მას ტალახს ესვრის, ალბათ, იმის გამო, რომ ეშინიათ... ალბათ, საკუთარი სისუტის გამო - იციან, რომ მის ადგილზე ვერასოდეს იქნებიან.“

ეს იდეა ერთგვარად ინტერნეტის გამოყენებას გულისხმობს - ინტერნეტისა, რომელსაც პუტინი დიდად პატივს არ სცემს...
„არმიის“ ამ აქციის უკან, ზოგიერთის ვარაუდით,კრემლის მომხრე ახალგაზრდული ჯგუფები დგანან, როგორიცაა „ნაში“ ან „ახალგაზრდა გვარდია“. რუსეთში ცნობილი ბლოგერის ალექსანდრ მოროზოვის აზრით, „ამ აქციაში - „შემოვიგლეჯ პუტინისთვის“ - განსაკუთრებული არაფერია. ერთი მხრივ, იყენებენ ამ „ქალების გულთა მპყრობელის სახეს“, მარტივად რომ ვთქვათ, „ბერლუსკონიზაციასთან გვაქვს საქმე. ვინ ქმნის ამას, ძნელი სათქმელია. ალბათ, კრემლის „ახალგაზრული ორგინაზაციები“, კრეატიული ჯგუფები მუშაობენ ამაზე, რათა როგორმე ახალგაზრდების ყურადღება მიიპყრონ.“

მოსკოვის დუმის დეპუტატი კირილ შჩიტოვი მმართველი პარტიის, „ედინაია როსიას“ წევრია და, ამასთანავე, „ახალგაზრდა გვარდიის“ საკოორდინაციო საბჭოში ირიცხება. მან ეს ვიდეორგოლი - „შემოვიგლეჯ პუტინისთვის“ - თავის ბლოგზე გამოაქვეყნა, იქვე კი, ქვემოთ, მიაწერა: „ნეტავ რატომ ვერასოდეს ვხედავთ წარმატებულ ლამაზ გოგონებს ოპოზიციაში?“. და აი, ამ დროს გამოჩნდა კიდეც ოპოზიციური ჯგუფი, რომელშიც კაცებიც შედიან და ქალებიც. პუტინის ეს „ანტიარმია“ იმავე „ვკონტაკტეში“ ამ ინიციატივას გმობს. მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, კონსტანტინ კოჟევნიკოვი, პუტინის „არმიას“ ამორალურ მოძრაობად მიიჩნევს. ვიდეო ვულგარული პროპაგანდააო, ამბობს. ისინი ცდილობენ მაყურებელს რაღაც პოლიტიკიური იდეები მოახვიონ თავს და ამ დროს კი თვიანთ მკერდს უჩვენებენ ყველასო. ეს იმის ნიშანია, თვლის კოჟევნიკოვი, რომ პუტინს არ შეუძლია ნორმალური გზით ხმების მოპოვება.
ანალიტიკოსები ამ აქციას ადარებენ მთავრობის მომხრეთა სხვა პროექტს - კომიქსს, სადაც პუტინი, მედვედევი და პრემიერის მოადგილე სეჩინი არიან გამოყვანილი და ეს სამი „სუპერგმირი“ ერთად ებრძვის ურჩხულს, ოპოზიციას. მოსკოვის კარნეგის ცენტრის ექსპერტი ნიკოლაი პეტროვი ამბობს:

„ეს იდეა ერთგვარად ინტერნეტის გამოყენებას გულისხმობს - ინტერნეტისა, რომელსაც პუტინი დიდად პატივს არ სცემს, მაგრამ რომლის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად გამოყენებაც სურს მის გუნდს, მისი კამპანიის ორგანიზატორებს.“

კონკურსი, რომელში გამაჯვებულიც - პუტინისთვის „გაგლეჯისა და შემოგლეჯისთვის“ მზად მყოფი გოგონა - აეპლის აიპოდის უახლეს მოდელს მიიღებს, 26 აგვისტომდე გრძელდება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG