Accessibility links

logo-print

”მედიაადვოკატირების” კოალიცია მოითხოვს ფოტოგრაფების საქმე საჯარო გახდეს


კოალიციამ "მედიაადვოკატირებისთვის" საქართველოს მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას სახელზე ფოტორეპორტიორების საქმეზე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნის თხოვნით კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა და, ამასთანავე, მოითხოვა, შეიცვალოს ადვოკატების მიერ დადებული ხელწერილის პირობები, რათა მათ მიეცეთ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობა.

ფოტორეპორტიორების საქმის რა ნაწილს ადევს გრიფი ’საიდუმლო”? რატომ განაცხადა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტების ჯგუფთან შეხვედრაზე, რომ საქმის მხოლოდ ნაწილია საიდუმლო და არა საქმე მთლიანად, მაშინ როცა, ფოტორეპორტიორ ზურაბ ქურციკიძის ადვოკატების თქმით, მათ ხელი მოაწერეს ხელწერილს, რომლის მიხედვითაც არაფრის გასაჯაროების უფლება არა აქვთ? ან როგორ მოხდა, რომ მეორე დაკავებული ფოტორეპორტიორის - გიორგი აბდალაძის -ადვოკატს, ეკა ბესელიას, მსგავსი შინაარსის ხელწერილზე ხელი არ მოუწერია? ეს წინააღმდეგობრივი განცხადებები ბევრ კითხვას აჩენს, - ფიქრობენ კოალიცია ”მედიაადვოკატირებისათვის” წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მორიგ მიმართვაში ისინი კვლავაც მოითხოვენ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქმის მასალები იყოს ღია და ხელმისაწვდომი და, რაც მთავარია, შეიცვალოს ადვოკატების მიერ დადებული ხელწერილის პირობები, რომ მათ შეძლონ მეტი ინფორმაციის გავრცელება.
რა იგულისხმება მეტ ინფორმაციაში? - ვეკითხებით საიას იურისტს და კოალიციის წარმომადგენელს თამარ კორძაიას. - რა ტიპის ინფორმაცია უნდა გახდეს საჯარო მათი მოთხოვნით?

”გვესმის, რომ შესაძლოა არსებობს დოკუმენტი, რომელსაც ჯაშუში გადასცემდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურს და ამ დოკუმენტის საჯაროდ ჩვენება ზიანის მომტანი იყოს სახელმწიფოსთვის და ამ დოკუმენტს არც ვითხოვთ, მაგრამ როგორ გადასცემდა, ვისი ხელით, რა სარგებელს იღებდა, ვინ არის ის ჯაშუშური ორგანიზაცია, რომელსაც ამ ინფორმაციას აწვდიდა, ყველა ეს ინფორმაცია უნდა იყოს ღია. მათ კი მხოლოდ აღიარებითი ჩვენებები გახადეს საჯარო და ეს არ არის საკმარისი.”

თამარ კორძაია იხსენებს, რომ შს მინისტრმა შეხვედრაზე თქვა, უტყუარი ინფორმაცია გვაქვს, როგორ მოიპოვებდა ქვეყნის შიგნით საჭირო ინფორმაციას ევროპის პრესისა და ფოტოსააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურძიკიძე, მაგრამ როგორ გადასცემდა ის ამ მასალებს ქვეყნის გარეთ, ამაზე ვმუშაობთო.

”მინისტრმა გვითხრა, რომ უტყუარი მტკიცებულებები ამ მხრივ ჯერ არა აქვთ და მუშაობენ. ამ ფონზე კი როდესაც აღმოჩნდება, რომ ქურციკიძე აძლევს აღიარებით ჩვენებას და ის ხსნის ამ არხებს თავის აღიარებით ჩვენებაში, მე უკვე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მასზე შესაძლოა მომხდარიყო ზეწოლა. ხომ ფაქტია, რომ მტკიცებულებები არ არსებობდა და მინისტრთან შეხვედრის მეორე თუ მესამე დღეს ქურციკიძემ დანაშაული აღიარა. ჩვენ მოვითხოვთ, გვაჩვენონ, რომ ქურციკიძის აღიარება გამოიწვია, მაგალითად, იმან, რომ სამინისტრომ მას უტყუარი მტკიცებულებები დაუდო, რომელსაც ის ვერსად გაექცა, რომლისგანაც მას ვეღარაფერი დაიცავდა, ვერც საუკეთესო ადვოკატი, და სწორედ ამიტომ აღიარა”, - აცხადებს თამარ კორძაია.

ის, რომ ფოტორეპორტიორების ადვოკატების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში გარკვევით წერია, რომ საქმე მთლიანად გრიფით „საიდუმლოა“, რადიო თავისუფლებასთან საუბარში კიდევ ერთხელ ადასტურებს ზურაბ ქურციკიძის ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი:

”კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ადვოკატებმა ხელი მოვაწერეთ, რომ საქმე არის მთლიანად გრიფით „საიდუმლო“. და ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს გავახმაუროთ ყველა ის მონაცემი, ყველა ისე დეტალი, რაც საქმეს შეეხება. ამ შემთხვევაში ჩვენც გვეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაკავებულმა მისცა აღიარებითი ჩვენება, მაგრამ დეტალებს ჩვენი ინიციატივით ვერ განვავრცობთ. ფაქტია, რომ თუ საქმეს გრიფი მოეხსნებოდა, პირველ რიგში ეს ადვოკატებისათვის უნდა გამხდარიყო ცნობილი. მე ვესაუბრე გამომძიებელს, რომელმაც პირდაპირ თქვა, რა სისულელეა, საქმეს გრიფი არ მოეხსნებაო.”

ნინო ანდრიაშვილმა ასევე გვითხრა, რომ 19 ივლისს მან წერილობით მიმართა კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და მოითხოვა ინფორმაცია - საქმის რომელიმე ნაწილს მოეხსნა თუ არა გრიფი და დადასტურების შემთხვევაში იმ დოკუმენტების ასლებიც მოითხოვა, რომლებიც საჯარო გახდა. ადვოკატს პასუხი ჯერ არ მიუღია.

ეკა ბესელია, გიორგი აბდალაძის ადვოკატი, განმარტავს, რომ ის, რაც მინისტრმა თქვა, მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფორმულირებაა და რომ მთელ საქმეს გრიფი ვერ დაედებოდა:
”მთელ საქმეს გრიფი „საიდუმლო“ არ შეიძლება ედოს. უბრალოდ, გამომძიებელმა შეცდომაში შეიყვანა დაცვის მხარე, რადგან მათ მოსთხოვეს მთელ საქმეზე საიდუმლოების დაცვა. როდესაც საჯარო განცხადებებში შსს ამბობს, რომ არ ადევს მთელ საქმეს გრიფი „საიდუმლო“, სწორია, ვერც დაედებოდა მთელ საქმეს ეს გრიფი, მაგრამ ქვედა რგოლი, ანუ გამომძიებელი, რომელიც აწარმოებს საქმეს, ამბობს, მე მაქვს ასეთი სიტყვიერი დავალებაო და მხარეებს ავალდებულებს, რომ მიიღონ ასეთი წესები. მე პირადად ეს წესები არ მივიღე და დამთანხმდნენ.”

რადიო თავისუფლება: ანუ თქვენ მსგავს ხელწერილზე ხელი არ მოგიწერიათ?

ეკა ბესელია: „მე მოვაწერე ნაწილობრივ ვალდებულებაზე, მხოლოდ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების კონფიდენციალობაზე, მაგრამ დანარჩენზე დავწერე, რომ არ ვიღებ ვალდებულებას მთელ საქმეზე და ამაზე დამეთანხმნენ. იგივე შეეძლოთ დანარჩენ ადვოკატებსაც.”

ეკა ბესელია იმასაც შენიშნავს, რომ თუ პირველ ეტაპზე გამოძიება ზღუდავდა დაცვის მხარეს, ახლა უკვე ბრალდებულები ითხოვენ ადვოკატებისგან დუმილს. თუმცა ბესელიაც აცხადებს, რომ გარდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტისა, ყველა სხვა საპროცესო დოკუმენტი - იქნება ეს დაკითხვების ამსახველი მასალა, ჩხრეკა თუ ბრალის დადგენილება - ყველაფერი არის საჯარო, ანუ მასზე ლაპარაკი შეიძლება.
XS
SM
MD
LG