Accessibility links

logo-print
ფოტოგრაფების შემდეგ ჯერი არასამთავრობო ორგანიზაციებზე მიდგება, - განაცხადა დღეს საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელმა უჩა ნანუაშვილმა. მან ჟურნალისტებს ფოტომასალაც აჩვენა, რომელიც, მისი თქმით, უშუალოდ მასზე თვალთვალს ადასტურებს. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს რეაგირება მოახდინოს ამ ინფორმაციაზე.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის უჩა ნანუაშვილის თქმით, მისი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლებზე თვალთვალი უცხო რამ არ არის. მაგრამ ბოლო ხანებში განვითარებულმა მოვლენებმა - ისევე როგორც უშუალოდ მასზე თვალთვალის გაძლიერებამ - საჯარო განცხადებისკენ უბიძგა:

”ცენტრისათვის ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები პირადად არიან ჩართული სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციაში. ისინი უცხოელ სტუმრებს პირად საუბრებში უმტკიცებენ, რომ ქართული სამოქალაქო საზოგადოება რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობს. მათ ეუბნებიან, რომ რუსეთი იმდენად ძლიერია, რომ დიპლომატებზე გავლენას ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების საშუალებით ახდენს. ფოტორეპორტიორთა საქმე თურმე მხოლოდ დიდი ჯაჭვის პირველი რგოლია და იგეგმება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მხილება რამდენიმე არაკონტროლირებად ორგანიზაციაზე წერტილოვანი დარტყმით.”

უჩა ნანუაშვილი ხელისუფლების მისდამი გაძლიერებულ ინტერესსა და არასამთავრობო ორგანიზაციათა შესაძლო დისკრედიტაციას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს. ამასთანავე, უჩა ნანუაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამ არჩევნებზე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების სათავეში დარჩება როგორც პრემიერ-მინისტრი.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელმა იმ სხვადასხვა მარკის ავტომობილების ნომრები წარმოადგინა, რომლებიც მას მთელი დღის განმავლობაში დაჰყვებიან:

” მანქანის ნომერია AMD 777, მერსედესის მარკის. იგი მთელი დღე დამყვებოდა. მე მინდა გაჩვენოთ მეორე ფოტო, იმავე ნომრით, რომელიც დამყვებოდა იმ დღეებში, ოღონდ ავტომობილის მარკაა უკვე ტოიოტა კამრი. ერთი და იგივე ნომერი სხვადასხვა მანქანაზე სამართალდარღვევაა.”

ნანუაშვილის თქმით,მის ფოტობანკში ასეთი მანქანების 30 ნომერია.მათ შორისაა - ROG 001, ხოლო ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით MIA 070, მას სახლშიც კი აცილებს. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორმა ის ფოტოც წარადგინა, რომელზეც, მისი თქმით, აღბეჭდილია პირი, რომელიც 26 ივნისს გამართულ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აქციას უთვალთვალებს. მისი თქმით, ეს პირი დაფიქსირებულია მაშინაც, როდესაც „ქართული პარტიის“ ოფისში სამართალდამცავები შევიდნენ.
ამ მასალების წარმოდგენის შემდეგ ნანუაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა:

”მივმართავთ შსს-ს, ამ ფოტოებზე რაიმე კომენტარი გააკეთოს: რას ნიშნავს ყოველივე ეს და რატომ ხორციელდება თვალთვალი უფლებადამცველ ორგანიზაციაზე. თუ აქვთ მათ რაიმე ეჭვი, რომ ჩვენ ვართ ჯაშუშები, გამოაცხადონ დღესვე.”

დღეს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ წარმოდგენილი ფოტოები საზოგადოებრივი დამცველის აღმასრულებელ დირექტორს მანანა კობახიძეს სამხილად მიაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მასალა მის ორგანიზაციას არ გააჩნია, უჩა ნანუაშვილის აზრს იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება იერიშს არასამთავრობო ორგანიზაციაზე გეგმავს, მანანა კობახიძეც იზიარებს:

”ზოგადად ის, რომ ყველას უსმენენ და რეალურად ერთ მშვენიერ დღეს ყველას მიმართ შეიძლება ნებისმიერი საბუთი დადონ და თუნდაც ფალსიფიცირება მოახდინონ, არ არის გამორიცხული. შესაძლოა ფოტორეპორტიორების და ადვოკატების შემდეგ ბოლო სამიზნე არის ზუსტად არასამთავრობო სექტორი და ეს საშიშროება ნამდვილად არის.”

კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის - "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" - ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ უჩა ნანუაშვილმა, უბრალოდ, ხმამაღლა თქვა ის, რაც კარგა ხანია ცნობილია. მუხაშავრია იმ ფაქტს იხსნებს, როცა თავად გახდა დისკრედიტაციის ობიექტი:

” ჩვენ 2009 წელს გავხდით პირდაპირი თავდასხმის მსხვერპლი. პირადად მე სასამართლომ გამომაცხადა ხულიგნად. 2009 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ გააკეთა სიუჟეტი, რომელშიც ჩვენი ორგანიზაცია გამოიყვანა თაღლითად, რომელიც თითქოს სარგებლობს ომით დაზარალებულთა მდგომარეობით და სძალავს მათ ფულს.”

თუმცა კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, აცხადებს, რომ მსგავსი პრობლემები საკუთარი საქმიანობის დროს არ შეუმჩნევია. რადიო თავისუფლება შეეცადა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის უმრავლესობის წარმომადგენლებს დაჰკავშირებოდა და გაერკვია, როგორ აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის აზრს მათი შესაძლო დისკრედიტაციის თაობაზე,მაგრამ მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG