Accessibility links

logo-print
„სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები“ - ასე ჰქვია კრებულს, რომლის პრეზენტაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრებმა რეგიონებში დაიწყეს. არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები ასოციაციის გორის ოფისში შეიკრიბნენ, სადაც ახალგაზრდა იურისტების მიერ ჩატარებული კვლევის ანალიზს გაეცნენ. კვლევის მიზანია კონკრეტული საქმის შესწავლა და იმის დადგენა, თუ რა მოცულობით შეეძლო გავლენის მოხდენა პოლიტიკურ მოტივს წინასწარ გამოძიებასა და სასამართლო განხილვაზე.

გამოკვლევაში განხილულია ძირითადად 2009 წლის გაზაფხულზე, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას და შემდგომ პერიოდში, დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა საქმეების ანალიზი.

კვლევისთვის შეირჩა 24 საქმე, აქედან 6 - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის და 18 სისხლის სამართლის საქმე. საქმეების შერჩევისას გათვალისწინებულ იქნა რეგიონალური პრინციპიც. 11 საქმეში ძირითად ბრალდებას ცეცხლსასროლი იარაღის და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ფლობა წარმოადგენს. აღნიშნულ პერიოდში იმატა მოცემული ბრალდებებით საპროტესტო აქციებში მონაწილე პირთა და ოპოზიციის აქტივისტების დაკავების ფაქტებმა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის ეკატერინე ფოფხაძის განცხადებით, იურისტების მიზანი არ ყოფილა დაემტკიცებინათ არიან თუ არა საქართველოში პოლიტიკური პატიმრები, მაგრამ შესწავლილი საქმეების შედეგად სპროცესო და სამართლებრივი ნორმების დარღვევა გამოვლინდა.

იურისტების კვლევაში მოხვდა გორელების - დავით გუდაძის და თამაზ ტლაშაძის -საქმეები. ისინი ნარკოტიკების შენახვის და იარაღის ტარების ბრალდებით გაასამართლეს. 2009 წლის ზაფხულში გორში, მათი გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა და წარდგენილი ბრალდების საზოგადოების დიდ ნაწილს არ სჯეროდა. გუდაძე და ტლაშაძე თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში იღებდნენ მონაწილეობას და მათი დაკავება მაშინვე შეფასდა როგორც პოლიტიკური რეპრესიები. იურისტების ოფისში შეკრებილი პოლიტიკოსები უფრო რადიკალურ განცხადებებს აკეთებდნენ. „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა ერგემლიძე, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა. მისი თქმით, საქართველოში უამრავი პოლიტიკური პატიმარი და რეპრესიის მსხვერპლია.

„ეროვნული ფორუმის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერის სოსო ვახტანგაშვილის აზრით, იურისტების კვლევა ადასტურებს, რომ ხელისუფლების განცხადება საქართველოში დემოკრატიის განვითარების შესახებ მხოლოდ დეკლარაციაა და მეტი არაფერი.

ახალგაზრდა იურისტები კვლევის პრეზენტაციას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გააგრძელებენ, პროექტის განხორციელება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით გახდა შესაძლებელი. იურისტები კი კონკრეტული საქმეების კვლევას გააგრძელებენ. მალე ისინი 2011 წლის მაისის აქციების პერიოდში დაკავებულთა საქმეების ანალიზს დაიწყებენ.
XS
SM
MD
LG