Accessibility links

logo-print

გრძელდება პროტესტი სამარშრუტო ტაქსების გაძვირების გამო


20 ივლისს მერიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციამ. ”ჩვენ არ გვაქვს 80 თეთრი, ნუ გვაიძულებთ ფეხით სიარულს”, - აქციაზე წარმოდგენილი ამ შინაარსის ლოზუნგის საპასუხოდ, მერიის შენობიდან გამოსულმა თანამშრომელმა აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ ”ფეხით სიარული ჯანმრთელობაა.” ამგვარ რეაქციას ცინიკურსა და აღმაშფოთებელს უწოდებს, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე. მისი თქმით, სამარშრუტო ტაქსების ტარიფის უკანონო ზრდასთან დაკავშირებული პროტესტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა განელდეს.

ჯერ ისევ პასუხგაუცემელია შეკითხვა, თუ ვის ეკუთვნის გადაწყვეტილება თბილისში მოძრავი სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის საფასურის 80-თეთრამდე გაზრდასთან დაკავშირებით. 18 ივლისის შემდეგ სამგზავრო ტარიფის გაზრდა თანდათან შეეხო თბილისში თითქმის ყველა ძველ სამარშრუტო ხაზზე მოძრავ მიკროავტობუსებს. როგორც კომპანია "თბილისის მიკროავტობუსში" ვარაუდობენ, მძღოლებმა ფასი თვითნებურად გაზარდეს, რადგან მგზავრობის ღირებულება ოფიციალურად უკვე გაიზარდა #4 სამარშრუტო ხაზის შემთხვევაში.

ინფორმაცია მძღოლების თვითნებურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არადამაჯერებელია საკრებულოს წევრისთვის, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერისთვის თინათინ ხიდაშელისთვის, რომელიც აქტიურად აპროტესტებს მგზავრობის საფასურის გაძვირებას. როგორც მან რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნა, შესაბამისი გადასახადების კალკულაციიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს ტარიფის გაზრდა არანაირად არ აძლევს ხელს. ხიდაშელი მიიჩნევს, რომ მგზავრობის გაძვირებაზე პასუხისმგებლობა დედაქალაქის მერიას ეკისრება.

ლეიბორისტული პარტია კი, მოუწოდებს თბილისელებს, რომ სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის საფასურს ბოიკოტი გამოუცხადონ და უკანონოდ დაწესებული 80 თეთრი არ გადაიხადონ. როგორც პარტიის წარმომადგენელმა პაატა ჯიბლაძემ განაცხადა 20 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე, დედაქალაქის მერია თბილისელებს ატყუებს.
XS
SM
MD
LG