Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ქურციკიძემ საპროცესო გარიგების გაფორმება მოითხოვა


ადვოკატი შალვა შავგულიძე
ადვოკატი შალვა შავგულიძე
21 ივლისს, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორების პატიმრობის მე-14 დღეს, პროკურატურამ ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი გედენიძისა და გიორგი აბდალაძის ხელმეორედ დაკითხვის გადაწყვეტილება მიიღო. ცნობილი გახდა ისიც, რომ ზურაბ ქურციკიძემ პროკურატურას საპროცესო გარიგების გაფორმების თხოვნით მიმართა. გიორგი აბდალაძის ადვოკატმა ეკა ბესელიამ კი გლდანის # 8 საპყრობილესთან გამართულ მორიგ საპროტესტო აქციაზე მისულ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საპროცესო გარიგებაზე წასვლას, სავარაუდოდ, აიძულებენ მისი დაცვის ქვეშ მყოფსაც, თუმცა ბესელია ამბობს, რომ ამ უკანონო გარიგებაში ის, როგორც ადვოკატი, მონაწილეობას არ მიიღებს.

პროკურატურის მიერ სამი დაკავებული ფოტორეპორტიორის ხელმეორედ დაკითხვის გადაწყვეტილება, გლდანის #8 საპყრობილესთან ჟურნალისტების მიერ ორანიზებული მორიგი საპროტესტო აქციის მონაწილეების - მათ შორის, პოლიტიკოსების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების - საერთო აზრით, არის ხელისუფლების მცდელობა შეასწორონ ფოტორეპორტიორების წინა აღიარებით ჩვენებებში გაპარული შეცდომები. დაკითხვიდან გამოსულმა ზურაბ ქურციკიძის ადვოკატმა ნინო ანდრიაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში თქვა, რომ პროკურატურას ქურციკიძესთან გარკვეული საკითხების დაზუსტება სურდა. მანვე დაადასტურა გავრცელებული ინფორმაციაც, რომ ქურციკიძემ პროკურატურას საპროცესო გარიგების თხოვნით წერილობით მიმართა.

ზურაბ ქურციკიძესთან შესვლას ცდილობდა დღეს ადვოკატი შალვა შავგულიძეც, რომელსაც ევროპის პრესისა და ფოტოსააგენტომ და ქურციკიძის ოჯახის წევრებმაც ფოტორეპორტიორის დაცვის თხოვნით მიმართეს, თუმცა 21 ივლისს მერვე საპყრობილეში მისულ შალვა შავგულიძეს დაკითხვაზე შესვლაზე უარი განუცხადეს:

”მე წარვუდგინე ციხის ადმინისტრაციას ”EPA“-სთან დადებული ხელშეკრულება და ასევე ზურაბ ქურციკიძის ოჯახის წევრებთან, რის საფუძველზეც არის გამოწერილი ორდერი, მაგრამ, მიუხედვად ამისა, უარი მითხრეს პატიმარს შევხვედროდი და მისგან მომესმინა პასუხი. არგუმენტი იყო ის, რომ თითქოს ქურციკიძემ წინასწარ აცილება მისცა ყველა სხვა ადვოკატს იმ ორი ადვოკატის გარდა, რომლებიც მას იცავენ (საუბარია ნინო ანდრიაშვილსა და მიხეილ ღოღაძეზე).“

ნინო ანდრიაშვილმა რადიო თავისუფლებას ასევე უთხრა, რომ ზურაბ ქურციკიძემ მასთან საუბარში თავად განაცხადა უარი მის ადვოკატად შალვა შავგულიძის დანიშვნაზე.

21 ივლისს გლდანის მერვე საპყრობილესთან გამართულ საპროტესტო აქციაზე საგანგებო განცხადება გიორგი აბდალაძის ადვოკატმა ეკა ბესელიამაც გააკეთა. მას აქვს მოლოდინი, რომ მას, როგორც ადვოკატს, აბდალაძე აცილებას მისცემს და, შესაბამისად, აღიარებს ყველაფერ იმას, რაც მას არ ჩაუდენია. ეს კი იმიტომ ხდება, ამბობს ბესელია, რომ ხელისუფლება ყველა დაუშვებელი მეთოდით ცდილობს მორალურად გატეხოს გიორგი აბდალაძე:

”ეს არის ადგილი, საიდანაც შეიძლება ხელისუფლებამ მიიღოს ნებისმიერი ხასიათის და შინაარსის ჩვენება. მე ამას ვხედავ იმ დღიდან, რა დღიდანაც შემოვდივარ აქ, ციხეში, და ვხვდები პატიმრობაში მყოფ აბდალაძეს, რომელმაც დაიწყო იმით, რომ ის არასოდეს დაიბრალებს დანაშაულს, რომელიც მას არ ჩაუდენია, და დღეს უკვე, ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფი, იძულებულია დაიბრალოს ყველაფერი, რასაც კი მოსთხოვს მას გამოძიება და ხელისუფლება. და მე ვფიქრობ, დღეს არის მეტად მნიშვნელოვანი ეტაპი, როდესაც ხელისუფლებამ დაავალა გამოძიებას, გაასწოროს ის ჩვენება, ის სრული აბსურდი, რაც საზოგადოებამ, ისიც დამონტაჟებული და არასრული სახით, ნახა, მაგრამ მაინც ვერ მიიღეს ისეთი ჩვენება, რაც ხელისუფლებას სურდა.”

შესაბამისად, ეკა ბესელია მოვლენების განვითარების ორ ვერსიაზე საუბრობს:

”ან გიორგი აბდალაძეს მოსთხოვენ გაასწოროს ყველა ხარვეზი და ილაპარაკოს ყველაფერი და მისცეს ყველა განმარტება, რაც ხელისუფლებას სურს, ან მას დააწერინებენ მოთხოვნას ჩემი აცილების თაობაზე.”

როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, აცხადებს ბესელია, ის არ მიიღებს მონაწილეობას გიორგი აბდალაძესთან საპროცესო გარიგების გაფორმების პროცესში:

21 ივლისს გლდანის საპყრობილესთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მისული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ როგორიც არ უნდა იყოს ფოტოგრაფების აღიარებითი ჩვენებები, საქმის დეტალებიდან გამომდინარე, ამ ჩვენებების საზოგადოებას არ სჯერა. ასოციაცია ”სამართალი და თავისუფლების” ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი, მაგალითად, ამბობს, რომ სწორედ ამ უნდობლობის გამო ხელისუფლება ამ ბრძოლაში უკვე დამარცხდა.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სამივე ფოტორეპორტიორის აღიარებითი ჩვენებების არსებობის პირობებში, თუ ამას საპროცესო შეთანხმებებსაც დავუმატებთ, ნათელი ხდება, რომ საზოგადოებისათვის ფოტორეპორტიორების საქმის დეტალები ბოლომდე უცნობი დარჩება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG