Accessibility links

დასრულდა „ატლანტისის“ ბოლო მისია


"ატლანტისი" კენედის კოსმოსური ცენტრის დასაფრენ ბილიკზე

"ატლანტისი" კენედის კოსმოსური ცენტრის დასაფრენ ბილიკზე

დღეს დასრულდა პროგრამა, რომელიც 30 წლის მანილზე წარმოადგენდა კოსმოსში შეერთებული შტატების დომინანტური როლის სიმბოლოს: დედამიწაზე დაეშვა მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი „ატლანტისი“.

„მისია შესრულებულია, ჰიუსტონ. მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსურმა ხომალდმა მას შემდეგ, რაც 30 წელი ემსახურა მსოფლიოს, თავისი ადგილი დაიმკვიდრა ისტორიაში და საბოლოოდ გაჩერდა“, - ეს სიტყვები „ატლანტისის“ კაპიტანმა, კრის ფერგუსონმა წარმოთქვა ხომალდის ფლორიდაში, კანავერალის კოსმოდრომზე დაშვების შემდეგ.

1981 წელს კოსმოსში „კოლამბიას“ პირველი მოგზაურობის დაწყების დღიდან მოყოლებული, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდის პროგრამა - ამერიკული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, არაერთი ექსპერტის შეფასებით, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე კომპლექსური მოწყობილობები შეიქმნა.

საქმე ეხება ხუთ ხომალდს. მათი შექმნა და შენახვა 210 მილიარდამდე დოლარი ღირდა, მათი მეშვეობით კოსმოსურ მისიებში მონაწილეობა მიიღო 350-მა ასტრონავტმა (16 ქვეყნის წარმომადგენლებმა). მრავალჯერადი გამოყენების ხომალდები მეცნიერებასთან ერთად დიპლომატიასაც ემსახურებოდნენ, ხელს უწყობდნენ საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცებას რუსეთის კოსმოსურ სადგურ „მირზე“, მოგვიანებით - საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ვიზიტებით.

იყო მძიმე დღეებიც. მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდის 25-ე მისია, რომელსაც 1986 წლის 28 იანვარს პირდაპირ ეთერში უყურებდა მილიონობით ტელემაყურებელი, ტრაგედიით დასრულდა. ხომალდი „ჩელენჯერი“ დედამიწიდან აფრენის შემდეგ 73 წამში აფეთქდა. დაიღუპა ეკიპაჟის შვიდივე წევრი. 2003 წლის თებერვალში კიდევ 7 ასტრონავტი დაიღუპა დედამიწის ატმოსფეროში „კოლამბიის“ დაბრუნებისას.

როგორც შეერთებული შტატების კოსმოსური კვლევის სააგენტო ნასას (NASA) პრესმდივანი კაილ ჰერინგი აღნიშნავს, მიუხედავად ამ ტრაგედიებისა და მიუხედავად არაერთი ლიმიტისა, რომლებიც ზღუდავდა მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდების პროგრამას, მას მნიშვნელოვანი ადგილი ეკუთვნის ისტორიაში: „მრავალჯერადი გამოყენების ხომალდების პროგრამით დამტკიცდა, რომ საქმე ეხება მრავალმხრივ სატრანსპორტო საშუალებას არა მარტო საერთაშორისო კოსმოსური სადგურის შემადგენლობაში, არამედ ისტორიის მანძილზე ის, ცხადია, გამოყენებულ იქნა მთელი რიგი სხვა მისიებისთვისაც. ამდენად, მრავალჯერადი გამოყენების ხომალდს დარჩება სახელი, რომ ის ძალიან მრავალმხრივი სატრანსპორტო საშუალებაა“.

ნასას ხელმძღვანელობის ყოფილი წევრი, უეინ ჰეილი იხსენებს, რომ მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდების პროგრამა მოჰყვა ნასას პროგრამა „აპოლოს“, რომლის მეშვეობითაც 12-მა ასტრონავტმა დადგა ფეხი მთვარეზე, 1969- 1972 წლებში ექვსი სხვადასხვა მისიის შემადგენლობაში.

„ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ ჯერ არ აგვიგია მრავალჯერადი გამოყენების კოსომსური ხომალდის მემკვიდრე. მართლაც საწყენია, რომ შეერთებულმა შტატებმა, ან მსოფლიომ ვერ შეძლეს, შეექმნათ ახალი ხომალდი, რომელიც უფრო უსაფრთხო და უფრო ქმედითი იქნებოდა. ჩვენ გვაქვს ახალი სატრანსპორტო საშუალების შექმნის გეგმა, მაგრამ რამდენიმე წელი გავა, ვიდრე მას ავაგებთ“, აღნიშნავს უეინ ჰეილი.

„კოლამბიის“ ტრაგედიის მომდევნო წელს, 2004-ში აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა გამოაცხადა, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მუშაობის დასრულების შემდეგ ბოლო მოეღებოდა მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდების პროგრამას და მას ჩაენაცვლეობოდა ახალი პროგრამა სახელწოდებით „კონსტელეიშნ“, ასტრონავტების მთვარეზე და უფრო გრძელვადიანი გეგმით, მარსზე წასაყვანი მისიების განსახორციელებლად.

მაგრამ მოგვიანებით, უკვე ბარაკ ობამას მმართველობისას, ვაშინგტონში დაასკვნეს, რომ პროგრამა „კონსტელეიშენის“ განხორციელება მოცემულ ეტაპზე არარეალისტური ამოცანა იქნებოდა. ის გააუქმეს. 2010 წელს გამოცხადდა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კერძო სექტორი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კოსმოსური ხომალდების დამზადებაში.

ჯერ-ჯერობით კი შეერთებული შტატები რუსეთის ხომალდებზეა დამოკიდებული, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გასაგზავნად. „ეს შემაშფოთებელია, რადგან უნდა შევასრულოთ კოსმსოური სადგურისთვის საჭირო მისიები და გვინდა, შეგვეძლოს ხალხის ნებისმიერ დროს გაგზავნა კოსმოსურ სადგურზე“, აღნიშნავს ნასას ხელმძღვანელობის ყოფილი წევრი უეინ ჰეილი და დასძენს: „ახლა, გარკვეული პერიოდით, რუსეთის ფედერაციის ხომალდი, „სოიუზი“ იქნება ჩვენი მთავარი დასაყრდენი. ამდენად, კოსმოსურ სადგურზე მოსახვედრი ორი გზის ნაცვლად გვრჩება ერთი გზა, რომელიც კოსმოსურ სადგურთან გვაკავშირებს. ეს ცოტა სანერვიულოა“.

წელს ნასამ 270 მილიონამდე დოლარი გამოუყო ოთხ კერძო კომპანიას კოსმოსში ადამიანებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ხომალდების შესაქმნელად. ამ პროექტს უკავშირებენ იმედს, რომ ბოლო მოეღება კოსმოსში ფრენაზე რუსეთის მონოპოლიას, როცა შეერთებული შტატები 2016 წელს მიიღებს გადაწყვეტილებას ახალ კოსმოსურ ხომალდთან დაკავშირებით. მანამდე ნასას მოუწევს, რუსეთს უხადოს, სავარაუდოდ, 63 მილიონამდე დოლარი, კოსმოსში ასტრონავტების „სოიუზის“ რაკეტით გასაგზავნად.

და მანამდე თავის ახალ, მიწიერ როლს მოერგებიან „დისკავერი“, „ენდევერი“ და „ატლანტისი“. მრავალჯერადი გამოყენების ეს სამი კოსმოსური ხომალდი ლოს ანჯელესის, ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის მუზეუმებში გამოიფინება.
XS
SM
MD
LG