Accessibility links

logo-print

იეჟი ბუზეკი: ევროკავშირის კარი ღია რჩება


ევროპის პარლამენტის თავმჯდომარე, იეჟი ბუზეკი

ევროპის პარლამენტის თავმჯდომარე, იეჟი ბუზეკი

ევროკავშირის კარი ღია რჩება „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებისათვის. ამ შინაარსის განცხადება ევროპის პარლამენტის თავმჯდომარემ, იეჟი ბუზეკმა გააკეთა ბრიუსელში ჩვენს კორესპონდენტ რიკარდ იოზვიაკთან საუბარში, რომელიც შეეხო „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პერსპექტივას.

ორი წლის წინ, 2009 წლის მაისში დასაბამი მიეცა ევროკავშირის პროგრამას „აღმოსავლეთის პარტნიორობა“, რომელიც ემსახურება პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გააქტიურებას ექვს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან - საქართველოსთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, უკრაინასთან, ბელორუსიასთან და მოლდავეთთან. ჩვენ ამ პროგრამაზე ბევრჯერ გვქონია საუბარი, ბუნებრივია, უწინარეს ყოვლისა, საქართველოს გამო, რომელსაც „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ამოქმედების შემდეგ ხელმოწერილი აქვს უკვე რამდენიმე შეთანხმება. მათ შორის არის შეთანხმებები ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივების, რეადმისიის, სამოქალაქო ავიაციისა და გეოგრაფიული ინდიკატორების შესახებ. როგორც ცნობილია, მიმდინარეობს მოლაპარაკება ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებაზეც.

ზოგჯერ გამოთქვამენ ხოლმე მოსაზრებას, რომ პროგრამა ემსახურება ბრიუსელთან დაახლოებას და არა იმის ხელშეწყობას, რომ საქართველო, ან „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ დანარჩენი წევრები, საბოლოოდ მართლაც მიიღონ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრებად. მაგრამ ევროპის პარლამენტის თავმჯდომარე, იეჟი ბუზეკი უარყოფს სკეპტიკოსთა ვარაუდს: ის ირწმუნება, რომ ევროკავშირის კარი ღია რჩება მიუხედავად იმისა, რომ ექვსი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან არც ერთს არა აქვს ამ კარში ახლო მომავალში შესვლის შანსი.

მეორე მხრივ, ვითარება შესაძლოა, უცებ შეიცვალოსო, დასძენს ბუზეკი და დასავლეთ ბალკანეთის მაგალითს იხსენებს: „ათი წლის წინ არავინ ფიქრობდა ევროკავშირში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მომავალ წევრობაზე, ამაზე არც კი ოცნებობდნენ. ახლა კი 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულის დასაწყისია და ხორვატია თითქმის გაწევრიანებულია ევროკავშირში. სერბია, ჩერნოგორია და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია კი რიგში დგანან და ძალიან კარგად არიან მომზადებული“.

იმ გარემოებაზე, რომ ვითარება შესაძლოა, უცებ შეიცვალოს, იეჟი ბუზეკი მიუთითებს სხვა კონტექსტშიც, კერძოდ ბელორუსიაზე საუბრისას. ბუზეკი აღიარებს ევროკავშირის მიერ მინსკის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების (ხელისუფლების 200-მდე წევრისთვის ევროკავშირის ვიზებზე უარის თქმისა და საბანკო ანგარიშების გაყინვის) უშედეგობას. როგორც ცნობილია, პრეზიდენტ ლუკაშენკოს რეჟიმი კვლავაც აგრძელებს რეპრესიებს ოპოზიციის წინააღმდეგ. მაგრამ ბუზეკს ეჭვი არ ეპარება, რომ ბელორუსიაში ძალიან მალე უნდა მოველოდეთ „დიდ და ღრმა ცვლილებებს“ და რომ მმართველ რეჟიმს ისევე მოუწევს ძალაუფლების დათმობა, როგორც ეს წელს გაზაფხულზე მოხდა ტუნისისა და ეგვიპტის შემთხვევებში.

„მე ვერ ვხედავ ჩვენი მიზანმიმართული სანქციების რაიმე შედეგს. ვერ ვხედავ ვერანაირ ცვლილებას ბელორუსიის რეჟიმის მოქმედებაში. მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია, რადგან წინასწარ არასოდეს იცი, როდის დაიწყებს რეჟიმი გაქრობასა და დაშლას. შესაძლოა, ეს ორ-სამ კვირაშიც კი მოხდეს. ერთი წლის წინ, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩრდილოეთ აფრიკაში მოხდებოდა ის, რისი მოწმეც ჩვენ გავხდით. ამას არავინ მოელოდა. და უცებ ეს ყველაფერი მოხდა. ზუსტად იგივეა ბელორუსიის შემთხვევაშიც“, ამბობს ბუზეკი.

ბელორუსიასთან ევროკავშირის დაძაბული ურთიერთობა, რომელზეც ევროპის პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს, მიჩნეულია „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ერთ-ერთ დამაბრკოლებელ ფაქტორად. რაც შეეხება „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ დანარჩენ წევრებს, ამ პროგრამის ამოქმედებისთანავე ითქვა, რომ ევროკავშირთან ახლებურ ურთიერთობებში სარგებელს დამსახურებების მიხედვით მიიღებენ.

იეჟი ბუზეკის თქმით, კონრკეტულ თარიღებზე საუბარი ძნელია, მაგრამ კარი ღია რჩება. „წინ ჯერ კიდევ 10 წელიწადზე მეტი დრო გვაქვს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანებაზე ფიქრისთვის. ხოლო ამის შემდეგ, რასაკვირველია, ევროპის აღმოსავლეთ ნაწილზე ფიქრის ჯერი დადგება. მაგრამ ეს იქნება 2025 ან 2030 წელი. არ უნდა ვიფიქროთ ასეთ გრძელვადიან პერსპექტივაზე. მაგრამ არა მგონია, ევროკავშირის კარი, თუ ჭიშკარი დაკეტილი იყოს.“

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG