Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეკ როსი: “ინტერნეტის თავისუფლება რეჟიმის შეცვლას არ ემსახურება“


ალეკ როსი
ალეკ როსი
ინტერნეტის თავისუფლებაა თემა, რომელზეც რადიო თავისუფლების ვაშინგტონის ბიუროს კორესპონდენტი, გოლნაზ ესფანდიარი, ესაუბრა ალეკ როსს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის, მთავარ მრჩეველს განახლების სფეროში. როსის მოვალეობაა ახალ გზებს მიაგნოს და განაახლოს ტექნოლოგია, რათა აშშ დიპლომატიურად მისწვდეს სხვადასხვა სფეროს, ეთნიკური კონფლიქტებით დაწყებული და ადამიანის უფლებებითა და სიტყვის თავისუფლებით დამთავრებული.

რეპრესიულს უწოდებენ ხოლმე იმგვარ სახელმწიფოებს, სადაც მთავრობა ინტერნეტს ზღუდავს. გოლნაზ ესფანდიარიმ თავიდანვე პირდაპირ დაუსვა შეკითხვა ალეკ როსს: აშშ ცდილობს ინტერნეტის თავისუფლება მთელ მსოფლიოში გავრცელდეს. ეხება ეს აშშ-ის მოკავშირეებს - საუდის არაბეთს, რომელსაც ინტერნეტის მტრად აფასებენ უფლებადამცავები, ან ბაჰრეინს, სადაც ცნობილი ბლოგერი 15 წლით დააპატიმრეს? როსის პასუხი ასეთი იყო:

„მსოფლიოში 195 სახელმწიფოა. სახელმწიფო დეპარტამენტის ყურადღება მიმართულია 194-ისკენ. ინტერნეტის თავისუფლების პროგრამა ეხება 194 სახელმწიფოს. როცა ჩვენ შევიმუშავებთ საშუალებებს, პოლიტიკას, მათ ერთი, სამი თუ 30 ქვეყნისკენ კი არ მივმართავთ, არამედ გლობალურად. ასე რომ, გვაქვს ინტერნეტის თავისუფლების პოლიტიკა და მას ყველგან ვიყენებთ.“
როსის ამ პასუხის შემდეგ ესფანდიარი ჩაეძია რესპონდენტს: ანუ იყენებთ საუდის არაბეთისა და ბაჰრეინის მიმართაც?
„ჩვენი დიპლომატია თავისთავად გულისხმობს მოქმედებას მაშინ, როცა ესა თუ ის ქვეყანა თავის მოქალაქეებს ინტერნეტის გამოყენებას უკრძალავს. აშშ მოქმედებს საჯაროდ, მოქმედებს პირადი ურთიერთობების დონეზე. ახლახან, სახელმწიფო დეპარტამენტში გამოსვლისას, პრეზიდენტმა ბაჰრეინის შესახებ ილაპარაკა. კერძოდ, მან თქვა, რომ ერთობ მნიშვნელოვანია ბაჰრეინის მთავრობამ პატივი სცეს თავისი მოქალაქეების უნივერსალურ უფლებებს. ასე რომ, დიახ, როცა რომელიმე ქვეყანა განსაკუთრებით არღვევს იმ ნორმას, რასაც ჩვენ უნივერსალურ უფლებად მივიჩნევთ, აშშ თავის პოზიციას გამოთქვამს“, ამბობს ალეკ როსი, რომელსაც ირანის შესახებაც ჰკითხა ჩვენმა კორესპონდენტმა: არის თუ არა ინტერნეტი სფერო, სადაც აშშ ირანთან უიარაღო ომს აწარმოებსო. - ლაპარაკი ეხება ირანის დამოკიდებულებას, იმას, რომ თვითონ თეირანი გძნობს თავს უფლებათა შემზღუდავად. - როგორც ვთქვი, ვაშინგტონს ყველგან ერთი პოლიტიკა აქვს, ყველა ქვეყანას ეხება ჩვენი კურსიო, ამბობს როსი, და ირანიც თვლის, რომ მას ვგულისხმობთ, როცა ამ მიმართულებით ვმოქმედებთო. ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა მიზანი აშშ-ის მცდელობისა გაატაროს ინტერნეტის თავისუფლება რეპრესიულ რეჟიმებში, რეჟიმების შეცვლა, როსი უარყოფითად უპასუხებს:

„სრულიადაც არა. ინტერნეტის თავისუფლება იმისთვისაა საჭირო, რომ მოქალაქეებმა თავიანთი უნივერსალური უფლებები განახორციელონ: სიტყვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, პრესის თავისუფლება. ინტერნეტის თავისუფლება რეჟიმის შეცვლას არ ითვალისწინებს.“

რა, თავისი როლი რეჟიმის შეცვლისას ინტერნეტმა ტუნისსა და ეგვიპტეში არ ითამაშა? - ეკითხება რადიო თავისუფლება ალეკ როსს, რომელიც ამ ქვეყნებში საინტერნეტო სოციალური ქსელების მნიშვნელობაზე ლაპარაკობს და ამბობს, ოთხი მიზანი იქნა მიღწეულიო. პირველი, მისი აზრით, ისაა, რომ დაჩქარდა საპროტესტო მოძრაობის ტემპი - რასაც სხვა დროს შეიძლება წლები დასჭირვებოდა, ახლა კვირებსა და თვეებში მოხდა. მეორე, როსის თქმით, საინფორმაციო გარემოს გამდიდრება-გაფართოებაა. მესამე კი მოძრაობის შიგნით სუსტი კავშირების გაძლიერება იყო, აცხადებს როსი და მოჰყავს მაჰმადიანური საძმოს 57 წლის წევრისა და დასავლეთში განათლებამიღებული, დიგიტალური ტექნოლოგიის 27 წლის მოყვარულის სოციალური ქსლის მეშვეობით დაკავშირების მაგალითი, ფაქტი, რომ ისინი ერთმანეთს ქაიროში, თაჰრირის მოედანზე შეხვდნენ. და მეოთხე ისაა, რომ ინტერნეტმა გაანაწილა როლები:

„თუ გავიხსენებთ წარსული რევოლუციების გმირებს, ლეხ ვალენსას პოლონეთში, ვაცლავ ჰაველს ჩეხეთში, ნელსონ მანდელას სამხრეთ აფრიკაში, ჩანს, რომ დღევანდელ რევოლუციებს, რომელთა მოწმენიც ახლო აღმოსავლეთში ვხდებით, ასეთი ფიგურები არ ჰყავს. ეს იმიტომ, რომ როლები ინტერნეტმა გაანაწილა. ფაქტია, რომ ახლო აღმოსავლეთში ამბოხების დროს, რასაც არსებითი შედეგები მოჰყვა, ინტერნეტმა და სოციალურმა ტექნოლოგიებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. ამ დროს ამბოხების ცენტრში არსებულ მოვლენებს არაფერი აქვთ საერთო ტექნოლოგიებთან. ისინი უკავშირდება კორუფციას, შესაძლებლობების ნაკლებობას ეკონომიკაში, დემოკრატიულ მართვაში მონაწილეობის საშუალების ნაკლებობას. ტექნოლოგია მხოლოდ ინსტრუმენტია.“
XS
SM
MD
LG