Accessibility links

logo-print
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცველებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. როგორც თვითაღიარებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, 35 წლის შოთა მახარაშვილს და 26 წლის ოთარ ჯავახს ბრალად ედებათ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა . ისინი ოსურ სოფელ დმენისთან დააკავეს, რომელიც ქართულ სოფელ მერეთს ესაზღვრება. მახარაშვილი და ჯავახი მერეთელები არიან. დმენისის მილიციის განყოფილების უფროსის ავედიკ კაჩმაზოვის ინფორმაციით, დაკავებულები ოსურ სოფელში ნათესავის მოსანახულებლად იყვნენ ჩასულები. დაკავებისას მათ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, ჩხრეკისას კი მხოლოდ მობილური ტელეფონები აღმოაჩნდათ. კაჩმაზოვის ინფორმაციით, უცხო ადამიანების დანახვისას ადგილობრივ მილიციაში განგაში გამოცხადდა.

სოფელ მერეთის რწმუნებული ვასილ თევდორაშვილი თანასოფლელების დაკავების ფაქტს ადასტურებს. მისი თქმით, არავინ იცის, რისთვის გადავიდნენ დმენისში მახარაშვილი და ჯავახი. სოფლის რწმუნებულს არა აქვს ინფორმაცია, თუ როდის გაათავისუფლებს ოსური მხარე დაკავებულებს.

ოსური მედიის ცნობით, დმენისელმა მილიციელებმა დაკავებულები უკვე დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტს გადასცეს, სადაც უნდა დადგინდეს, თუ რა მიზნით გადავიდნენ მახარაშვილი და ჯავახი ოსების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე მხარეებს შორის მიღწეულია შეთანხმება, რომ ეგრეთ წოდებული საზღვრის უნებლიეთ დამრღვევები დაუყოვნებლივ უნდა იქნენ გათავისუფლებულები. ბოლო თვეების პრაქტიკიდან გამომდინარე, მხარეებს შორის ცხელი ხაზის მეშვეობით ჯერ დაკავებულების შესახებ ინფორმაცია იცვლება, შემდეგ დაკავებულთა დოკუმენტაცია იკრიბება და, ბოლოს, სასამართლო სხდომაზე მათი გათავისუფლება ხდება ხოლმე. ამ პირობას ოსური მხარე ნაწილობრივ ასრულებს. რიგ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული საზღვრის დამრღვევებს ოსი სამართალდამცავები სწრაფად ათავისუფლებენ ხოლმე, მაგრამ ცხინვალის ციხეში რჩებიან ადამიანები, რომლებიც გათავისუფლებას თვეობით ელოდებიან.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG